|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოთარ დანელია: "ყუშიტაშვილის გინება ორ მილიონიან პროექტზე მეტად პოპულარული გახდა"

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინიციატივით ორგანიზებული აგროჟურნალისტიკის ტრენინგის ფარგლებში გაიმართა. დანელიამ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიებზე და მედიის როლზე ესაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის და მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობისთვის რეგიონული მედიის ჩართულობა: "აუცილებელია, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ რეგიონის მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს", - განაცხადა დანელიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მოსახლეობის 53% კონცენტრირებულია მეურნეობის წარმოებაში, ისინი ძირითადად თვითდასაქმებით არიან დაკაბებულები. "ხშირად ასეთი ადამიანები ეწევიან ნატურალურ მეურნეობას, სწორედ ეს არის ჩვენი სეგმენტი, ჩვენი მიზანია, მივიდეთ ასეთ ადამიანებთან და ვაწარმოოთ ნატურალური პროდუქტი. ამისთვის 60 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს",-აღნიშნა მინისტრმა.   ის ასევე ბოლოდროინდელ პოპულარულ ვიდეოს გამოეხმაურა, მისი თქმით,   "სამწუხაროა, რომ არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროგრამაზე, რომელმაც ფერმერებს ორ მილიონზე მეტი შემოსავალი მოუტანა, მეტად პოპულარული და საინტერესო ეკა ყუშიტაშვილის გინება აღმოჩნდა", - თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 შეგახსენებთ, 31 იანვარს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიება დასრულდა. ფერმერებმა ჯამში 10345 ტონა სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი ჩააბარეს. პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, ბენეფიციარებმა  2 127 000 ლარის შემოსავალი მიიღეს.  მინისტრის თქმით, მანდარინის პროგრამა მომავალ წელს ფერმერებისთვის უფრო მომგებიანი იქნება.
 ჟურნალისტებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი