|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ქუთაისელთა პოზიტიური დამოკიდებულება 11%–ით შემცირდა

ქუთაისის მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის მომსახურებით  უკმაყოფილოა.

პოზიტიური დამოკიდებულება  ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ბოლო ათი თვის განმავლობაში  11%-ითაა შემცირებული. ადგილობრივები თვლიან, რომ თვითმმართველობის საქმიანობა გაუმჭვირვალეა. ასეთი შედეგები აჩვენა პროექტის „ჩაერთე შენი თემის მართვაში“ ფარგლებში ქუთაისის მოსახლეობის გამოკითხვამ. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წარმომადგნელობამ დღეს გამართა.

„ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წარმომადგენლობის მიერ, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგის თანხამად, ბოლო ათი თვის განმავლობაში გაზრდილია მოსახლეობის მიმართვიანობის მაჩვენებელი მერიის მიმართ. თუმცა, დაბალია მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების  მიღების პროცესში.

პროექტის ფარგლებში,  800 ადგილობრივი მოქალაქის გამოკითხვა  ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი 2012 წლის ივლისში, ხოლო  მეორე ეტაპი  2013 წლის აპრილის თვეში განხორციელდა. მოსახლეობის გამოკითხვა, ქალაქის მართვის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით, ანკეტირებით მოხდა. 

პრეზენტაციაზე,  პროექტის „ჩაერთე შენი თემის მართვაში“ დირექტორის,  „საქართველოს  ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობის  ხელმძღვანელის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, მოქალაქეების გამოკითხვისას  მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებლი გამოიკვეთა.

„მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ აქვს თვითმმართველობის მიერ  განხორციელებული თუ განსახორცილებელი პროექტების შესახებ“, – განმარტა კლდიაშვილმა.

მისივე თქმით,  უცვლელია ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტი და ის, ინფრასტრუქტურლი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.  

 პროექტი „ჩაერთე შენი თემი მართვაში“ „საქართველოს  ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობის  მიერ ხორცილედება. 

ავტორი: თეკლა მორგოშია