|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბესარიონ ღუდუშაური: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება

ბავშვობაში კალათბურთელობაზე ოცნებობდა. 18 წელი თამაშობდა პროფესიონალურ დონეზე, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც. შემდეგ სპორტისთვის თავის დანებება მოუხდა, თუმცა, სპორტული გამოცდილება ძალიან დაეხმარა. გუნდური თამაში, ჩვევა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ უდნა იფიქროს _ სწორედ ამ პერიოდში ჩამოუყალიბდა. ამბობს, რომ გუნდური აზროვნება, ჯარშიც უმნიშვნელოვანესია. უკვე 14 წელია შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამსახურზე არც 2008 წლის აგვისტოს ომში მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ უთქვამს უარი. ლეიტენანტი ბესარიონ ღუდუშაური ავღანეთში სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა.

_ როდის და რატომ გადაწყვიტეთ ქართულ არმიაში სამსახური?
_ შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან ვმსახურობ. ზუსტად იმ მოტივაციით, რომ ის, რაც დავკარგეთ ჩვენივე თაობამ უნდა დაიბრუნოს. როდესაც საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგა 17-18 წლის ვიყავი, მაშინ ომი ძალიან განვიცადე. ჩემი უფროსი ძმა ვიცე-პოლკოვნიკია. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაარსების დღიდან მსახურობს. ის, ჩემთვის ყოველთვის კარგი ჯარისკაცის მაგალითი იყო. სწორედ ასე მოვინდომე ყველაზე რთულ ქვედანაყოფში _ სპეციალური ოპერაციების ძალებში შესვლა. მაშინ სპეცდანიშნულების ბრიგადა ერქვა. გავიარე საპარაშუტო და „კომანდოს“ კურსები, ყველა სიძნელე გადავლახე და ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ მე ეს შემიძლია.
_ ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
_ დედაჩემისთვის, ჩემი ძმის მაგალითზე, ჯარი და ჯარისკაცის ცხოვრება უცხო არ იყო, როდესაც დავქორწინდი, მეუღლემ უკვე იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. წინასწარ გავაფრთხილე, რომ ჯარისკაცის ცოლი იქნებოდა. ფაქტობრივად დაქორწინება და ჯარში სამსახურის დაწყება ერთობლივად მოხდა. ერთდროულად ორი დიდი სიახლე და ღირებულებების გადაფასება...
თუ გინდა დაიცვა ოჯახი, უნდა დაიცვა საზღვრები, უნდა დაიცვა საქართველო. როდესაც ჩემს შვილებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რატომ უნდა იბრძოლონ მათ, როცა ეს ჩვენი გასაკეთებელია. მე ამისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთო.
_ დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას?
_ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ის დისციპლინა, ის ცოდნა, ის საქმე რასაც ვაკეთებ სიამოვნებას მანიჭებს. ახლა სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.
_ დღე, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა...
_ 2008 წლის 9 აგვისტო... 2008 წლის აგვისტოში იმავე ქვედანაყოფის შემადგენლობაში, სადაც ვმსახურობდი, საქართველო-რუსეთის ომში მივიღე მონაწილეობა. 7 აგვისტოს მივიღეთ ბრძანება, რომ დისლოკაციის ადგილი დაგვეკავებინა. სამანევრო ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაშიც ვიყავი, 9 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან გადაადგილდებოდა. სწორედ ამ დროს საარტილერიო დაბომბვაში მოვხვდით, ფეხში კასეტური ჭურვის კორპუსი მომხვდა. ფეხი დავკარგე. დაჭრილი, ჩემმა თანამებრძოლებმა გამომიყვანეს. შემდეგ იყო რამდენიმე ოპერაცია და რეაბილიტაციის ექვსთვიანი პროცესი. იყო სირთულეები, მაგრამ ეს, დროებითი იყო და ყველაფერი გადავლახე. როდესაც ომი დამთავრდა, იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი როგორ აეწყობოდა. არ მეგონა, რომ ასეთი ტრავმის შემდეგ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს გავაგრძელებდი, თუმცა მაშინ ჩემმა მეთაურმა დამარწმუნა.
_ დღეს რას საქმიანობთ?
_ რეაბილიტაციის შემდეგ სამხედრო სამსახური გავაგრძელე, მაგრამ სხვა მიმართულებით. რადგან სპეციალური დანიშნულების ძალებს სხვა ფიზიკური შესაძლებლობები სჭირდება. იმავე ქვედანაყოფში, შტაბში კადრების განყოფილებაში დავინიშნე და დღემდე საშტაბო საქმიანობას ვეწევი. ჩემი პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა ძალიან მეხმარება _ ვინაიდან ვიცი რა ხდება ველზე, ვიცი სამხედრო სპეციფიკა...
_ როგორ შეაფასებდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ?
_ თავდაცვის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად მონაწილეობს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის პროცესში. მათი მხარდაჭერა ძალიან დიდია, თუნდაც იმაში, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეგრძელებინა ჩემი საქმე. სამსახურს რომ უნარჩუნებ ადამიანს, დამიჯერეთ, ეს რეაბილიტაციის სახეა, რადგან ასეთ დროს პირველი დარდი სწორედ ეგ გაქვს _ როგორ შეინახავ ოჯახს, როგორ ჩაერთვები სოციალურ ცხოვრებაში.
სამინისტრო სამედიცინო მიმართულებითაც დამეხმარა, პროთეზირებასა და სხვა სარეაბილიტაციო საჭიროებებში. ამას გარდა, სწორედ სამინისტროს ეგიდით არაერთ სპორტულ აქტივობაში ვართ ჩართულები. ამ ეტაპზე მჯდომარე ფრენბურთის გუნდის კაპიტანი ვარ.
_ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას?
_ სირთულეების მიუხედავად, პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი არ შემიწყვეტია. ინგლისური ენის კურსები დავამთავრე. სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მინდოდა. ვიცოდი იქ, რამდენად ღირებული საქმე კეთდება. გასაგებია რომ ეს, გარკვეულწილად, რისკია, მაგრამ, ჯერ ერთი, ამით ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესებს ვუწყობთ ხელს, აგრეთვე ვღებულობთ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელსაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად გამოვიყენებთ. დიდი მონდომებითა და მოტივაციით გავხდი მეკავშირე ოფიცერი, რომელსაც ამერიკულ და ქართულ შტაბებს შორის კომუნიკაციის პროცესების უზრუნველყოფა ევალებოდა.
მისიაში წასვლით კვლავ დავუმტკიცე ჩემს თავს ჩემი შესაძლებლობები და მინდა, რომ სხვებმაც გაიგონ: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება, ამპუტირებული არ ნიშნავს განვითარების შეწყვეტას.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

ავტორი: