|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია, შევხედოთ ხალხს თვალებში"

დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში, რადგან არცთუ ცოტა საქმე გვაქვს უკვე ზურგსუკან, - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე.

პრემიერმა „ქართული ოცნების“ დაარსებიდან დღემდე გაკეთებულ საქმეებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.

“დღეს, პარტიის დაარსებიდან 6 წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ. ამ ექვსმა წელმა ჩვენ გზა გაგვიკაფა და მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს უფრო დიდ მიზნებს შევეჭიდოთ - დავიწყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს - ახალ სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რამაც უკვე ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში, რადგან არცთუ ცოტა საქმე გვაქვს უკვე ზურგსუკან. თუნდაც ამ მხარეში, დაწყებული ადამიანების აუცილებელი საჭიროებებით, დამთავრებული - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ვერავინ გაიხსენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთ ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც მევენახეობის ისეთ დაფასებას, როგორიც რაჭა-ლეჩხუმს სწორედ მოქმედი ხელისუფლებისგან ჰქონდა.

“დაახლოებით 60 პროექტია დაფინანსებული რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, რომელიც უმეტესწილად ყურძნის შესყიდვასა და მევენეხეობის დარგის განვითარებას ხმარდება; სუბსიდირებისა და აგროკრედიტების თვისებრივად განსხვავებული სისტემის გატარებით სახელმწიფომ მოახდინა კერძო სექტორის სტიმულირება, რათა მიეღო და გადაემუშავებინა რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ყურძენი. 2013-2017 წლებში რეგიონის მოსახლეობამ ყურძნის ჩაბარების შედეგად შემოსავლების სახით 29 მლნ ლარი მიიღო და ეს ტენდენცია საბედნიეროდ მზარდია. ჩვენი ქვეყანა სულ უფრო იხვეჭს სახელს, როგორც ღვინისა და ვაზის უნიკალური ჯიშების სამშობლო. ამას კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა