|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაძვირდება თუ არა ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე  ფასები 20 თეთრით მოიმატებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ მერია არ ადასტურებს ფასების ზრდას,  მას აქვს ინფორმაცია, რომ ტარიფები პირველი მარტიდან გაიზრდება. წულაია მერიას მოუწოდებს, შეამცირონ მოსაკრებელი.

"მიუხედავად იმისა, რომ მერია უარყოფს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე  ფასების მატებას,  მაქვს ინფორმაცია, რომ პირველი მარტიდან ტარიფი 20 თეთრით მოიმატებს. მერიამ კეთილი ინებოს და გადასახადები შეუმციროს იმ შპს-ებს, რომლებსაც ბიუჯეტში შეაქვთ თანხები. შეიმცირონ კონცერტების დროსტარების მივლინენების ტაშფანდურის, კომფორტის და ასე შემდეგ ხარჯები და მოსახლეობას  ნუ ადებენ ამხელა ტვირთს",- განაცხადა წულაიამ.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი აცხადებს, რომ ტრანსპორტზე ფასი არ მოიმატებს.

"ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის გაძვირების თემას, აშკარაა, რომ თავად სურთ ტრანსპორტის ფასმა მოიმატოს და ეს მოსახლეობაზე  ცუდად აისახოს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია და ოპოზიციური პარტიებიც არ უარყოფენ, რომ გადამზიდავთა ნაწილთან ფასის მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მერია ტრანსპორტზე ფასის მატებას არ გეგმავს", - აცხადებს ირაკლი ცხვედიანი

შეგახსენებთ, ინფორმაცია ფაების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით  პირველად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ განაცხადა, რაც ქუთაისის  მერიამ უარყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების განმარტებით, მათ დაპირდნენ,  რომ ტარიფი პირველი მარტიდან მოიმატებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა