|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავა, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კედლებს არ უნდა გასცდენოდა"

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან  მედიასკოლის მოსწავლე 6 ნოემბერს გარიცხეს. ფაქტი მალევე გახდა საჯარო განხილვისა და დაპირისპირების საგანი.

ფეისბუქში დაწყებული დავის შესახებ  სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, ერთ-ერთი მომხმარებლის აზრით, კი აღნიშნული დავა ახალგაზრდული ცენტრის საზღვრებს არც უნდა გასცდენოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

საკითხის განხილვას მიეძღვნა არაერთი სატელევიზიო თუ რადიო ეთერი, ფაქტი გააშუქა თითქმის ყველა ინტერნეტგამოცემამ.  განხილვის საგანს წარმოადგენდა, რამდენად ჰქონდა სასწავლებლის დირექტორს მოსწავლის ამგვარი ფორმით გარიცხვის უფლება. დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრად კი მაინც სოციალური ქსელი რჩებოდა. სხვადასხვა მხარეები თავის არგუმენტებს სწორედ ფეისბუკის მეშვეობით აასაჯაროებდნენ. 

ცენტრის დირექტორის განცხადებით,  მოსწავლის გარიცხვის მიზეზი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის ტირაჟირება გახდა.

"არსებობს სკოლის შიდაგანაწესი (სიძულვილის ენაზე სპეციალურ კურსს გადიან მედიასკოლაში) მოსწავლე მას უნდა დამორჩილებოდა: არ უნდა გამოეყენებინა ჰომოფობიური, ქსენოფოიური და სიძულვისი ენა, ის მაინც განაგრძობდა ამ ყველაფრის ტირაჟირებას. ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მოსწავლე სასწავლებლიდან გარიცხულიყო. ჩვენი მთავარი მოვალეობა და მიზანი მოსწავლეების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და მათთვის ფასეული ღირებულებების დანერგვააა.  არ დავუშვებთ ადამიანმა, რომელსაც პრეტენზია ჟურნალისტობაზე აქვს, სიძულვილის ენის ტირაჟირება საჯარო სივრცეებში მოახდინოს და ამით საფრთხე შეუქმნას სხვა ადამიანების სიცოცხლის უფლებას, სიძულვილის ენის დაბლოკვა მოხდა იმავე სივრცეში, სადაც მისი ტირაჟირება განხორციელდა “-განაცხადა პატარიძემ.

საწინააღმდეგოს აცხადებს მედიასკოლის ყოფილი მოსწავლე. მისი თქმით, სიძულვილის ენა არ გამოუყენებია და არაფორმალური განათლების ცენტრს არ ჰქონდა უფლება სასწავლებლიდან მისი ამ ფორმით გარიცხვის. 

 „მან გამომრიცხა ფეისბუქით, არცერთ სამართლებლივ ჩარჩოში არ ჯდება, ის რომ ფეისბუქით დღეს ვინმე ირიცხება, ისინი კი არ არიან უმცირესობაში, ჩვენ ვართ. ჩემი პოსტის გამო 200-მდე ადამიანმა გამასაჯაროვა. ვინ იცის ასე, რამდენი ადამიანის თემა განიხილება, რამდენ ადამიანს აკნინებენ და მათი დისკრიმინაცია ხდება"-განაცხადა სვიანაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

სვიანაძემ ასევე განაცხადა, რომ მედიასკოლაში სიძულვილის ენის შესახებ საუბარი არასდროს ყოფილა.

სვიანიძის განცხადების საპასუხოდ მედიასკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა ხათუნა მაისურაძემ შემდეგი პოსტი გამოაქვყენა:
„მე ვიცნობ ანზორს, მისი პედაგოგი ვიყავი ერთი წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ ლექციაზე და არაერთხელ გვქონია საუბარი სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. კონკრეტული ლექციები აქვს მოსმენილი ჟურნალისტურ ეთიკაზე, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და ასე შემდეგ. ანზორი ყოველთვის გამოირჩეოდა სიძულვილის ენით და ყოველთვის ვპასუხობდი ღიმილით, უკონფლიქტოდ და ახსნა- განმარტებებით. ჰქონდა კიდეც კონკრეტული დაპირისპირების შემთხვევაც აუდიტორიაში“,-ამბობს მაისურაძე. 

რა სახის ტრენინგები უტარდებოდათ მედიასკოლის მოსწავლეებს, ამის შესახებაც მედიასკოლის მოსწავლემ ფეისბუქზე დაპოსტა.

„რთულია მედიასკოლის კურსამთავრებული მერქვას და არ გამახსენდეს ის ფაქტი, თუ რამდენჯერ გავგვივლია სიძულვილის ენაზე, პროპაგანდაზე და მსგავს საკითხებზე ლექცია. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი და მისი მედიასკოლის დეპარტამენტი სრულიდ ემიჯნება ყოველგვარი ადამიანური სიძულვილის სახეს. მედიასტრუქტურის შესწავლის პირველ ეტაპზე სწორედ ის საკითხები გავირეთ, რომლებიც ჟურნალისტის და ზოგადად, ადამიანის სწორად ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი. სიცრუეა ის ფაქტი, რომ ლექტორები ან ახალგაზრდული ცენტრის დირექცია არ ამახვილებს ყურადღებას სიძულვილის ენაზე, პირიქით, ამას შინაგანაწესი შეიცავს და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაც, რომლის დეტალურად განხილვისთვის სპეციალური საათები აქვს განკუთვნილი და განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდული ცენტრის კოორდინირებას გვიწევს სხვადასხვა ვორქშოფებზე თუ ტრენინგებზე, სადაც გადამზადება მიმდინარეობს მსგავსი საკითხების კუთხით. მედიასკოლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება ადგილობრივ მედიაცენტრებში. ეს ფაქტი მათ აქტიურ ჟურნალისტიკაში ჩართვას გულისხმობს, რაც გმობს მსგავს ფობიებს“,- აღნიშნა ნიკოლოზ ბოლქვაძემ. 

ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, ნატალი პატარიძემ ერთ-ერთ გადაცემაში  სოციალური ქსელის საშუალებით მიღებულ მუქარის შემცველ წერილებზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი შვილების ფოტოები რამდენიმე ჯგუფში გადაიტანეს, სადაც  უხამსი კომენტარები დაიწერა.

სოციალურ ქსელში გამოწვეული აჟიოტაჟის შემდეგ, 16 ნოემბერს გარიცხული მოსწავლის მხარდამჭერებმა ახალგაზრდული ცენტრის წინ აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნა ცენტრის დახურვა და ნატალი პატარიძის გათავისუფლება იყო.

აქციის ორგანიზატორი ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება იყო. საზოგადოების ხელმძღვანლის, გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ცენტრში ლგბტ პროპგანადას ეწევიან რის გამოც, დირექტორი ნატალია პატარიძე უნდა გათავისუფლდეს.

"ამ დაწესებულებაში ლგბტ საზოგადოების პროპაგანდას ეწევიან. ეს ცენტრი უნდა დაიხუროს და გადადგეს მისი დირექტორი, ლგბტ ლობისტი ქალბატონი ნატალი პატარიძე. ცისფერი ტერორი მიმდინარეობს და ეს უნდა შეწყდეს",- განაცხადა ფალავანდიშვილმა. 

ანზორ სვიანიძე არც ამით დაკმაყოფილდა და როგორც აცხადებს, აპირებს  სასამართლოს მიმართოს. ანზორ სვიანიძის უფლებებს ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე უსასყიდლოდ დაიცავს. მისი განცხადებით, სვიანიძის უფლებები შეილახა და ის სასწავლებლიდან  დაუსაბუთებელი ბრალდებებით გარიცხეს. "მივიღე გადაწყვეტილება, უსასყიდლოდ დავიცვა მედიასკოლიდან გარიცხული ანზორ სვიანაძის კანონიერი ინტერესები შემდეგ მიზეზთა გამო: ყველა ადამიანი თანასწორია და არავინ არ უნდა დაექვემდებაროს უსამართლო ჩაგვრასა და დისკრიმინაციას. მის განცხადებაში (ფეისბუქპოსტში) სიძულვილის ენა არ შეინიშნება, ვინაიდან სიძულვილის ენის განმარტების (დეფინიციის) თანახმად, ის უნდა შეიცავდეს საქციელის მაპროვიცირებელ ნაწილს, რაც ჩემი მარწმუნებლის განცხადებებში არ იკითხება", -აცხადებს არჩილ ნიჟარაძე. 

ამ ეტაპზე ძნელია პროგნიზირება, თუ რა მასშტაბებს შეიძენს ეს დაპირისპირება და რა განვითარება მოყვება მას.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე