|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილებისათვის ქონების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმი  თანახმად,   დევნილთა სამინისტრო საჯარო რეესტრის ელექტრონული პროგრამების ავტორიზებული პირი  ხდება. ამით  შესაძლებლობა ეძლევა, დევნილი მოქალაქეების სახელით, საჯარო რეესტრში მათ ნაცვლად წარადგინონ  დოკუმენტაცია უძრავი ქონების რეგისტრაციითვის და ასევე გასცენ სააგენტოს მიერ მომზადებული  ამონაწერი.
„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამინისტროს  შორის თანამშრომლობის შედეგად, დევნილი მოქალაქე საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, სამინისტროშივე შეძლებს მიიღოს  უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურება, მას აღარ მოუწევს ორ უწყებას შორის სიარული, რითიც დაზოგავს დროს და ფინანსებს“ – განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

"წლების განმავლობაში დევნილებს,  საბუთებისა თუ ინფორმაციის  მოსაპოვებლად,   სხვადასხვა უწყებაში  უწევდათ მისვლა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სულ ცოტა ხნის წინ, დევნილთა სამინისტროში შეიქმნა ახალი მისაღები ცენტრი, რომლის მიზანია  დევნილებს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება „ერთი ფანჯრის პრინციპით“ შესთავაზოს," - აცხადებენ სამინისტროში.

დევნილთათვის  უძრავ ქონებაზე საკუთრების აღიარებისა და რეგისტრაციის საკითხებმა განსაკუთრებული აქტუალურობა მას შემდეგ შეძინა, რაც საქართველოს მთავრობამ  დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით  მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო: გამოიყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, დაიწყო ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, შემუშავდა  განსახლების კრიტერიუმები და სხვ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას,  თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც  საბოლოო ჯამში გაამარტივებს დევნილთათვის ქონების დაკანონების და საკუთრების უფლების რეგისტრაციის  პროცესს.

ავტორი: ნიუპრესი