„უთავო ჭები“ და საფრთხეში მცხოვრები მოსახლეობა
„უთავო ჭები“ და საფრთხეში მცხოვრები მოსახლეობა
2012-08-31 / 00:00:00
ანა ჯანაშია
Share

ქუთაისში, საკანალიზაციო ჭები ღია მდგომარეობაშია დარჩენილი. დაუხურავი ჭების არსებობა ქალაქის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებთ. დღემდე მოუგვარებელი პრობლემა ქალაქის სხვადასხვა უბანში მცხოვრები მოსახლეობისთვის საფრთხესა და პრობლემას წარმოადგენს.

,,ეს საკანალიზაციო ჭა კარგა ხანია, რაც  ღია მდგომარეობაშია. პატრონი და მომკითხავიკი დღემდე არავინაა“, – ამბობს ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები გურამ ტუღუში.

თამარ მეფის ქუჩის N95–ში, ღია მდგომარეობაში მყოფი საკანალიზაციო ჭა საცხოვრებელი კორპუსის პარალელურ მხარეს მდებარე სკვერშია განთავსებული. აღნიშნული საკანალიზაციო ჭა, მართკუთხა ბეტონითაა გადაფარული. მოსახლეობის განმარტებით, მათთვის უცნობია, როდის და ვინ გადააფარა საკანალიზაციო ჭას ბეტონი. თუმცა მათთვის მცდელობის მოტივია ნაცნობი. მოსახლეობის ვარაუდით აღნიშნული ფაქტი თავსახურის გარეშე დარჩენილი ჭის შენიღბვასთან არის კავშირში.

დაუხურავი საკანალიზაციო ჭის პრობლემა კუპრაძის N2–ში, კუპრაძის N–21–ში, თაბუკაშვილის N37–სა და ნიკეას N9–ში  მცხოვრებ მოსახლეობასაც აწუხებთ. ღიად დარჩენილი ჭები კი ქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა პრობლემას იწვევს. ,,ამ დაუხურავი საკანალიზაციო ჭის გამო სიბინძურეში ვიხრჩობით. აქ ანტისანიტარიაა. გველებისა და ქვეწარმავლების ბუდე. გაუსაძლისი პირობებია საცხოვრებლად და იქნებ მოგვაქციონ ყურადღება?“, – ამბობს კუპრაძის N2–ში მცხოვრები ჯუმბერ ტყაბლაძე.

,,უთავო ჭები“, ქუთაისში, რომლებიც ავტომობილების სავალ გზაზეა, დაბრკოლებებს როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად  მოსიარულე ადამიანებსაც უქმნის. ,,ეს ადრე სანიაღვრე ქსელი იყო, ახლა ჭა არის და თანაც გაურკვეველი კუთვნილებისა და დანიშნულების. ადრე აქ ხან კაცი და ნახ მანქანა ცვიოდა. ახლა მიეჩვივნენ, ყველამ იცის, რომ ამ ტერიტორიაზე ფრთხილად უნდა იყოს“, –ამბობს თაბუკაშვილის N37–ში მცხოვრები სოსო კიკვაძე.

,,საავტომობილო გზაზე რომ ჭა დაუხურავია, ეს უკვე პოტენციური დანაშაულია. ამის გამო რომ ავარია მოხდეს, ან უბრალოდ საბურავი დაზიანდეს, არის ვინმე პასუხისხმგებელი?  – აღნიშნავს ქუთაისში მცხოვრები თამაზ გუბელაძე.

ღიად დარჩენილი ჭები ქუთაისში, პრობლემის საგანი  მხოლოდ ავტომობილებისა და მათი მძღოლებისთვის არ არის. რადგან როგორც ქუთაისის მოსახლეობა განმარტავს,  ხშირია ჭაში ფეხით მოსიარულე ადამიანების ჩავარდნის შემთხვევებიც.



უთაისის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქალაქში დაუხურავი ჭების პრობლემამ აღარ იარსებოს. თუმცა პრობლემის მოგვარება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომპეტენციას წარმოადგენს.

ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორის, ლაშა გურგენიძეს განმარტებით, ღიად დარჩენილი საკანალიზაციო ჭების დახურვით სამუშაოებს კომპანიის წარმომადგენლები პერმანენტულად ახორციელებენ. მათი ინფორმაციით, 2012 წლის ზაფხულში 14 წყალარინების ჭა დაიხურა.

,,ჩვენ სისტემატურად ვაწარმოებთ მონიტორინგს და შესაბამისად ვიძენთ სახურავებს.  არ არის გამორიცხული, რომ ქუჩაში ღიად დარჩენილი ჭები იყოს კავშირგაბმულობის ან თბომეურნეობის სისტემები. თუ არის საკანალიზაციო ქსელი, ჩვენ ოპერატიულად მოვახდენთ პრობლემის მოგვარებას“, – განმარტა  ლაშა გურგენიძემ. 





მსგავსი სტატიები:

2012-06-20 / 00:00:00
გოდოგანი უწყლოდ და ცივილიზაციის გარეშე






გამოკითხვის გაზიარება