|
  • EUR 1 = GEL 3.0017
  • USD 1 = GEL 2.4402
|

BROKEN ლელა ლომთაძისაგან და ამერიკული ფილმის გადაღების პერსპექტივა ქუთაისში

ქუთაისელი არტისტის, მუსიკოსისა და მსახიობის ლელა ლომთაძის კლიპების პრეზენტაცია კინოთეატრს საქართველოში გაიმართა. 

ლელამ მუსიკა ამერიკული ფილმისათვის “Spies Incorporated: Night at the Lorenzo” შექმნა, რაზეც შემდეგ კლიპიც გადაიღო. ფილმი აგენტების თემაზეა,  რეჟისორი მის გაგრძელებას გეგმავს. როგორც ლელა ამბობს, მან ფილმის რეჟისორს ჯენე რობინსონს ახალი ფილმის საქართველოში გადაღება შესთავაზა. მეორე კლიპი broken ლელამ ორიგინალური სცენარით თავად გადაიღო. 

"მე შევთავაზე ჯენეს, ხომ არ გავაკეთოთ შპიონის თავგადასავალი საქართველოში, რაც ძალიან მოეწონა,  შესაძლოა, სამომავლოდ ისინი საქართველოშიც ჩამოვიდნენ. მე სპეციალურად გავაკეთე მეორე კლიპი- broken- ანუ მსხვრევა, სადაც დავაკავე ისეთი  მსახიობები, რომლებიც არიან სახე ჩვენი ქალაქის და ქვეყნის, ამიტომ მე არ მეშინია, თუ ჩამოვლენ, ჩვენ გვყავს ნიჭიერი მსახიობები"- განაცხადა ლელამ. 

 ლელა ლომთაძის კლიპების პრეზენტაცია ქუთაისის მერიისა და კინოთეატრი "საქართველოს" მხარდაჭერით შედგა. 

 "მევიოლინე გოგონა 90 წლების ქუთაისის მუსიკალური ანდერგრაუნდიდან", - ასე წარუდგინა ის მერიის კულტურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ  პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას.  მისი თქმით, მაშინდელი ნაცრისფერი რეალობიდან ლელა გამოირჩეოდა თავისი არაჩვეულებრივი მუსიკალურობით და ხალასი დამოკიდებულებით.

 "ყველა მისი წარმატება, ყველა მისი პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როგორც კი გავიგეთ,  რომ ლელამ შექმნა ორიგინალური მუსიკა ამერიკული ფილმისთვის, მაშინვე დავინტერესდით.  ალბათ, შეუძლებელიც არის მხარდაჭერა არ გამოგვეხატა,  მერიის კულტურის სამსახურის დანიშნულებაც ესაა, შემოქმედი, ნიჭიერი ადამიანების გამოვლენა და მხარდაჭერა", -განაცხადა თამთა თურმანიძემ.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე