|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კოლაუ ნადირაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

  ქუთაისში კოლაუ  ნადირაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.  თეატრალიზირებული სანახაობა, რომელიც თორნიკე მარჯანიშვილის რეჟისორობით დაიდგა, სტუდია „მარჯანიშვილელებმა“ წარმოადგინა.   „ცისფერყანწელთა ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა  ნინო ჩხიკვიშვილმა  კოლაუ ნადირაძის შემოქმედების შესახებ შექმნილი  წიგნი  „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ წარმოადგინა .

„ქუთაისი არის ქალაქი, სადაც შეიქმნა „ცისფერყანწელთა ორდენი“.  სწორედ 100 წლის წინად საფრანგეთიდან ჩამოსულმა პაოლო იაშვილმა მის ირგვლივ შემოიკრიბა  არაორდინალურად მოაზროვნე ადამიანები, პოეტები. წელს საიუბილეო წელია კოლაუ ნადირაძის, ასევე პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძისათვის“, - განაცხადა  ნინო ჩხიკვიშვილმა. მისი თქმით,  "ცისფერყანწელთა ფონდი" გასული წლის ნოემბერში შეიქმნა, რომლის მიზანი "ცისფერყანწელთა"  სახელის ხელახალი გაცოცხლება.

 საღამო ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.  ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის  უფროსის მოადგილის,  ელისო ქაროსანიძის თქმით,  კოლაუ ნადირაძეს  120 წელი თებერვალში შეუსრულდებოდა, თუმცა გადაწყდა,  რომ შემოქმედებითი საღამო წიგნის პრეზენტაციასან ერთად  გამართულიყო.  „სასიამოვნოა, რომ დღევანდელ საღამოს  კოლაუ ნადირაძის შვილი, შვილიშვილები, ცნობილი მწერლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებიან“,-განაცხადა ელისო ქაროსანიძემ.

2 მაისის კი დაგეგმილია კოლაუ ნადირაძის მშობლიურ სახლზე, რომელიც ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს, მემორიალური დაფის გახსნა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე