|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან ლორთქიფანიძე - 15 ივნისს სახალხო არჩევნები არ ჩატარებულა

15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების 

საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოხვდნენ. აღნიშნული

 

პოლიტიკური სუბიექტების სიმრავლე გულისხმობს თუ არა იდეოლოგიათა და პოლიტიკურ ორიენტაციათა მრავალფეროვნებას? ან ზოგადად, საკრებულოებში წარმოდგენილ პარტიებს გააჩნიათ თუ არა საერთოდ იდეოლოგია? ამ პარტიათა სიმრავლე წარმომადგენლობით ორგანოში, რამდენად არის პროგრესული მოვლენა? რამდენად იძლევა არჩევნების შედეგები, მანამდე წინასაარჩევნო პერიოდი, საარჩევნო პროცესი, ოპტიმიზმის უფლებას?

აღნიშნულ საკითხებზე გვესაუბრება  ვებ-გვერდის "საარჩევნო მიმოხილვა საქართველოსთვის" ავტორი  ლევან ლორთქიფანიძე.

- საკრებულოში პოლიტიკურ სუბიექტთა  მრავალფეროვნება  შეიძლება რაიმეს გარანტი იყოს? აპრიორი წარმოადგენს რაიმე ღირებულებას რომ ჩვენ თავი დავიმშვიდოთ?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საქართველოში არ დარჩენილა არც ერთი მუნიციპალიტეტი, რომლის საკრებულოში სულ მცირე სამი პარტია არ იყოს წარმოდგენილი. პარტიათა სიმრავლე სხვადასხვა რეგიონში ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებით ხასიათდება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ წარმომადგენლობით ორგანოებზე, სადაც მრავალპარტიულობა უზრუნველყოფილია, მაგრამ ოპოზიციური ჯგუფები მაინც აბსოლუტურ უმცირესობაში არიან. თუმცა, პარალელურად ვხვდებით საკრებულოებს (სულ 10-12 საბჭო), სადაც არასახელისუფლებო პარტიები ადგილობრივ პოლიტიკაზე ზემოქმედების მძლავრ ბერკეტებს ფლობენ. სავარაუდოდ, ამგვარ მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის დამტკიცების დროს, რიგი თანამდებობის პირების დანიშვნის დროს რეგიონალური პოლიტიკური ბრძოლის, კონკურენციის ფართო ფრონტი გაიშლება. პარტიები სხვადასხვა სოციალური ერთობების მომხრობას შეეცდებიან. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში რეალურად გაჩნდა პოლიტიკურ აზრთა მრავალფეროვნების მყარად ჩამოყალიბებისა და განვითარების შანსი.

იდეოლოგიური კონტურების გამოკვეთის თვალსაზრისითაც სერიოზული პროგრესია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უშინაარსო, ღირებულებათა არმქონე პარტიიდან ეკონომიკური ელიტების, მსხვილი ბიზნესისა და გამოცდილი ბიუროკრატიის დამცველ ნეოლიბერალურ ძალად ტრანსფორმირდება. რადიკალური კონსერვატიული ფლანგის შევსებას ბურჯანაძის ბლოკის წევრები ცდილობენ, ფეხს იკიდებს ულტრანაციონალისტურად განწყობილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიც“. მხოლოდ მემარცხენე პოლიტიკური ბანაკი რჩება ფაქტობრივად ცარიელი. „ქართული ოცნება“ კი იდეოლოგიური თვალსაზრისით ჩამოუყალიბებელ, ეკლექტურ ბლოკად რჩება.

- რამდენად იძლევა არჩევნების შედეგები, მანამდე წინასაარჩევნო პერიოდი, საარჩევნო პროცესი, ოპტიმიზმის უფლებას, რომ ტრიადას: ხელისუფლება-ოპიზიცია-ხალხს თანამშრომლობა გამოგვდის?

-ხელისუფლება-ოპოზიცია-ხალხის კავშირი, თანამშრომლობა ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში არ გამოკვეთილა. 2014 წლის არჩევნებმა მხოლოდ პარტიული კრიზისის გაღრმავების ტენდენციას გაუსვა ხალხი - ადამიანები პარტიებს კიდევ უფრო ნაკლებად ენდობიან.

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტი ხმა დაკარგა.

ანალოგიური კატასტროფული კლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“.

სხვა ჯგუფების მხარდაჭერა ფაქტობრივად უმნიშვნელოა. ვფიქრობ, რომ 15 ივნისს სახალხო არჩევნები არ ჩატარებულა. ეს იყო კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა ძირითადად პარტიულმა აქტივისტებმა მიიღეს. რიგითი მოქალაქეები იმედგაცრუების, პარტიათა დისფუნქციური მუშაობის გამო საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდნენ ან ბიულეტენები გააბათილეს.

- არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ  ქართველებს ჯანყსა და მონობას შორის გვიწევს მუდმივად არჩევანის კეთება, ძნელად ვეძებთ მესამე, მეოთხე გზას. ეს თუ ასეა, რომელ ფაზაში ვართ ახლა (ჯანყის თუ მონობის)? და ხომ არ იკვეთება რაიმე ნიშანი იმისა, რომ რაღაც უფრო ზომიერი და რაციონალურითაც დავინტერესდეთ?

-  მრავალპარტიული საკრებულოების არსებობა, 128 დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით, მეორე ტურის დემოკრატიული ტრადიციის ჩამოყალიბება ერთ საინტერესო გარემოებაზე მიანიშნებს. კერძოდ, ჩვენი საზოგადოება იწყებს ფიქრს ჯანყისა და მონობის მოჯადოვებული წრიდან თავის დახსნაზე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ეპოქაში ვცხოვრობთ. დღეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა გზაგასაყარზე დგას - ან კვლავ მონისა და აჯანყების რეჟიმს დავუბრუნდებით ან პლურალისტური დემოკრატიის მიმართულებას ავირჩევთ. ყველაფერი მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესებასა და 2016 წლის არჩევნებისთვის დღეს შემჩნეული ტენდენციების გაძლიერებაზეა დამოკიდებული.

-დღევანდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი პერსონა ახლო წარსულიდან გმირებად, უსამართლობის მსხვერპლებად, წამებულებად დააბრუნა. თუმცა საზოგადოებას წესით უნდა ახსოვდეს მათი საქმეები და ამ საქმეების სავალალო შედეგები. თუმცა არ ახსოვს, ან არ იმჩნევს რომ ახსოვს. რა შეიძლება იყოს მიზეზი საზოგადოების მოკლე მახსოვრობისა?

- საზოგადოებას შესანიშნავად ახსოვს ყველა კრიმინალური წარსულის, დანაშაულებრივი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი. მოქალაქეებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ოდესმე სამართალდამცავი ორგანოები გამოიჩენენ სათანადო პროფესიონალიზმს და სამართლის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე პასუხს მოსთხოვენ სავავალო შედეგების შემოქმედ ჩინოვნიკებს. მოქალაქეების ერთადერთი ბერკეტი ამგვარი ადამიანების წინააღმდეგ საარჩევნო ბიულეტენი გახლავთ. ისინი ამ საშუალებას შესანიშნავად იყენებენ. შეგახსენებთ, რომ გასულ არჩევნებთან შედარებით ენმ-მ კვლავ უარესი შედეგი აჩვენა და რამდენიმე ათასი ხმა დაკარგა.

წამებულებად მათი აღქმის დამკვიდრება მხოლოდ მწყობრი საკომუნიკაციო, პი-არ კამპანიის შედეგია, რომელსაც წარსულში გავლენიანი პერსონები უდიდესი ფინანსური რესურსისა და პროკურატურის უნიათობის საფუძველზე აწარმოებენ.

- ვამბობთ, რომ ხალხს ატყუებენ პოლიტიკოსები, ხელისუფლება-ოპოზიცია.  მაგრამ, როცა ხელისუფლება, ან ოპოზიცია ან ხალხი იტყუებს თავს, ეს რას ნიშნავს?  რა ფენომენია თავის მოტყუება პოლიტიკაში?

- არავინ თავს არ იტყუებს, ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცის. უბრალოდ დღეს, დაჩაგრულ, ბანკებისგან და მსხვილი ბიზნესებისგან რეპრესირებულ, უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს ტყუილებზე მკაცრად რეაგირების უნარი ჯერ არ გვაქვს. თუმცა, ძალიან მალე ეს დროც უნდა დადგეს.

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი