|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილს, ან "დიდგორობას" გამოვაცხადებთ"

"26 მაისი საქართველოს ისტორიაში გამორჩეული თარიღია, თუმცა დამოუკიდებლობის დღეს 9 აპრილს უნდა აღვნიშნავდეთ", - ამის შესახებ ქართველოლოგმა, პროფესორმა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელმა ტარიელ ფუტკარაძემ განაცხადა, რომელმაც  ქუთაისში "ქალთა კლუბის" მოწვევით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექსია გამართა.

"ნიუპრესი" გთავაზობთ  ტარიელ ფუტკარაძის  ინტერვიუს.

- 26 მაისი არის გამორჩეული თარიღი-ესაა საქართველოს რესპუბლიკის დაფუძნების დღე, რომელმაც 3 წელი იარსება. 26 მაისის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. მსოფლიო პრაქტიკიდან თუ ამოვალთ, დამოუკიდებლობის დღედ ცხადდება ან მოცემული სახელმწიფოს დაარსების დღე - და ჩვენ სახელმწიფო გვქონდა 24 საუკუნის წინათ, ქუჯისა და ფარნავაზის სახელმწიფო, უფრო ადრეც - აიეტის სახელმწიფო. არის მეორე პრაქტიკაც, რომ დამოუკიდებლობის დღედ ცხადდება რომელიმე მნიშვნელოვანი თარიღი -საფრანგეთში ეს იყო ბასტილიის აღების დღე.   მესამე საფუძველი  არის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე,  დამეთანხმებით, რომ  ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა 9 აპრილს.

-დიახ, თუმცა  ეს მოხდა 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე...

-მაგრამ სახეზეა 70 წლიანი ოკუპაცია.  ჩემთვის 26 მაისის გამორჩეული თარიღია და ესაა  პირველი რესპუბლიკის დაფუძნების დღე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების დღე და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს, ამ სამი წახნაგით ეს დღე მნიშვნელოვანია.

-რატომ მოხდა 9 აპრილის, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღის მნიშვნელობის მიჩქმალვა?

-საქმე იმაშია, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო რუსეთმა ქართველების მონაწილეობით, გადატრიალების შედეგად მოსული  შევარდანაძის ხელისუფლება კი ცდილობდა  ეროვნული მნიშვნელობის ყველა დოკუმენტისა და აქტის  იგნორირებას.  მე ვიყავი იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენ რუსეთის ჯარს ოკუპანტის სტატუსი მივანიჭეთ, შევარდნაძის მთავრობამ მოუხსნა ეს სტატუსი და "მეგობარი ქვეყნის ჯარის" სტატუსი მიანიჭა.

ჩვენ უნდა ვზეიმობდეთ 9 აპრილს დამოუკიდებლობის დღედ,  მაგრამ სამწუხაროდ, ეს დღე კვლავ როგორც გლოვის დღე, ისე აღინიშნება, როგორადაც ეს იყო რუსეთის,  გორბაჩოვის ხელისუფლების მოთხოვნა. ამ გადასახედიდან 9 აპრილის გლოვისა და ტრაგედიის დღედ გამოცხადება არასწორია.  მე ვიყავი 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე, (ისევე როგორც 1991 წლის 9 აპრილის) ჩვენ ვიყავით შემართული საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლაში, იქ შეიძლება ნებისმიერი დაღუპულიყო, ისევე, როგორც იღუპებიან მამულისათვის ბრძოლაში, შეიძლება მე მოვმკდარიყავი და სხვა გადარჩენილიყო, მაგრამ ჩვენ ვიყავით არა მსხვერპლი, არამედ თავგანწირული ადამიანები.

-9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადების არსიც ხომ ეს იყო...

- მიზანი იყო ის, რომ ამ თარიღში გამთლიანებულიყო  როგორც ბრძოლის და ამ ბრძოლაში გამარჯვების დღე. ეს ბრძოლა დაგვირგვინდა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე დამოუკიდებლობის გამოცხადებით.

 გავა ცოტა ხანი და თქვენ ნახავთ, რომ 26 მაისს თავისი პატივი და დიდება არ მოაკლდება, მაგრამ დამოუკიდებლობის დღედ ჩვენ, ქართველები, ან 9 აპრილს გამოვაცხადებთ,  ან "დიდგორობას",  ან მოვიძევთ ჩვენს ისტორიაში სახელმწიფოს დაფუძნების თარიღს.  დიდგორობა დიდი თარიღია, დიდგორის ომში გამარჯვებამ მთელი ევროპა გადაარჩინა თურქ-სელჩუკობას, ამას თვით თურქი ისტორიკოსები წერენ.

- დიდგორობის დღესასწაულად გამოცხადებაც კი  გაუჭირდა პარლამენტს, ცნობილი მიზეზების გამო და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს დღე მთავარ ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდეს?

-ეს პარლამენტი მარადიული არაა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა