|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ ორმოებს იუბილეს უხდიან?"- გოგი წულაია

ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე წყალქცევას პარტია "თავისუფალი საქართველო" აპროტესტებს.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში წყალი დაზიანებული მილიდან იღვრება, დაზიანებულია ასევე გზის საფარი. 

"რამდენ ხანს შეიძლება იყოს ეს, იუბილე უნდა გადაუხადონ ამ ორმოებს,  თუ ათი წლისთავი, რატომ არავინ  აწესრიგებს ქალაქის ცენტრში არსებულ პრობლემას? ამ ხელისუფლებას რომ კითხო, ტურიზმის განვითარებას ცდილობს, არადა ამ ქუჩაზე დღეში 500 ტურისტი მაინც მოდის (ებრაელების სალოცავის მოსანახულებლად).  თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ისრაელს შევეცოდებით, მოვლენ და გაგვიკეთებენ, ძალიან შემცდარან, ერთდაერთი რაც იქნება,  ეს ტურისტები თავიანთ ქვეყნაში იტყვიან, რა საცოდავი ქვეყანა ვართ და როგორ მდგომარეობაში ვცხოვრობთ", - განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე თქმით, საინტერესოა, ტონობით დაღვრილი წყალის საფასურს ვინ იხდის. ის ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მერია კომპანიების მუშაობას მონიტორინგს არ უწევს. ბრალდებას არ ეთანხმებიან ქუთაისის მერიაში და აცხადებენ, რომ სამუშაოებს წყალმომარაგების ქვეკონტრაქტორი თურქული კომპანია ასრულებს, რომელსაც ზედამხედველობას ესპანური კომპანია "ეფ ტი სა" უწევს, ამიტომ აღნიშნულ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას მერია ვერ მოახდენს.

წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აღჭურვების მართვის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ თათარაიძის განცხადებით, ნიუპორტის ქუჩაზე არსებული დაზიანების შესახებ კომპანიაში ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ შევიდა, მოხდა ადგილის შესწავლა, ტექნიკური სამუშაოები კი დღეს შესრულდება და ადგილზე წყალქცევა რამდენიმე საათში შეწყდება. მისივე განცხადებით, დაღვრილი წყლის საფასური კომპანიას ერიცხება და მოსახლეობას არ დაეკისრება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი