|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ "გააპრავა" ქუთაისის მერიამ კომპანიის მიერ დარღვეული პროექტი?

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. ქალაქის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გიორგი უკლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ხმაური საკრებულოზე გამოტანილმა იმ საკითხმა გამოიწვია, რომელიც შპს "დრიმჰაუსისთვის" K2 კოეფიციენტის დადგენას შეეხებოდა.  გია უკლებამ  შპს"დრიმჰაუსის" სასარგებლოდ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გამო ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიის მიერ ქალაქის ძველ უბანში აგებული კორპუსის "ზედმეტი" სართული კანონიერად გამოცხადდება.

"ეს არის აშენებული ნაგებობა, მშენებელმა დაარღვია პროექტი, დაარღვია დადგენილი კოეფიციენტი.  ჩანს, რომ მან  წარმატებულად "იჩალიჩა" ეკონომიკის სამინისტროსა და  ქალაქის მერიაში.  ახლა კი მერია "აპრავებს" ამ დარღვეულ პროექტს. დაამატა რამდენიმე სართული, რის გამოც აშკარად დაირღვა კოეფიციენტი, ასევე მშენებლობის ნებართვა. ამის შემდეგ ქუთაისის მერია იღებს ცვლილებას კოეფიციენტზე, რაც ნიშნავს იმას, რომ  კომპანიას ეპატია დარღვევა. ეს არის აშკარა კორუფციული გარიგება, რომელიც უნდა გამოიძიოს საგამოძიებო ორგანოებმა",–განაცხადა უკლებამ.

ქალაქის მერის განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვა 2011 წელს გაიცა. მურღულიას თქმით, არის მხოლოდ ორი გამოსავალი პირველი დავანგრიოთ შენობა და მეორე  - გავზარდოთ კოეფიციენტი.

"დადგინდა, რომ მშენებლობა არის დარღვეული, თუმცა ნებართვა გაცემულია მერიის მხრიდან 2011 წელს. ეს არის ძალიან დიდი პროცესი, ან უნდა დაანგრიოს ეს ე.წ  მშენებარე ბინა, ან უნდა გავზარდოთ კოეფიციენტი.  ამ შეცდომის გასწორება, რომელიც წინახელისუფლებამ დაუშვა, არის ძალიან რთული. ვიღაცას გონია, რომ ყვირილია მთავარი. მთავარი არის  შეცდომების გასწორება. კოეფიციენტის გაზრდაზე საჭირო იყო ეკონომიკის სამინისტროდან ნებართვა, დავიწყეთ ეს პროცედურა. ჩამოვიდა ეკონომიკის სამინიტროდან პასუხი, რომ თანახმა არიან ამ შემთხვევაში კოეფიციენტის გაზრდის.  აქამდე კომპანიამ ბევრი ჯარიმა გადაიხადა, თუმცა შეეძლო გაესაჩივრებინა, რადგან ნებართვა გაცემულია წინა ხელისუფლების დროს. ამას გარდა, კოეფიციენტის გაზრდისთვის კომპანიამ 18 ათასი ლარი ბიუჯეტში უნდა შემოიტანოს, რადგან კოეფიციენტის გაზრდა ჩვენ გავხადეთ ფასიანი. ბატონი გია უკლება ვერ ერკვევა ვერაფერში, მხოლოდ  სამი სიტყვა იცის და ხშირად ატრიალებს", - განაცხადა ქალაქის მერმა.

მიუხედავად ხმაურისა, საკრებულოს  საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა