|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გუბერსკის ციხე" - ჩაკეტილი სივრცის ხელოვნება

ქუთაისში  ქართულ-გერმანული  პროექტი „გუბერსკი - ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“  ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში,  20-დან  30 ნოემბრამდე, ქუთაისის "გუბერსკის ციხე-საპყრობილეში"  გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა სფეროებს მოიცავს.

პროექტის ავტორებმა ღონისძიებების ჩასატარებლად სწორედ გუბერსკის ციხე-  ანუ  გაუქმებული ციხე-საყრობილე აირჩიეს, რადგან ამ სივრცემ პატიმართა კვალი - კედლის წარწერები, ნააზრევი, ნახატები შეინახა. პატიმრების ფიქრის და განსჯის ამ  ნაყოფმა უკვე სხვა,  შემოქმედებითი პროცესის ინსპირაცია გამოიწვია.

„ჩვენი პროექტის განხორციელების ადგილია ქალაქი ქუთაისი, გუბერსკის ციხე, ვინაიდან ამ სინამდვილის გადატანა სახელოვნებო სივრცეში და პირიქით, ხელოვნების შეტანა ჩაკეტილ სივრცეში უკვე საინტერესო აქციაა.“- განმარტავენ პროექტის ავტორები.

ღონისძიებებში ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანები მიიღებენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, გურამ წიბახაშვილი, რეზო კიკნაძე, ტარიელ დათიაშვილი, ლია უკლება, ამბროსი მელქაძე, ქრისტინე რობაქიძე, რობი კუხიანიძე და სხვები, ხელოვანები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ასევე ყოფილი პატიმრები, ისინი,  ვინც თავად ქმნიდნენ  ე.წ. „ციხის ხელოვნებას“.

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერება პირობითი ჩარჩოების გაათავისუფლოს, სააშკარაოზე გამოიტანოს მთავარი იმპულსი, რასაც  ჩაკეტილი სივრცე  ბადებს.

 პროექტის იდეას მოწინააღმდეგებიც გამოუჩნდნენ.  ქუთაისელი მწერალი და ფილოსოფოსი ტარიელ  დათიაშვილი, რომელიც  მიუხედავად  იმისა,  რომ  პროექტში  თავადაცაა ჩართული,   მას არაერთგვაროვან  შეფასებას  აძლევს.

“გამიკვირდა. რატომ მაინც და მაინც „გუბერსკის“ ციხე?!   უცნაურია, თითქოს შემოქმედი ადამიანები უცდიდნენ, როდის დატოვებდნენ ის ტანჯული ადამიანები თავიანთ საზიზღარ „სენაკებს“, რომ მათ იქ წარმოდგენები გაემართათ ( რა თქმა უნდა, მეც მათ შორის ვარ). რა არის ეს?  იქ  სისხლს ანთხევდნენ, მთელს სამყაროს აფურთხებდნენ და მე ახლა უბრალოდ ბანალური წერილები უნდა ვწერო. თითქოსდა თავი უნდა წარმოვიდგინო, იქ მჯდომი რომელიმე პატიმრის როლში და დავწერო მათი განცდების გამომხატველი აბსურდული რამდენიმე თაბახის ფურცელი.  ეს ჩვენთვისაა შემოქმედება, მათთვის კი - საშნელი წარსულია.  მათთვის ამაში  არანაირი შემოქმედება  არ არის.  ჩემი იდეაც ზუსტად ამაში მდგომერეობ, მე მინა, ჩაწერო იმ ადამიანების  აზრი,  რომლებიც  ამ ციხეში ისხდნენ, საინტერესოა რას  იტყვიან  იმ „შემოქმედ“ ხალხზე, რომლებიც მათი ცხოვრების"გასპეტაკლებას"  ცილენ.“ - აცხადებს ტარიელ დათიაშვილი.

 პროექტის მხარდამჭერები  ქუთაისის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქუთაისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, შვეიცარიის განვითარების სამინისტრო  არიან.

ცნობისთვის, გუბერსკი ქუთაისში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან არსებული ციხე-საპყრობილეა. დაარსდა, როგორც ქუთაისის გუბერნიის მთავარი საპყრობილე. ის მოქმედი 2005 წლამდე იყო. ამ ციხეში სასჯელს დიდი აჯანყებების მოთავენი იხდიდნენ, ასევე ცნობილი ფირალები, ყაჩაღები და რევოლუციონერები. მათ შორის იყო იოსებ სტალინიც. საქართველოში საბჭოთა რევოლუციის შემდეგ, გუბერსკის საპყრობილე, ბუნებრივია, საბჭოთა სისტემის დამნაშავეებს ინახავდა.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა