|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამედიცინო ეთიკის კომისია იქმნება

დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძემ, ეთიკის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"ბოლო დროს, პაციენტის ახლობლებსა და სამედიცინო პერსონალს შორის წარმოქმნილ კონფლიქტური სიტუაციები, გარდა პროფესიული და სამართლებლივი შეფასებისა, განხილულ უნდა იქნას, როგორც კომპლექსური პრობლემა - დაკავშირებული სამედიცინო დაწესებულებათა მენეჯმენტის, სამედიცინო სერვისის ხარისხის, პროფესიული ეთიკის საკითხებთან.
პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების საბჭოსთან იქმნება სამედიცინო ეთიკის კომისია, რომლის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ექიმისა და პაციენტის, ექიმისა და საზოგადოების ურთიერთობების ჰარმონიზაციას, ექიმის უფლებების დაცვასა და პრესტიჟის ამაღლებას, კლინიკურ კვლევებთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემების დარეგულირებას და ა.შ.
ახალი ტექნოლოგიების, მკურნალობის მეთოდების, კლინიკური კვლევების დამკვიდრებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სამედიცინო ეთიკასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობა".
კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: ბიოეთიკის, მედიცინის, ფარმაკოლოგიის ექსპერტები, საზოგადოების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა.
ეთიკის კომისიის ფუნქციები იქნება: 
1) კონკრეტული კლინიკური შემთხვევის ეთიკური ასპექტების შესწავლა;
2) კლინიკურ კვლევებთან დაკავშირებით, დასკვნების მომზადება;
3) რეკომენდაციების მომზადება სამედიცინო დაწესებულებებში ეთიკის კომისიების ქმედითი ქსელის განვითარებისათვის;
4) რეკომენდაციების მომზადება სამედიცინო საქმიანობისას ექიმის ღირსებისა და უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. 
5) სამედიცინო პრაქტიკასთან და კლინიკურ კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციების მომზადება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა