|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფალიაშვილის ქუჩაზე ავარიული შენობის ფრაგმენტი ჩამოვარდა

დაზიანებული და უმეთვალყურეოდ დატოვებული შენობების პრობლემას კიდევ ერთხელ ეხმიანება "ახალი არჩევანის“  იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თემურ ცამციშვილის განცხადებით, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობიდან საკმაოდ დიდი ფრაგმენტი ჩამოვარდა. 

„საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. კიდევ ერთხელ ვთხოვ მერიას, დროულად მოახდინოს რეაგირება“-აცხადებს ცამციშვილი.

 მისივე განცხადებით,  მათ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან წამოსული საფრთხის რამდენჯერმე მიმართეს მერიას.

ადგილზე რამდენიმე ობიექტი ფუნქციონირებს, ასვე მიმდებარედ მუშაობენ გარემოვაჭრეები.

მერიაში განმარტავენ, რომ შენობა კერძო კომპანიის, "შიტრიტ ჯგუფის" საკუთრებაშია. ებრაულ კომპანიას შენობა ქალაქში არსებულ რამდენიმე ობიექტთან ერთად წლების წინ გადაეცა, თუმცა "შიტრიტ ჯგუფმა" ქალაქში დაწყებული ყველა მშენებლობა შეაჩერა, რისთვისაც მას დაახლოებით 10 მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა.  გასულ წელს მერიამ "შიტრიტ ჯგუფს" შესთავაზა წინადადება, რომლის ფარგლებშიც კომპანია თვითმმართველობას ჯარიმის ჩამოწერის სანაცვლოდ 13 შენობას უკან დაუბრუნებდა. საკითხის შესწავლა  ეკონომიკის სამინისტროში ამ დრომდე მიმდინარეობს. კომპანიას არც ჯარიმა გადაუხდია და არც შენობები დაუბრუნებია უკან. მერიაში ასევე განმარტავენ, რომ შენობის ფასადის რეაბილიტაცია მისი ავარიულობის გამო ვერ მოხერხდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი