|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქვს თუ არა ქუთაისის ბიუჯეტს შესრულების პრობლემა?

ქუთაისის ბიუჯეტს, როგორც  შემოსავლების, ასევე ხარჯვით  ნაწილში  პრობლემა არ აქვს“, -განაცხადა მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა "ნიუპრესთან" საუბარში.  

ირაკლი ავალიანის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულება 60%-ზეა.

 სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ ხარვეზებია პრივატიზების მხრივ. 6 თვის მონაცემებით, ქუთაისში მხოლოდ 784 600 ლარის ქონება გაიყიდა, რაც საერთო თანხის მხოლოდ 23%-ია.

„მართალია პრივატიზების მხრივ იყო ჩავარდნა და ბოლო მონაცემებით 24%-ი გვიჩვენა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ამ თვეში გაიყიდა ძვირადღირებული შენობები და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი მოიმატებს“, -განაცხადა  ავალიანმა.

ქუთაისში პრივატიზების პრობლემაზე საუბრობს საკრებულოს „ნაციონალი“დეპუტატიც. ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, გაყიდული ქონებების დიდი წილი შენობა-ნაგებობებზე მოდის და მიწის გასხვისების პრობლემაა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს მერია პრივატიზებიდან 3 500 00 ლარს ელოდება, რაც 700 000 ლარით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს, ბრეგაძე გვპასუხობს, რომ თვითთმართველობას საკრებულოსათვის 6 თვის ანგარიში არ წარუდგენია.

„აქვს თუ არა შესრულების მხრივ რაიმე პრობლემა ბიუჯეტს, ვერ გეტყვით, რადგან მერიას შესრულების ანგარიში არ მოუწოდებია, ამიტომ დეტალებისგან თავს შევიკავებ, თუმცა როგორც გითხარით, არის პრობლემები პრივატიზებაში, შეკითხვები რჩება „პარკინგსერვისთან“ დაკავშირებით, რაზეც საუბარი ამ მონაცემების გაცნობის მერე შეგვეძლება. რაზეც შემიძლია ვისაუბროთ,  არის შესრულებული სამუშაოების ხარისხი, რაც მოთხოვნებს ნამდვილად არ შეესაბამება. ჩვენ ვატარებთ ამაზე მონიტორინგს და ანგარიშსაც წარვადგენთ“,-განაცხადა ბრეგაძემ.

ბრეგაძეს არ ეთანხმება ირაკლი ავალიანი, რომლის მტკიცებითაც საკრებულოს როგორც 3 თვის, ასევე 6 თვის  ანგარიშიც მიეწოდა.

„ჩვენ კვარტალურ ანგარიშს ყოველთვის ვაწვდით საკრებულოს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია. არც ჩვენთან არის დამალული, მაგრამ ბრეგაძის მხრიდან დაინტერესება არ ყოფილა, თორემ მას შეეძლო საკრებულოს აპარატში ანგარიში მოეპოვებინა“,-განაცხადა ავალიანმა.

 შემოსულობების ნაწილში 6 თვის ბიუჯეტმა 37 933 300 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს ქალაქის მთავარიო ფინანსური დოკუმენტი 73 555 600 ლარით განისაზღვრა. ამ დრომდე მასში 5 ცვლილება შევიდა. საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე ბიუჯეტში არჩევნებამდე ცვლილების შეტანა აკრძალულია. ავალიანი არ გამორციხავს, რომ  წლის ბოლოსთვის ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება მოხდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი