|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეს არის ამბავი, რომელიც საქართველოს გადახდა“

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სეზონი იხსნება. თეატრი მაყურებელს ნიკოლოზ გოგოლის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს - "რევიზორი“ შესთავაზებს.

სპექტაკლი გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით დაიდგა და მასში სხვადასხვა თაობის 26 მსახიობი მონაწილეობს. რეჟისორის განცხადებით, მან სიახლე შეიტანა სპექტაკლში და ის კომედიის ნაცვლად იგავის სახით იქნება წარმოდგენილი.

„დავდგით პიესა "რევიზორის" მიხედვით, რომელიც გოგოლმა დაწერა და მოქმედება რუსეთის ერთ პატარა ქალაქში ხდება. ქალაქის მცხოვრებლები იგებენ, რომ რევიზორი ჩამოდის და იწყება აჟიოტაჟი.  თუმცა, ეს არის ამბავი, რომელიც საქართველოს გადახდა სხვადასხვა დროს და რომელიც აქტუალურია დღესაც. მე გავადწყვიტე გოგოლის პიესა შემაცვალა და კომედია იგავად გადამეკეთებინა, ისე რომ არ დავშორებოდი ძირითად იდეას. იმ ადამიანების ადგილი, რომლებზეც აწყობილია პიესა არაა დღევანდელ  რეალობაში, ამიტომაც არ შევხედე ამას, როგორ კომედიას. ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, გავეცანი უამრავ სპექტაკლს, რაც „რევიზორის“ მიხედვით დადგმულა, ეს ჩემი პრინციპია, რომ ვიცნობდე სხვა პიესებს და შევქმნა ჩემეული, ახალი ვერსია“,-განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.

მუსიკალური გაფორმებაც გიორგი სიხარულიძის იდეა იყო. მისი გადაწყვეტილებით, მთელი სპექტაკლის განმავლობაში გაჟღერდება სხვადასხვა ენაზე შექმნილი საგალობლები.

თეატრის დირექტორის, სულხან გოგოლაშვილის განცხადებით, მუშაობის სტილი, რომელზეც თეატრი გასული წლიდან გადავიდა, მომავალშიც გაგრძელდება. დღესვე დირექტორმა გააჟღერა, რომ თეატრს ახალი მთავარი ადმინისტრატორი ჰყავს. აღნიშნულ პოსტს ზეკო ხაჩიძე დაიკავებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი