|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკომ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ  შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. 

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 12 აგვისტოს მდგომარეობით, 3 510 514-ს შეადგენს, მათ შორისაა 1 887 130 (53.75%) ქალი და 1 623 384 (46.24%) კაცი.

ამომრჩეველს ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული და რუკაზე ნახოს მისი ადგილმდებარეობაც.

მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს მიერ შეთავაზებული მონაცემთა გადამოწმების სერვისით 10 ივნისიდან 8 სექტემბრამდე 945 761-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.
მიმდინარე წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი, 28 პარტიას კი უარი ეთქვა/გაუუქმდა რეგისტრაცია. ასევე რეგისტრირებულია 61 საინიციატივო ჯგუფი.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 8 ოქტომბრის არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3, 634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში 56 უბანი შეიქმნა. ავღანეთში კი - 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები.
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისთვის, ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია გაიარა 74-მა ადგილობრივმა და 32-მა საერთაშორისო (მათ შორისაა 20 საარჩევნო ადმინისტრაცია და 4 ქვეყნის საელჩო) ორგანიზაციამ. აკრედიტაცია 34-მა მედიასაშუალებამ გაიარა.

ცესკო-ს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს და შეთანხმდნენ, რომ თავისი საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

ცესკო-მ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ცხრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხუთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ნორმების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საქმიანობის ისტორიაში პირველად დაამტკიცა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.


ავტორი: ნიუპრესი