|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
პირველი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, გარდაბნის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ცაგო ლოლაძეა.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ქ.გარდაბანში „ჯეო ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე იმუნიზაციის კაბინეტის მედპერსონალმა შესაბამისი ტრენინგები გაიარა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა პირველ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 750 დოზა მიიღო.
კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესს მონიტორინგს გარდაბნის ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი უწევს.
ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები და სხვა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

ავტორი: ნიუპრესი