|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევარჩიოთ ნაყინი ბავშვისთვის

რა უნდა იყოს პაპანაქება სიცხეში ნაყინზე უფრო სასიამოვნო და გემრიელი? ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ნაყინი სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ახალისებს და აცოცხლებს მას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაყინი ჩვენი საზაფხულო რაციონის განუყოფელი ნაწილია, მით უმეტეს, რომ ის ერთნაირად უყვართ მოზრდილებსაც და პატარებსაც. სწორედ ამიტომ, დავინტერესდით, რამდენად საიმედო და ხარისხიანია ნაყინი, რომელიც ჩვენს მაღაზიებში იყიდება და რამდენად დაცულია საქართველოში მომხმარებელთა უფლებები... ამის გასარკვევად სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელს, ლია თოდუას მივმართე:
-  გასულ წელს ჩვენ უკვე შევამოწმეთ შპს "თოლიას", შპს "ბარამბოსა" და შპს "აისის" საოჯახო ნაყინები. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მომხმარებელი სულ უფრო აქტიურად გვთხოვს ნაყინის ხელახალ შემოწმებას. 2014 წლის 27 მაისს, სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ "თოლიას", "ბარამბოსა" და "გურჯაანის" საოჯახო, ვანილის ნაყინები პლასტმასის შეფუთვაში და სპეციალურ ლაბორატორიაში ჩავაბარეთ მიკრობიოლოგიური პარამეტრების შესამოწმებლად.

-  ქალბატონო ლია, რატომ არ შეამოწმეთ ჭიქის ნაყინი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება? 
-  როგორც გითხარით, ჩვენ წინა წლებშიც ვამოწმებდით ნაყინებს და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჭიქის ნაყინის შემოწმება არასაიმედოა, რადგან იოლად ზიანდება, შეიძლება ერთჯერადად შეგვხვდეს დაზიანებული, ამან შეცდომაში შეგვიყვანოს და მომხმარებელს არასწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, შევამოწმოთ მხოლოდ პლასტმასის შეფუთვაში მოთავსებული ნაყინი. ჩვენი წლევანდელი კვლევის მიხედვით, "ბარამბო" და თოლია" სუფთა აღმოჩნდა, ხოლო "გურჯაანის ნაყინში" კოლიფორმები აღმოაჩინეს. ჩვენ რამდენიმე ნიმუში გვქონდა შესყიდული და შედეგების გადასამოწმებლად სხვა ლაბორატორიაშიც მივიტანეთ. "გურჯაანის ნაყინში" ამჯერადაც აღმოჩნდა კოლიფორმები, მაგრამ იმ რაოდენობით, რაც ფორმალურად ჯდება იმ ნორმაში, რომელიც რძისაგან დამზადებული ნაყინისათვისაა დადგენილი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ სფეროში ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა ეპოქის დროინდელი ნორმები მოქმედებს და ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, რძისგან და სპეციალური ნაყინის ფხვნილებისგან დამზადებული ნაყინებისთვის სხვადასხვა მიკრობიოლოგიური ნორმებია დადგენილი. ვფიქრობთ, რომ ეს გაუმართლებელია. ამ შედეგის გახმაურების შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდნენ "გურჯაანის ნაყინის" მწარმოებლები, მათ ეჭვი აქვთ, რომ მიკრობიოლოგიური დაბინძურება სავაჭრო ქსელში ხდება და შეიძლება ამის მიზეზი ის გათამაშება იყოს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. არსებობს ეჭვი, რომ მაღაზიებში, სადაც არაკეთილსინდისიერი ხალხი მუშაობს, ხსნიან "გურჯაანის ნაყინს" და ბილეთებს აძრობენ. მიკრობიოლოგიური დაბინძურებაც ამის ბრალია. ჩავატარეთ ექსპერიმენტი და გავარკვიეთ, რომ ნაყინის გახსნა ჩამკეტის გატეხვის გარეშეც შესაძლებელია და არ არის გამორიცხული, მართლა ასე ხდებოდეს. ახლა უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი ნაყინის კვლევა, რითაც გამჟღავნდება, თუ რომელი მაღაზია იქცევა არაკეთილსინდისიერად. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ვარაუდია და ჩვენ არა გვაქვს ფაქტები, რომ ეს ვარაუდი დამტკიცდეს. ახლა სწორედ ამ საკითხის კონტროლი წამოვიწყეთ: თუ ერთ მაღაზიაში ნაყინი დაბინძურებულია, ხოლო მეორეში - სუფთა, ეს ნიშნავს, რომ დაბინძურება სწორედ ამ მაღაზიის ბრალია. 

-  სხვათა შორის, შპს "აისის" წარმომადგენლებმა, რომლებიც "გურჯაანის ნაყინს" აწარმოებენ, განაცხადეს, რომ მათი საწარმო და ნედლეული რეგულარულად მოწმდება და ეს ყველაფერი ანტირეკლამის მიზნით მოხდა... 
-  ჩვენ მიჩვეულები ვართ მეწარმეთა ასეთ რეაქციას, თუმცა, მაინც ვაგრძელებთ კვლევას, ლაბორატორიაში ახლაც ჩაბარებული გვაქვს რამდენიმე ნიმუში, მომავალშიც ჩაბარდება, შესყიდვები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და აუცილებლად გავარკვევთ, რა ხდება. თავისთავად, გურჯაანის ნაყინი ძალიან გემრიელია. რომ შევამოწმეთ, ეს იყო რძის ცხიმზე დამზადებული ერთადერთი ნაყინი და რა თქმა უნდა, დასანანია, როცა მომხმარებელს ვეუბნებით, ყველაზე გემრიელი ნაყინი არ შეიძინოთო... ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ჩვენი კვლევა. პარალელურად, მეწარმეც იკვლევს, სად შეიძლება ხდებოდეს პროდუქციის დაბინძურება და მოპოვებულ ინფორმაციას ისინიც მოგვაწვდიან. ასევე, სხვა დასახელების ნაყინების შემოწმებაზეც შემოვიდა მოთხოვნა და ახლა მათი შემოწმებაც მიმდინარეობს. 

-  დავუშვათ, ადამიანს უნდა, რომ რძეზე დამზადებული ნაყინი შეიძინოს. ამის გარკვევა როგორ შეიძლება? 
-  უნდა წაიკითხოთ ეტიკეტი, სადაც ნაყინის შემადგენლობაა მითითებული. სხვათა შორის, "ბარამბოსაც" და "თოლიასაც" აწერია, რომ მათში მცენარეული ცხიმია, ხოლო "გურჯაანს" აწერია, რომ რძისაგან არის დამზადებული. როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა ნაყინი კარგია თუ ცუდი? - მხოლოდ ეტიკეტით, თვალით ამის გარჩევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებმა სხვა დასახელების ნაყინების შემოწმებაც მოგვთხოვეს და ახლა ისინიც მოწმდება. შარშან "იოლის" ნაყინიც შემოწმდა, წელსაც უნდა გვეყიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "იოლი" ნაყინს აღარ უშვებს. 

-  რით შეიძლება აიხსნას, როდესაც ნაყინში ყინულის შემცველობა ძალიან მაღალია? 
-  ნაყინი არის ათქვეფილი, გაყინული მასა. თუ ის გადნება, სითხე ქვეშ მოექცევა და როდესაც ხელახლა გაიყინება, წარმოიქმნება ყინულის ფენა. თუ ნაყინში ყინულის სქელი ფენები შეგხვდათ, ეს ნიშნავს, რომ შენახვის პირობები დაირღვა, ანუ - ნაყინი გადნა და მერე ისევ გაიყინა. გამოდის, რომ ეს ნაყინი ცუდად იყო შენახული, რაც ხშირად დისტრიბუტორის, ან მაღაზიის ბრალია. შეიძლება ფირმიდან საღი და კარგი ნაყინი მიიტანეს, მაგრამ ტრანსპორტირების დროს, ან მაღაზიაში დაირღვა შენახვის წესები და პირობები. თუ მომხმარებლები მოგვწერენ, სად ნახეს ასეთი ნაყინი, ჩვენ მაშინვე მივალთ და შევამოწმებთ, რადგან როდესაც ტემპერატურული რეჟიმი ირღვევა, იქ ბაქტერიებიც ვითარდება. ამიტომ, განალღობი ნაყინი არ არის უვნებელი და მის გამო შეიძლება ადამიანი მოიწამლოს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც არის. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სტერილური არაფერია, მაგრამ სითბოში შეიძლება განვითარდეს საშიში მიკრობები და ბაქტერიები. ამიტომ, ნაყინის ჰერმეტულობა და შენახვის პირობები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დარღვევისას მწარმოებელი ფირმა უკვე აღარ არის პასუხისმგებელი თავისი პროდუქციის უვნებლობაზე. 

-  ქ-ნო ლია, ყველამ იცის, რომ ნაყინი ყველაზე მეტად პატარებს უყვართ. რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, როდესაც ბავშვისთვის ნაყინს ყიდულობს? 
-  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაყინის დაბინძურების ორი გზა არსებობს: ან მისი შენახვის პირობები დაირღვა, ან - გახსნეს. პირველი, რასაც ნაყინის შეძენამდე ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის ის, რომ ნორმალურ პირობებში უნდა იყოს შენახული. თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ მაღაზიაში ეკონომიას უწევენ ელექტროენერგიას და მაცივრებს თიშავენ, მაშინ არ ღირს იქ ბავშვისთვის რაიმე შეიძინოთ, მით უმეტეს, ნაყინი და სხვა მალფუჭებადი საკვები. ასევე არ არის სასურველი ნაყინის ქუჩაში შეძენა. სხვათა შორის, თვითონ მეწარმეები ამბობენ, რომ ისინი უფრო ენდობიან ქსელურ მაღაზიებს, რადგან იციან, რომ იქ მათ ნაწარმს არავინ გახსნის და არ დაიწყებს მომგებიანი ბილეთების ძებნას. უმჯობესია ნაყინი ისეთ მაღაზიაში ვიყიდოთ, სადაც ტემპერატურული რეჟიმი უკეთაა დაცული. რა თქმა უნდა, ეტიკეტიც ყურადღებით უნდა წაიკითხოთ და ბავშვისთვის ისეთი ნაყინი შეიძინოთ, რომელიც რძეზეა დამზადებული. და კიდევ ერთი, მთავარი პირობა - თუ ნაყინი დეფორმირებულია, ესე იგი, განალღობია და მისი შეძენა სასურველი არ არის. 
ჟურნალი "გზა"


mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა