|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატიმრების "სულის ძახილი" ოპერის თეატრში და მეუფე კალისტრატეს შეპირება – "ყველაფერი ხუთიანზე იქნება"

„ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს სათქმელი და გვინდა გავაგონოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას“, – ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ–ერთ პატიმარს, რომლის ლექსებიც შევიდა მსჯავრდადებულების ლექსების კრებულში “სულის ძახილი“.

კრებულის პრეზენტაცია, რომელშიც ქუთაისის #2 ციხის დაწესებულების მსჯავრდებულების ნაწარმოებები იყო წარმოდგენილი, ქუთაისის ოპერის თეატრში 24 სექტემბერს გაიმართა. წიგნის გამოცემა სასჯელაღაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მხარდაჭერით მოხდა. 

პრეზენტაციას  მინისტრი სოზარ სუბარი,  ასევე, სამინისტროსა და  ქუთაის–გაენათის ეპარქიის წარმომადგენლები, მსჯავრდებულები და მათი ახლობლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ნაწარმოებები დამსწრე პუბლიკას სასკოლო ახალგაზრდული დასის „მარჯანიშვილელების“ მსახიობებმა გააცნეს. სამაგიეროდ საღამოს მეორე ნაწილში პატიმრებმა თავად გააცნეს საკუთარი შესაძლებლობები პუბლიკას და საგალობლები იგალობეს.

საღამო სპექტაკლით დასრულდა "ვინ არის დამნაშავე", რომელიც ასევე „მარჯანიშვილელებმა" წარმოადგინეს.

„მნიშვნელოვანია პატიმრების რესოციალიზაცია. ეს ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. წინა ხელისუფლება ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ  ჩვენ ამ კუთხით ავამოქმედეთ ბევრი პროგრამა", – განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

სამინისტრო რესოციალიზაციის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს საპატრიარქოსთან. პრეზენტაციაზე ითქვა იმის შესხებაც, რომ ხელშეკრულება გაფორმდა საპატრიარქოსა და  საქართველოს სასჯელაღსრულების  სამინისტროს შორის, რის შემდეგაც  პატიმრები ეკლესიების მშენებლობაში იღებენ მონაწილეობას.

"ამით სულიერებას“ ემსახურებიან – განაცხადა ქუთათელ– გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ. მან დალოცა შეკრებილი საზოგადოება და შეპირდა რომ "ყველაფერი ხუთიანზე იქნება".

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი