|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავთანდილ ხურციძე: "უდანაშაულობას დავამტკიცებ, არაფერში ვყოფილვარ გარეული"

38 დღეა გასული დაპატიმრებიდან, მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?! - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულმა, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც სპორტსმენმა აღნიშნა, მოსამართლემ პროცესზე გამოაცხადა, რომ მას აშშ-ში ფაქტობრივად არავინ ჰყავდა და იყო საშიშროება, მისი კავშირების მქონე კაცს ადვილად მოეხერხებინა ქვეყნიდან წასვლა.

”ამიტომ, 6- კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ. 38 დღეა გასული, მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?! ” - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ. 

მან უარყო, რომ მის საქმეში რაიმე სახის ვიდეოჩანაწერი არსებობს. 

”არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს! ჩემი პატიმრობა იმიტომ გახანგრძლივდა, რომ ჩემი საბანკო ბარათიც დაპატიმრებულია და ადვოკატისთვის თანხის გადახდა ვერ მოვახერხე. რომ გადავიხდი, ადვოკატი მპირდება, რომ 1-ელ აგვისტომდე გამათავისუფლებს”,- განაცხადა ხურციძემ. 

რაც შეეხება მისი მშობლების საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნას, ხურციძემ განაცხადა, რომ ”დედა რომ შუამდგომლობას ითხოვს, რა გასაკვირია”.

”მე ხელისუფლებისგან არც დახმარებას ვითხოვ და არც შუამდგომლობას. თუ დამნაშავე ვარ, პასუხსაც ვაგებ დანაშაულის გამო. როცა მართლა მჭირდებოდა დახმარება, არც ერთი ხელისუფლება არ დამდგომია გვერდით და ახლა რაღა დახმარება მინდა პატიმარს?

უდანაშაულობას დავამტკიცებ. არსებობს ხალხი, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მხოლოდ კრივით ვცხოვრობ, რომ ყოველდღიურად 6 საათი ვვარჯიშობ, რომ ჩემი პური მხოლოდ კრივია. დავადასტურებ იმ გზავნილებით, სადაც ჩანს, რამდენი თანხა გამოუგზავნია საქართველოდან ოჯახს ჩემთვის. არაფერში ვყოფილვარ გარეული”, - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ. 

სპორტსმენმა მისი დაკავებაც გაიხსენა.

”თვითმფრინავიდან გამოვედი თუ არა JFK-ის აეროპორტში, პასპორტების შემოწმების შესახებ გამოაცხადეს. თურმე, ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა. როცა ამერიკული მოწმობა ვაჩვენე, დაპატიმრებული ხარო! ხელები უცახცახებდათ. რა გასაკვირია?! მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური ვიყავი. ალბათ ეგონათ, დავტრიალდებოდი და ჰაერში სალტოების კეთებას დავიწყებდი. როცა ვუთხარი გიჟი არ ვარ და არც ზედმეტი პრობლემები მჭირდება-მეთქი, გაუხარდათ - არც ჩვენო. ისე, მაგარი მომზადებულები კი იყვნენ. 

ერთადერთი, ტანკი არ დაუხვედრებიათ, თორემ სხვა ყველაფერი იყო აეროპორტში. ამაზე ის გამახსენდა, საქართველოში დახვედრით გულნატკენი რომ ვიყავი და გავიფიქრე, ა, ბატონო, დახვედრა ამერიკელებს სცოდნიათ-მეთქი! ამის გაფიქრებაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, ყველა პირდაღებული მიყურებდა. საპატიმროს ნაცვლად კინაღამ ფსიქიატრიულში წამიყვანეს.

მკითხეს, იცი რისთვის დაგაპატიმრესო?! საიდან უნდა ვიცოდე-მეთქი?! ბევრ რამეში გედება ბრალი და მოსამართლისგან შეიტყობო. გული იმაზე მწყდება, რომ აეროპორტიდან ჩემიანებს ვერ დავუკავშირდი”, - განაცხადა ხურციძემ. 

რაც შეეხება მისი გირაოთი გათავისუფლებაზე უარს, ხურციძემ განაცხადა, რომ გირაოს წინააღმდეგი არც მოსამართლე იყო, მაგრამ მთავრობა არ დაეთანხმა.

”თავდებად ვინც დამიდგებოდა მათი ხელმოწერაც იყო საჭირო, ასეთები კი არ მყავდა. განმეორებით სასამართლომდე საპატიმროში ლევან მაყაშვილს შევხვდი - ჩემი ნათლიმამაა და ერთმანეთის დანახვაზე ისეთი ხარხარი აგვიტყდა, მთელი კამერა ჩვენ გვიყურებდა. მოგეხსენებათ, ლევანიც წარმატებული სპორტსმენია, ბოლო გამარჯვებების შემდეგ არ შევხვედრივართ და ისე გამოვიდა, რომ ციხეში მივულოცეთ ერთმანეთს ჩემპიონობა. ლევანმა შემომთავაზა, ზედამხედველს დაველაპარაკოთ, რომ ერთმანეთთან სპარინგის უფლება მოგვცესო. სპარინგი კი არა, დროზე წადი სახლში-მეთქი და გაათავისუფლეს კიდეც”,- განაცხადა ავთანდილ ხურციძემ. 

 

"კვირის პალიტრა"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა