|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი იტალიაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქართველი მეწარმეები, იტალიის ქალაქ გუიდიცოლოში გამართულ ღონისიძებას "მინდვრის მებაღეობა 2016" – ს დაესწრნენ. სამხარეო ადმინისტრაციის დელეგაცია იტალიაში ლომბარდიის რეგიონს სტუმრობდა, ლომბარდია ყველაზე ხალხმრავალი და მდიდარი მხარეა, ხოლო ცხოვრების დონის მიხედვით ევროპაში ერთ–ერთი მოწინავეა. განსაკუთრებით განვითარებულია მრეწველობა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ლომბარდიაში "ფერარი", "ფორიგოს", "ლუკინისა" და სხვა ცნობილი ბრენდების მწარმოებელი ქარხნები მოინახულეს. რეგიონის პირველი პირები სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთების დასამუშავებელ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სათბურების მუშაობის ახალ ტენდენციებს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, იმერეთის გუბერნიის დელეგაციამ ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორთან რობერტო მარონთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა იმერეთისა და ლომბარდიის რეგიონების დამეგობრების საკითხი განიხილეს და ასევე, რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. იმერეთის გუბერნატორმა რობერტო მარონს საქართველოს ვიცე–პრემიერ კახა კალაძის წერილიც გადასცა, სადაც ორ ქვეყანას შორის კავშირების განვითარებასა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის დამყარებაზე იყო საუბარი.

მარტის თვეში იმერეთის რეგიონში ლომბარდიაში წარმოებული ტექნიკა გამოიფინება, ღონისძიებას ქართველი მეწარმეები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.

იტალიაში გამართულ ღონისძიებაზე "მინდვრის მებაღეობა 2016" საქართველოდან იმერეთისა და შიდა ქართლის გუბერნიების დელეგაციები იყვნენ წარმოდგენილები.                                                                                                            

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი