|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი ეკლესია ფილადელფიაში - ქართველი ემიგრანტების თავშეყრის ადგილი

   კიდევ ერთი ახალი სულის საზრდო გაუჩნდათ გზააბნეულ ქართველ ემიგრანტებს ფილადელფიაში ახალი ეკლესიის გახსნით. უკვე მათი ერთობა არავის უკვრის, რადგან ფილადელფიის მრევლი ყველგან ცნობილია, როგორც ტრადიციის შემნარჩუნებლები.

ყველაზე მეტად, რაც თვალში მომხვდა, მწვანე მოლისკენ მათი დაჟინებული მზერა იყო. ალბათ, მამაპაპისეულ კერას აგონებდათ ეს მოლი, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით შენობაზე, რადგან ის ამერიკული დიზაინით აშენებული სახლია, რომელიც შეძლებისდაგვარად ეკლესიად გადააკეთეს. ყველაზე მეტად, რაც ახლა აერთიანებს მიგრაციაში მყოფ ქართველებს, ესაა ეკლესიის ეზო, სადაც დიდმა თუ პატარამ დაუღალავი შრომა ჩადო. ეს ის ადგილია, რომლითაც მშობლები თავიანთ შვილებს არ დაჯერების შემთხვევაში ემუქრებიან, რომ ახალი ეკლესიის ეზოში აღარ წაგიყვანთო. ერთ-ერთმა მშობელმა ცეკვის გაკვეთილზე თქვა, რომ მისი პატარა ალექსი სახლში მისვლისას ისეთი დაღლილი მივიდა, ოფლის სუნიც კი ასდიოდა. დედა სიხარულისგან ტიროდა, რადგან ალექსის პატარა ხელებმა შრომა შეძლეს, და თან იმ მშენებარე ეკლესიის ეზოში, სადაც სულის საკვები უნდა ეპოვნა მას.

მეუფე საბა ჩვენი ცოდვების სიმძიმის გარდა ბუნების სიმძიმესაც ატარებს მხრებით. უამრავჯერ მინახავს, თავად როგორ ეზიდებოდა დიდ მორებს და ასუფთავებდა ეზოს.  მეუფე მაგალითია ყველასთვის - დიდისა თუ პატარასთვის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მართლმადიდებლური წესით. როგორც თავად ამბობს: "შეუძლებელია გადარჩენა ერთმანეთის გარეშე, ჩემო კარგებო! ყველა იმ ადამიანის გარეშე, ვინც კი გავიცანით ჩვენს სამყაროში. შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს იმისთვის, რომ ვჭირდებით ერთმანეთს, რომ ვიტვირთოთ ერთმანეთის ტვირთი, ვილოცოთ ერთმანეთისთვის, რომ გადავრჩეთ!"

დღეს, როცა საქართველოში პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს დაერივნენ, დღეს, როდესაც საქართველოში ისევ იბრძვიან თანამდებობებისთვის და ხელისუფლებისთვის, ასეთ დროს ფილადელფიაში ქართველი ემიგრანტები სიყვარულსა და ერთობას სწავლობენ, სამშობლოს მთელი სიყვარულით უმღერიან და ეფერებიან. თუ აქ მცხოვრები ბავშვი დედას რამეს ინგლისურად ეკითხება, მშობელი მას ქართულად პასუხობს. სწორედ აქ - ფილადელფიაში - ინარჩუნებენ ქართულ ენასა და ტრადიციებს;   ქართველი ბავშვები ქმნიან ერთ დიდ ქართულ ოჯახს და გეგმავენ აქ მიღებული განათლებით თუ როგორ უშველონ საქართველოს, რომელიც დღეს რთულ მდგომარეობაშია და დღითიდღე იცლება მოსახლეობისაგან. ვინც იქ დარჩნენ, სწორედაც, რომ ისინი არიან გმირები. მათაც დიდი მისია აკისრიათ: წინაპრების სისხლით მოპოვებული მიწა-წყალი შეუნარჩუნონ და დაახვედრონ უცხო მიწაზე გაფანტულ თაობებს, ვიდრე შინ დაბრუნდებიან.

საზეიმო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიის ეზოში ტრაპეზი გაიმართა. დავდიოდი სუფრიდან-სუფრაზე, მაინტერესებდა რას საუბრობდნენ ემიგრანტები ერთმანეთში. იყო აზრები იმის შესახებ, რომ თან უხაროდათ ახალი ეკლესიის გახსნა, თან - არა, რადგან თუ ქართველმა ემიგრანტმა უკვე ნახა სულის საზრდო, ის აღარ დაბრუნდებაო. არ დაგიმალავთ და მეც ვიფიქრე ამის შესახებ. ისიც თქვეს, ილია მეორემ მეუფე ჩვენთან იმიტომ გამოგზავნა, რომ გვიპატრონოს და საქართველოში დაგვაბრუნოსო. ამაზეც ჩავფიქრდი და ნათელი აზრი გაჩნდა ჩემს გონებაში; მივხვდი, მეუფე იმიტომ აერთიანებს ასე უცხო მიწაზე მცხოვრებ ქართველებს, აზიარებს, აყვარებს მომავალ თაობას ქართულ ტრადიციებს, რომ მათ ვეღარ გაძლონ საქართველოს გარეშე და მეტად გაუღვივოს მათ ეროვნული სული. ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ თუ იფიქრებს ქართველი ემიგრანტი საქართველოში დაბრუნებაზე.

 

ვფიქრობ, ერთ დღესაც ეს ტაძარი მხოლოდ ღვთისთვის სალოცავი ადგილი კი არ იქნება, ერთგვარ მუზეუმადაც გადაიქცევა, როგორც აქ მცხოვრები ქართველების სათვისტომოს შესაკრებელი.

იქ ყოფნისას ერთმა ოპერატორმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ის მთელი მონდომებით იღებდა საინტერესო კადრებს. ერთ-ერთმა ხუმრობით თქვა, რომ მაგ ოპერატორს მემატიანეს ვეძახითო და რომ ვკითხე რატომ-მეთქი, მიპასუხა, არცერთ კადრს უშვებს გადაუღებელსო და ნეტავ რად უნდა, თუ ტელევიზიით არ გააშუქაო. ამ ფაქტმაც ჩამაფიქრა. რა ჭკვიანი და წინდახედული ყოფილა ჩვენი „მემატიანე“. გაივლის წლები და მე რომ მისი შერქმეული სახელი ბრჭყალებში მოვაქციე, იგი ბრჭყალების გარეშე გახდება ცნობილი თავის საინტერესო კადრებთან ერთად. მე თუ მკითხავ, ყველა ამ დროის მემატიანეებად უნდა ვიქცეთ. არ ვუყუროთ იმას, ვინ როგორ წერს და ვინ როგორ იღებს, მთავარია კადრებს მიღმა არ დარჩეს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც ქართული ემიგრაცია ჰქვია.

 აქ რა მოსატანია და ერთ-ერთ ტელევიზიას პროექტი შევთავაზე, ქართველი ემიგრანტების შესახებ ყოფილიყო გადაცემა და იცით რა მიპასუხა? ეს კომერციულად მომგებიანი არ იქნებაო. გამეცინა და გავიფიქრე, თავად ემიგრანტები ხომ ვართ კომერციულად მომგებიანი-მეთქი. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მოდით, ხშირად გავაკეთოთ კომერციულად არამომგებიანი სიუჟეტები აღნიშნულ თემაზე და დავწეროთ სტატიები, რადგან, რაც მთავარია, იგი ისტორიულად მომგებიანი და სასარგებლოა. ამიტომაც ვაფასებ ემიგრანტებისთვის ცნობილ ვებსაიტს - gogaggg.com-ს, რომლის მეპატრონეს მხოლოდ ინტერნეტით ვიცნობ და არ არსებობს სტატია, რომელიც მას არ გამოექვეყნებინოს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ემიგრანტების თემაზეა.

მოდით, ისევ ტაძრის თემას დავუბრუნდები, სადაც ბერი გაბრიელის ხატია გარე კედელზე. ხატს რომ შევხედე, სიხარულისგან მინდოდა მეტირა, რადგან ტაძრის კარები ღია რომც არ იყოს, ხშირად ავალ აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში და როგორც ხშირად მიყვარს, განვმარტოვდები, ბერი გაბრიელის ხატს ჩემებურად ვეჩურჩულები და შევთხოვ ქართველების ერთიანობასა და სამშობლოში დაბრუნებას. მერე მეც სხვებივით მწვანე მოლს მივაპყრობ მზერას, სანამ მზის სხივები ბოლომდე არ ჩატყდებიან. ხან ნაწვიმარი მდელოსგან ჩემი მუზების გაღებულ კარებს შევაღებ და ფურცლებს გავანდობ მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. ზოგჯერ შორი-შორ გაფანტულა მარგალიტივებივით მბრწყინავი ნამი, რომელიც, საკმარისია, ერთი ქარი ამოვარდეს და მთლიან მძივად აესხმება.

 

 

 

 

ავტორი: ლელა ვაშაკიძე, "ნიუპრესის" კორესპონდენტი აშშ-ში

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა