|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია-ქუთაისის მერიის 2 წლიანი პროექტი

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, უკვე მესამე კვირაა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გადათხრილი გზები, ტროტუარზე არსებული დიდი რაოდენობის სამშენებლო მასალა, მტვერი და ხმაური ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. სტუდენტების განმარტებით, მტვერისა და ხმაურის გამო უნივერსიტეტის ეზოში ყოფნა გაუსაძლისია.

"ვფიქრობ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უდროოდ დაიწყეს. სწავლის პროცესი მიმდინარეობს. ასოლუტურად შეუძლებელია იქ მოძრაობა, საშინელი მტვერია. სტუდენტებისთვის გაუსაძლისია უნივერსიტეტის ეზოში ყოფნა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

"უნივერსიტეტში მოსვლა უკვე დაბრკოლებაა. სამარშრუტო ტაქსები შემოვლითი გზით დადიან და დიდი დრო გვჭირდება. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. საინტერესოა, ზამთრის საშინელ ამინდებში რა მდგომარეობა იქნება თამარ მეფის ქუჩაზე," - აცხადებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ზურაბ ჩახუნაშვილი.

სტუდენტების მსგავსად, ზამთარის სეზონზე მდგომარეობის გაუარესებას ელოდება ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესიკ ბრეგაძეც. უფრო მეტიც, ის ზამთარს ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისათვის შეუფერებელ დროდ მიიჩნევს.

„ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად ხარისხიანად იქნება შესრულებული, რადგან მას თავისი მინუსები ზამთარის  უამინდობის გამო, რა თქმა უნდა, ექნება,“- აცხადებს ბრეგაძე.

დეპუტატის განცხადებით, პროექტი, რომელიც თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას მოიცავს,  წლის ბოლოს სპეციალურად დაიგეგმა,  რათა თანხები, მომავალ წელს გაისტუმრონ.

„ამ პროექტის დაწყება დიდი ხნის განმავლობაში ჭიანურდებოდა. ზამთარში, მოგეხსენებათ, სხვა ამინდებია და გაჭირდება კი არა,  გაძვირდება კიდეც ეს პროცესი, რადგან წელიწადის ცივ სეზონში გზის დაგებას  სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობა სჭირდება. შესაბამისად, პროექტი ფინანსურადაც ძვირდება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ პროექტის საბოლოო მიღება-ჩაბარება  2015 წელს მოხდება,  ალბათ იმიტომ, რომ თანხები მომდევნო წელს იყოს გასასტუმრებელი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ხელშეკრულება  ქუთაისის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ ფირმას  შ.პ.ს. „დაგი პლიუსი“  შორის 2014 წლის 17  ნოემბერს გაფორმდა.  1 მილიონ  990 ათასი ლარით დაფინანსებულ პროექტში გათვალისწინებულია თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, თავისი ტროტუარებით, ბორდიურებით, პანდუსებით, ღვარსადენი სისტემით და საბოლოოდ, ასფალტის საფარის სრული რეაბილიტაცია. ამის შესახებ ნიუპრესს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა, მალხაზ ბასილაძემ უთხრა. მან უარყო მოსაზრება  იმის შესახებ, რომ პროექტი სპეციალურად გაჭიანურდა, მისი თქმით ,პირიქით, სამუშაოების დაწყება  დაჩქარდა კიდეც.

„თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია დაიგეგმა ქალაქის მერად შოთა მურღულიას მოსვლის შემდეგ. იმ დროს, წყლის სისტემის რეაბილიტაციას ასრულებდა შ.პ.ს. "კობრა". წყლის სისტემის შეცვლა თამარ მეფის ქუჩაზე უნდა განხორციელებულიყო  უფრო გვიან და არა - აგვისტოში, როგორც ეს ჩვენი თხოვნის შემდეგ გაკეთდა. ორგანიზაციამ გელათის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჩერა და  თამარ მეფის ქუჩაზე  დაიწყო წყლის მილების ჩადება.  მუშაობა ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი კვირით ადრეც კი დაიწყო “, - აღნიშნა ბასილაძემ.

პროექტი  გარდამავალია, ის 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს. ბასილაძის თქმით, პროექტი ორწლიანია, რადგან ზამთრის სუსხიანმა ამინდებმა შესაძლოა, სამუშაოების დროებით შეჩერება გამოიწვიოს.

„ზამთარი მოდის და შეიძლება, ამინდებმა  ხელი არ შეგვიწყოს. ამიტომ მოგვიხდა ორწლიანი ტენდერის გამოცხადება. ორგანიზაცია შეგვპირდა, რომ თუ  ამინდები ხელს შეუწყობთ, ამ წელში ორ ფენას უკვე დააგებს. დარჩება ერთი ფენა, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიგება. ქუჩა გავლადი იქნება მთელი ზამთრის განმავლობაში, რადგან ყველანაირად ვეცდებით, რომ ამინდების გაუარესებამდე ერთი შესასწორებელი ფენა მაინც დავაგოთ.“

მერიაში იცოდნენ, რომ გზის მშენებლობას მოკლე დროში ვერ დაასრულებდნენ, მიუხედავად ამისა, საგზაო სამუშაოები წლის ბოლოს  დაიწყეს.  ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.  თუ ქალაქი სამუშაოებს წელს არდაიწყებდა, მაშინ ცენტრიდან გამოყოფილ თანხაზე უარის თქმა მოუწევდათ.  ახლა კი დაფინანსება როგორც  მიმდინარე, ისე  შემდეგ წელშიც გარანტირებულია.

რამდენიმე დღის წინ თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა  დაათვალიერეს.  მათ მოსახლეობას შექმნილი შეფერხების გამო ბოდიში მოუხადეს: ,,თამარ მეფის ქუჩაზე სამუშაოები ტემპში მიმდინარეობს. ბოდიში მინდა მოსახლეობას მოვუხადო, რადგან ქუჩის ერთი ნაწილი დროებით დაკეტილია და მცირედი შეზღუდვებია დაწესებული, - განაცხადა შოთა მურღულიამ.

პროექტის ფარგლებში ერთი კილომეტრი და 200 მეტრის გზის საფარის მოწესრიგებაა გათვალისწინებული.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა