|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციონერი დევნილი - პარტიულობის გამო ბინით არ მაკმაყოფილებენ

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრის, აფხაზეთიდან დევნილი ვეფხია მიქაუტაძის მტკიცებით, საცხოვრებელი ფართით პოლიტიკური ნიშნით არ აკმაყოფილებენ.    

მიქაუტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ხელთ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება საცხოვრებელით სასწრაფოდ დაკმაყოფილების შესახებ, მეოცე წელია ბინის გარეშე რჩება.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართი სასწრაფოდ უნდა გადმოეცათ ჩემთვის, 2006 წლის შემდეგ მაქვს. ამ დრომდე ყურადღებას სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი არ აქცევენ. "ნაცების" დროს ეს იმიტომ ხდებოდა, რომ აქციებს ვმართავდი და ოპოზიციურ პარტიის წევრი ვარ. თუმცა ვხედავ, ახლაც იგივე გრძელდება და ბინით პარტიული ნიშნით არ მაკმაყოფილებენ," - ამბობს მიქაუტაძე.

მიქაუტაძეს თქმითვე, ოცი წლის მანძილზე ალტერნატიული ფართი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მას მხოლოდ ერთხელ, მიმდინარე წელს შესთავაზა. თუმცა აღნიშნულ ფართზე მიქაუტაძემ უარი გარკვეული მიზეზების გამო თქვა.  

"მიმდინარე წლის ოქტომბერში შემომთავაზეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილებთან დადიანის ქუჩაზე ფართი. ჯერ ერთი, იქ ბინა მე არ მეკუთვნოდა და მათ ვერ წავართმევდი ფართს,"- ამბობს მიქაუტაძე. 

მიქაუტაძის განმარტებით, მან საცხოვრებელი ფართი ქუთაისში ჭავჭავაძის N44- ში მოითხოვა, სადაც დევნილებისთვის ბინების დანაწილება მიმდინარე წლის 4 აპრილს მოხდა. თუმცა აღნიშნულ შენობაში ოპოზიციონერი დევნილი არავის გაუთვალისწინებია. 

ვეფხია მიაქაუტაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძეს მოუწოდებს, რომ ქუთაისში დევნილებისთვის ბინების დანაწილების საკითხს მეტი ყურადღება დაუთმოს და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება დროულად მოხდეს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში მიქაუტაძე მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. მიქაუტაძე უყურადღებობის შემთხვევაში ასევე პერმანენტული აქციებით იმუქრება. 

ავტორი: ანა ჯანაშია