|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა როგორ განვითარდეს ქუთაისი და დასავლეთ საქართველო - დისკუსია ქუთაისში

"ქუთაისში პარლამენტი ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს",-  აღინიშნა შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია"(რომელიც ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა „ნაციონალმა“ დეპუტატებმა გია გოქაძემ და მერაბ ბარათაშვილმა, ასევე თორნიკე ბარათაშვილმა დააფუძნეს),  მისი პირველი ღონისძიება  პარლამენტის საკითხს მიუძღვნა და დისკუსია მოაწყო თემაზე - პარლამენტის როლი და მნიშვნელობა ქუთაისის განვითარებისთვის.

ორგანიზაციის დამფუძნებლებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები პარლამენტის ქუთაისში ყოფნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მათი თქმით, პარლამენტის ყოფნა ქუთაისში არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს განვითარების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა. თუმცა, დღეს პარლამენტი, ფაქტობრივად, მთლიანად თბილისშია გადასული.

"პარლამენტი ქუთაისში აღარ ფუნქციონირებს, თვეში მაქსიმუმ 6 დღე მუშაობს პარლამენტი ქუთაისში და დანარჩენი დღეები თბილისში ფუნქციონირებს. ხოლო დეპარტამენტები ყველა თბილისშია გადასული", - აღნიშნა ორგანიზაციის ერთ- ერთმა დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.

დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ის შედეგები, რაც პარლამენტის თბილისში გადატანას შეიძლება მოყვეს.    

"თუ ქუთაისს არ ექნება ფუნქცია, არ იქნება ინვესტიციები და ქალაქი კვლავ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსების იმედად რჩება. ამით  ქალაქს არ ექნება პერსპექტივა", - მიაჩნიათ დისკუსიის მონაწილეებს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლების თქმით, პარლამენტის გადატანის მომხრეების მთავარი არგუმენტი, რომ პარლამანტის ქუთაისში შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს ძვირი უჯდება, მცდარია.

"დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს ორი შენობის შენახვა უწევს, რაც ორჯერ აძვირებს პარლამენტის ხარჯებს. ამასთან  პარლამენტის  ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 54 მილიონი იქნება", -აღინიშნეს მათ.

"პარლამენტი თბილისში დააბრუნეს, მაგრამ არ შესთავაზეს ალტერნატივა ქუთაისს. რაც სერიოზული განხილვის თემა შეიძლება გამხდარიყო. სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა, როგორ განვითარდება ქუთაისი და ზოგადად, დასავლეთ საქართველო", -მიაჩნია დისკუსიის ერთ-ერთ მონაწილეს, გიგა შუშანიას. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დისკუსიაზე მოიწვიეს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები, თუმცა წვეულთაგან არავინ მოვიდა. 

შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრე საინიციატივო ჯგუფების გაერთიანება ერთი იდეის გარშემო. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა