|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელზე - ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა

"ქალბატონმა თინა  ხიდაშელმა გააკეთა არასანდო წყაროზე დაყრდნობით განცხადება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებზე, სადაც ხიდაშელის თქმით, ჩვენ პრემიები დავირიგეთ.  ხიდაშელი არის ძალიან გამოცდილი იურისტი და მას უნდა გადაემოწმებინა ინფორმაცია, ვიდრე მოსახლეობას დეზინფორმაციას მიაწოდებდა," - ასეთი განცხადებით დღეს გამართულ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ლელა ქელბაქინი გამოვიდა. 

ქელბაქიანი ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის ფეისბუქის ოფიციალურ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხიდაშელი ქუთაისის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატებს პრემიების აღებისათვის აკრიტიკებს.
"ქუთაისის საკრებულომ ძვირფასი გადაწყვეტილება მიიღო და პრემიები მიიღეს," - ასეთი ციტირება გაუკეთა საკრებულოს სხდომაზე ლელა ქელბაქიანმა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს პრემია არ მიუღია და ეს ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს, რადგან მისივე თქმით, მოსახლეობას ჭირდება ფაქტი და არა დეზინფორმაცია.
"პირადად საკრებულოში მოვედი არა იმისთვის, რომ მესამე კვირას ამეღო პრემია ან რაიმე თანამდებობა მინდოდა. ეს არ იყო ჩემთვის საოცნებო და უფრო დიდ ხელფასზეც ვთქვი უარი, მაგრამ მე მოვედი საქმის საკეთებლად. ჩემი წინადადებაა, რომ ყველა ერთად დავგდეთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ არანაირი პრემია არ მიგვიღია," - განაცხადა ლელა ქელბაქიანმა.
საკრებულოს სხვა დეპუტატების განმარტებით, პრემიების საკითხი გადასახედია. საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლის, ნატო ქათამაძის განმარტებით, თინა ხიდაშელის განცხადების პირველი ნაწილი იმის შესახებ, რომ პრემიების დარიგება წელიწადში რამოდენიმეჯერ არ უნდა ხდებოდეს, გამართლებულია. თუმცა, ქათამაძემ აღნიშნა, რომ პრემიის მიღება დამსახურების მიხედვით უნდა ხდებოდეს. მისივე ინიციატივით, თითოეული დეპუტატის მიერ მიღებული პრემიებისა და ხელფასების ოდენობა უნდა გასაჯაროვდეს. ასევე, ნატო ქათამაძემ საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატის, დავით გოგისვანიძის მიერ 4 წლის განმავლობაში მიღებული პრემიებისა და ხელფასის რაოდენობა გააჟღერა. ქათამაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, გოგისვანიძეს 4 წლის განმავლობაში 91 353 ლარი აქვს მიღებული. აქედან, 53 027 ლარი გოგისვანიძემ ხელფასის სახით მიიღო, ხოლო 32 326 ლარი პრემიის სახით.
"რაც მე 4 წლის განმავლობაში ავიღე, თქვენი მინისტრები ამას ერთ თვეში იღებენ," - განაცხადა დავით გოგისვანიძემ ნატო ქათამაძის განცხადებაზე.    

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა