|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წიგნები

შესაძლებელია თუ არა წიგნი ყველაზე მდიდრულ ავტომობილზე ძვირი იყოს, ან თავისი ფასით უზარმაზარ სახლს გაუტოლდეს? მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წიგნების რეიტინგი, რომლებიც აუქციონებიდან გაიყიდა, ადასტურებს, რომ შესაძლებელია. სადღეისოდ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული წიგნების ათეულში სამი ხელნაწერი და შვიდი ნაბეჭდი ეგზემპლიარი შედის: 

1. რეკორდი ლეონარდო და ვინჩის „ლესტერის კოდექსმა“ The Codex Leicester, Leonardo da Vinci)  დაამყარა. ამ წიგნის თავდაპირველი სახელწოდებაა "ტრაქტატი წყალზე, მიწაზე და ციურ სხეულებზე". არცერთი გამოცემა უფრო ძვირად აღარ გაყიდულა. "ლესტერის კოდექსი" - ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების რვეულია, რომელიც მან მილანში, 1506-1510 წლების პერიოდში გააკეთა. ეს მანუსკრიპტი ქაღალდის 18 ფურცლისგან შედგება, რომელიც ისეა დაკეცილი, რომ 72 გვერდიანი რვეულია შექმნილი. ლეონარდოს ჩანაწერები მის მიერ გამოგონებული განსაკუთრებული ხერხით, "სარკისებრი" შრიფტით არის დაწერილი, რომლის წაკითხვაც მხოლოდ სარკის გამოყენებით არის შესაძლებელი. "ლესტერის კოდექსის" ჩანაწერები ბუნების სხვადასხვა მოვლენებს ეძღვნება, რომლებსაც თვით ლეონარდო აკვირდებოდა. "ლესტერის" ამ კოდექსს გრაფ ლესტერის საპატივცემულოდ უწოდეს, რომელმაც ეს მანუსკრიპტი 1717 წელს შეიძინა. ეს რვეული ლესტერის მემკვიდრეებისგან 1980 წელს ცნობილმა მრეწველმა და კოლექციონერმა არმანდ ჰამერმა გამოისყიდა. "ლესტერის კოდექსი" გასაყიდად 1994 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ კრისტის აუქციონზე გაიტანეს. იგი "მაიკროსოფტის" დამაარსებელმა, ბილ გეიტსმა 30,8 მილიონ დოლარად (ამჟამინდელი ფასებით 44,6 მილიონი) შეიძინა. მისი ინიციატივით, "ლესტერის კოდექსი" მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში გამოიფინება. 

2. "მასაჩუსეტსის ფსალმუნების წიგნის" პირველი გამოცემა ჩრდილოეთ ამერიკაში 1640 წელს დაიბეჭდა. ეს მოხდა სულ რაღაც ოცი წლის შემდეგ, რაც მამა-პილიგრიმებმა პლიმუთის კოლონია დააარსეს, რაც ამერიკული კულტურისათვის მაშინ სერიოზული მიღწევა იყო. სულ ამ წიგნის პირველი გამოცემის 11 ასლია შემორჩენილი. მეოცე საუკუნეში ფსალმუნების წიგნის პირველი გამოცემა გასაყიდად მხოლოდ ერთხელ, 1947 წელს, სოთბის აუქციონზე გამოიტანეს. ეს წიგნი მაშინ 151.000 დოლარად იელის უნივერსიტეტმა შეიძინა. 2009 წლის 17 სექტემბერს, სვანნის გალერეის (Swann Galleries) აუქციონზე ამ ფსალმუნების ერთ-ერთი ადრეული (დაახლოებით 1669-1682 წლები) გამოცემა ედინბურგის ბიბლიასთან ერთად 57.600 დოლარად გაიყიდა. 2013 წლის 26 ნოემბერს, ნიუ-იორკში გამართულ სოთბის აუქციონზე ფსალმუნების წიგნი (1640 წლის პირველი გამოცემა) 14,165 მილიონ დოლარად გაიყიდა, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბეჭდურ წიგნად იქცა. 

3. თავისი ისტორიული წარმომავლობითა და ღირებულებით არანაკლებ მნიშვნელოვანია მეშვიდე საუკუნეში შექმნილი "წმინდა კათბერთის ბიბლია" St. Cuthbert Gospel), რომელიც ბოლო დრომდე ბრიტანელი იეზუიტების მფლობელობაში იყო. ეს არის მცირე ზომის, 9,6х13,6 სანტიმეტრის, წითელი ტყავით გაფორმებული წიგნი, რომელიც 634-687 წლებში ჰეკსემისა და ლინდისფარნის ეპისკოპოსს, კათბერთ ლინდისფარნელს ეკუთვნოდა. იგი იყო ანგლო-საქსონელი ბერი და ეპისკოპოსი ნორტუმბრიის სამეფოში. ეს ტერიტორია მოიცავდა ამჟამინდელ ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შოტლანდიის ტერიტორიებს. კათბერთი – შუასაუკუნეების ინგლისის ერთ-ერთი მთავარი წმინდანია. ეს ბიბლია 1104 წელს დარემის ტაძარში წმინდანთან ერთად აღმოაჩინეს. იგი არის ერთადერთი შემორჩენილი ხელნაწერი, რომელიც ბრიტანეთის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვან პერიოდს განეკუთვნება. "წმინდა კათბერთის ბიბლია" კრისტის აუქციონზე ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2012 წელს 9 მილიონ ფუნტად (14 მილიონ დოლარად) შეიძინა. 

4. ამავე რეიტინგის მეოთხე ადგილზეა "ჰენრიხ ლომის ბიბლია" (Das Evangeliar Heinrichs des Lцwen), რომელიც ბიბლიის ხელნაწერი გამოცემაა. იგი დაახლოებით 1188 წელს, საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგის, ველფების დინასტიის წარმომადგენლის, ჰენრიხ ლომის (1129-1195) შეკვეთით დაამზადეს. ეს მანუსკრიპტი ოთხ ბიბლიას მოიცავს, რომელიც 226 გვერდისგან შედგება. გაფორმებულია ჰელმარსჰაუზენის სააბატოს ბერებისა და მორჩილების მიერ უნიკალურ სტილში. ჰენრიხ ლომის გარდაცვალების შემდეგ, ეს მანუსკრიპტი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მეცხრამეტე საუკუნეში იგი პრაღაში აღმოაჩინეს. 1861 წელს ეს ბიბლია ჰანოვერის მეფე გეორგ მეხუთემ შეიძინა. ხუთი წლის შემდეგ, გეორგ მეხუთე ტახტიდან ჩამოაგდეს. ამ რელიქვიის კვალი კვლავ დაიკარგა, მაგრამ 1983 წელს უცნობმა მფლობელმა იგი გასაყიდად სოთბის აუქციონზე გამოიტანა. აუქციონის მიმდინარეობისას ამ ბიბლიის მესაკუთრე გერმანია გახდა _ მის შეძენაში ქვეყნის ფედერალური, ბავარიისა და ქვედა საქსონიის მთავრობები, ასევე ფონდი `პრუსიის კულტურული მემკვიდრეობა~ მონაწილეობდნენ. სოთბის აუქციონზე 12,4 მილიონ დოლარად (ამჟამინდელი ფასია 26,7 მილიონი დოლარი) გაიყიდა. 

5. რეიტინგის მეხუთე ადგილი ჯონ ჯეიმს ოდიუბონის წიგნმა "ამერიკის ფრინველები“ The Birds of America, John James Audubon) დაიკავა.  ეს წიგნი უნიკალურია მრავალი თვალსაზრისით. მისი პირველი გამოცემა ამერიკაში 1827-1838 წლებში იბეჭდებოდა. ამ დროის განმავლობაში ამ წიგნის მხოლოდ 200 ეგზემპლარი შეიქმნა. იგი გიგანტური ფორმატისაა, ყოველი გვერდის სიგრძე 127 სანტიმეტრია. თვით ოდიუბონმა ამ წიგნს "დოუბლე ელეპჰანტ ფოლიო" უწოდა. "ამერიკის ფრინველების" სრული ეგზემპლარი 435 ხელით მოხატული გრავიურისგან შედგება, რომლის ზომა 90-60 სანტიმეტრია. ამ წიგნის გვერდებზე ფრინველები ნატურალური სიდიდით არიან გამოსახულნი. ამ დროისათვის, "ამერიკის ფრინველების" 119 სრული ეგზემპლარის არსებობის თაობაზეა ცნობილი, რომელთაგან 108 მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, ხოლო 11 – კერძო კოლექციებში ინახება. ამ წიგნის პირველი გამოცემის ერთ-ერთი ეგზემპლარი სოთბის აუქციონზე ლონდონში, 2010 წლის 7 დეკემბერს 8,8 მილიონ დოლარად (11,5 მილიონი დოლარი ამჟამინდელი ფასით) გაიყიდა. 

6. რეიტინგის ხუთეულს მიღმა დარჩა ასევე უნიკალური გამოცემა, ჯეფრი ჩოსერის "კენტერბერიული მოთხრობები"  (The Canterbury Tales, Geoffrey Chaucer). ამ წიგნის ავტორს "ინგლისური პოეზიის მამას" და "ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთ მამამთავარს" უწოდებენ. ეს წიგნი პირველად 1477 წელს, ინგლისელი მბეჭდავის, უილიამ კექსტონის ვესტმინსტერის სააბატოში მდებარე ტიპოგრაფიაში დაიბეჭდა. ჩვენს დროში ამ წიგნის პირველი გამოცემის 12 ეგზემპლარია ცნობილი, რომელთაგან მხოლოდ ერთი, კრისტის აუქციონზე გამოტანილი კერძო მფლობელობაში მოხვდა. 1998 წელს, კრისტის აუქციონზე ლონდონელი წიგნით მოვაჭრეთა ჯგუფმა 7,5 მილიონ დოლარად (ამჟამინდელი ფასით 9,9 მილიონი დოლარი) შეიძინა. 

7. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წიგნების რეიტინგში მეშვიდე ადგილს "ჰერცოგ ნორტუმბერლენდელის ბესტიარიუმი" The Northumberland Bestiary)  ინარჩუნებს. ამ ხელნაწერი წიგნის ავტორი დღემდე უცნობია. იგი დაახლოებით 1250-1260 წლებით არის დათარიღებული. ეს ხელნაწერი ცხოველთა სამყაროს თავისებურ ენციკლოპედიას წარმოადგენს. წიგნი 148 გვერდს მოიცავს. რეალური, ასევე გამოგონილი არსებების 112 გამოსახულებას მათ აღწერასთან ერთად შეიცავს. მსგავსი შინაარსის ინგლისური ხელნაწერი მსოფლიოში არაუმეტეს 40 ეგზემპლარია შემორჩენილი. სოთბის ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ასეთი შინაარსის წიგნი ბოლოს აუქციონზე გასაყიდად 1889 წელს გაიტანეს. ჰერცოგ ნორტუმბერლენდელის ეგზემპლარი ბოლოა, რომელიც კერძო და არა სამუზეუმო მფლობელობაშია. 1990 წელს, სოთბის აუქციონზე ეს წიგნი უცნობმა ამერიკელმა კოლექციონერმა 5,85 მილიონ დოლარად (ამჟამინდელი ფასით 9,6 მილიონი დოლარი) შეიძინა. 

8. რეიტინგის მერვე ადგილზეა "გუტენბერგის ბიბლია" (The Gutenberg Bible). იოჰან გუტენბერგის სტამბაში დამზადებული ეს წიგნი უნიკალური იმით არის, რომ ჩვენამდე მოღწეული გადასაფურცლი გვერდებიანი დაბეჭდილი უძველესი წიგნია. ეს გახლავთ 42 სტრიქონისგან შედგენილი წიგნის გვერდები, რომლის ფორმატსაც ინ ფოლიო ეწოდება. მსგავსი ბიბლიის პირველი ეგზემპლარი სწორედ საფრანგეთის კარდინალისა და პირველი მინისტრის საბუთებში 1760 წელს აღმოაჩინეს. გუტენბერგის მუზეუმის მონაცემების მიხედვით, 1450-იანი წლების დასაწყისში 42 სტრიქონიანი ბიბლიის სულ 180 ეგზემპლარი დაიბეჭდა, რომელთაგან ჩვენამდე მხოლოდ 48 ცალმა მოაღწია. 1987 წელს, კრისტის აუქციონზე, ამ ბიბლიის არასრული (მხოლოდ ერთი ტომი) ვერსია იაპონურმა კომპანიამ Maruzen Corporation -მა  5,4 მილიონ დოლარად (ამჟამინდელი ფასით 10,2 მილიონი დოლარი) შეიძინა. ბიბლიის ეს ეგზემპლარი ამჟამად იაპონიის ქალაქ კეიოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება. 

9. მსოფლიოს ძვირადღირებული წიგნების რეიტინგში მეცხრე ადგილი უილიამ შექსპირის წიგნმა _ `პირველი ფოლიო: კომედიები, ქრონიკები და ტრაგედიები" (William Shakespeare’s First Folio: Comedies, Histories and Tragedies)  დაიკავა. "პირველი ფოლიო" _ ბიბლიოფილებს შორის მიღებული ტერმინია, რომელიც წიგნის აღმნიშვნელია. ამ გამოცემის სრული სახელწოდებაა – "მისტერ უილიამ შექსპირის კომედიები, ქრონიკები და ტრაგედიები დაბეჭდილი ზუსტი და ნამდვილი ტექსტებიდან". უილიამ შექსპირის პიესების პირველი გამოცემის ორგანიზება შექსპირის ჯგუფის მონაწილეებმა, მისმა მეგობრებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა დიდი დრამატურგის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ, 1623 წელს განახორციელეს. ამ წიგნში ავტორის 36 პიესა შევიდა. დღემდე ამ პიესების პირველი გამოცემის მხოლოდ 40 სრულმა ეგზემპლარმა მოაღწია. მათგან მხოლოდ ორს ფლობენ კერძო პირები, რომელთაგან ერთ-ერთი სოთბის აუქციონზე, 2006 წელს 5,2 მილიონ დოლარად (დღევანდელი ფასით 5,5 მილიონი დოლარი) გაიყიდა.  

10. ამ რეიტინგის ათეულში შევიდა ფრანგი ფიზიკოსის, ქიმიკოსის, აგრონომის, მეცნიერებათა აკადემიის წევრის ანრი ლუი დიუამელ დიუ მონსოს (1700-1782) ნაშრომი "ნაყოფიანი ხეების თაობაზე" (Trait des Arbres Fruitiers, Henri Louis Duhamel du Monceau). ამ წიგნში თავმოყრილია მეცნიერის დაკვირვებათა და ექსპერიმენტების 30 წლიანი შედეგები, რომლებიც ნაყოფიან ხეებს უკავშირდება. ორტომეულს თან ერთვის იმ დროის მხატვრების ილუსტრაციები, რომლებიც ნაყოფიანი ხეების 16 სახეობის ნაყოფს, ფოთლებს, თესლს ასახავენ. ამ წიგნის მოცემული ეგზემპლარი თავის დროზე მეფე ლუდოვიკო მეთხუთმეტეს პირადი ბიბლიოთეკისთვის შეიძინეს, რის გამოც განსაკუთრებულად მდიდრულად გააფორმეს, რაზეც მისი მოოქროვილი ყდაც მეტყველებს. 2006 წელს, ბრიუსელში, აუქციონზე ამ წიგნის სამეფო ეგზემპლარი 4,5 მილიონ დოლარად (ამჟამინდელი ფასით 4,8 მილიონი დოლარი) გაიყიდა.  


ჟურნალი „ბიზნესი და მენეჯმენტი“

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა