|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბულინგი სკოლებში - პრობლემის გადაჭრის გზები

ტერმინიბულინგიფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს ნიშნავს, რომელიც ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ ხორციელდება. ის, ვინც  ბულინგს მიმართავს, მიზნად  მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას ისახავს. სკოლებში ბავშვები არცთუ იშვიათად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორს სხვა ბავშვების მხრიდან. ეს მოვლენა გვხვდება როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში. უფრო ხშირად ბულინგის მსხვერპლი  უმცროსკლასელები არიან.

 ,,ნიუპრესი“ დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისში და რა მეთოდებს მიმართავს დირექცია მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად.  ამისთვის ქუთაისის №2 საჯარო სკოლას მივმართეთ.

   როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა ამირან ძაგნიძემ  ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ბულინგის შემთხვევბი სკოლაში ნაკლებად არის, რადგანაც თუ კი რომელიმე მოსწავლე დაუმორჩილებლად იქცევა, ისინი დროულად აყენებენ საქმის კურსში მშობლებს.  მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგის დახმარებასაც მიმართავენ  მსგავსი ტიპის ბავშვებისთვის.

   ,,სკოლა ვალდებულია მსგავსი სახის პრობლემები მოაგვაროს, რადგანაც უმეტეს შემთხვევაში ბულინგი შეიმჩნევა, მაშინ როდესაც ჯგუფში განსხვავებული რელიგიის ან სექსუალური ორიენტაციის მქონე მოსწავლე ჩნდება. ასეთ დროს პრობლემა უნდა მოგვარდეს ისე, რომ მოსწავლის უფლებები არ დაირღვეს, რადგანაც პიროვნების პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია.  მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში საქმის კურსში პირველ რიგში ვაყენებთ დამრიგებელს,  შემდეგ აუცილებალად მივმართავთ ფსიქოლოგს“ - განაცხადა ძაგნიძემ.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მსგავს სიტუაციებში ეკლესიაც ძალიან დიდ როლს თამაშობს. მისი თქმით,  მოზარდი, რომელიც ეკლესიით ინტერესდება,  სრულიად განსხვავაებულად აღიქვამს ყველაფერს და მისი მხრიდან ბულინგის მცდელობის ფაქტები ნაკლებად მოსალოდნელია.

     ბოლო დროს აქტიურად განიხილება რელიგიის გაკვეთილების  სკოლებში დაბრუნების საკითხი. ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, ხომ არ იქნება აღნიშნული  გაკვთილები ბულინგის ერთ-ერთი მიზეზი, მაშინ როდესაც კლასში განსხვავებული სარწმუნოების მატარებელი მოსწავლე იჯდება, პასუხად მივიღეთ: ,,ასეთ დროს პედაგოგი უნდა იყოს კვალიფიციური, რადგანაც რელიგიის ისტორია არ მოიცავს მხოლოდ ქრისტიანობას, აღნიშნული საგნით, პირიქით,  უნდა ხდებოდეს სხვა რელიგიის მიმართ პატივისცემის დანერგვა“, - გვითხრა ძაგნიძემ.

 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ელისო ბაღდავაძის  თქმით,  ბულინგი,  ეს არის თემა, რომლის განმარტება აღნიშნულ სკოლაში თითქმის ყველა  მოზარდმა იცის. როგორც მისი საუბრიდან გავიგეთ,  აქ განსხვავებით საქართველოს სხვა ქალაქების და კონკრეტულად თბილისის სკოლებისგან,  ბულინგის მცდელობის ფაქტები  ნაკლებადაა. ბაღდავაძე აღნიშნულს შემდეგნაირად განმარტავს:  მისი თქმით, ქუთაისი არის ქალაქი, სადაც  განსხვავებული ეთნოსის,  ან რელიგიის წარმომადგნლებს ნაკლებად ვხვდებით.

   ,,დღეს ბულინგზე საუბარი მოსწავლეებთან პრაქტიკულად არ ჭირს.  მეტიც არის შემთხვევები, როდესაც ისინი თავად ითხოვენ ამ თემაზე საუბარს, რადგანაც მათ გაცილებით მეტი ინფორმაცია გააჩნიათ,  ვიდრე ჩვენ. არ მახსენდება შემთხვევა,  რომ ეს თემა ცხარე კამათის ან დაპირისპირების საგანი გამხდარიყოს კლასში.  რა თქმა უნდა,  უმცირესობათა მოწინააღმდეგეები მეტ-ნაკლებად აქაც არიან, თუმცა მათი მხრიდან აგრესია ნაკლებად  შეიმჩნევა“, - აცხადებს ბაღდავაძე.

     პედაგოგის თქმით, ხშირ შემთხვევაში თავად საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა ცდილობდეს თანაბრობის შეგრძნების შექმნას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კლასებში ბულინგის შემთხვევებს.

     ,,ჩვენს  სკოლაში მოსწავლეები დადიან ფორმით, რაც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. როდესაც ფორმების იდეა გაჩნდა,  აღნიშნული საკითხი მშობლებთან შევათანხმეთ.  მათ მხარი დაგვიჭირეს და აღნიშნეს, რომ  ინიციატივა მისასალმებელია. ჩვენ სკოლაში ასევე გვაქვს ბაზა იმ მოსწავლეების, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და მათი ფორმების საფასური სკოლამ აანაზღაურა სრულად“, - განაცხადა ბაღდავაძემ.

      მსგავს სიტუაციებში ფსიქოლოგიური დახმარება რეკომენდირებული და შეიძლება ითქვას აუცილებელიცაა, რადგანაც ფსიქოლოგებმა ყველაზე უკეთ იციან,  როგორ უნდა მიუდგნენ ამა თუ იმ საკითხს,  მათ შორის ბულინგის თემას. აღნიშნულ საკითხზე საინტერესო და ყურადღებამისაქცევი რჩევები აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგს ეკატერინე თავართქილაძეს.

      თავართქილაძის აზრით, ერთი ბავშვის მიერ მეორეს დაჩაგვრა,  ადრეულ ასაკშიც კი, სიცელქეს  არ უნდა მივაწეროთ.  შეიძლება, ეს მისთვის ყოველდღიურობად და ცხოვრების წესად იქცეს.     მის მიერ ბულინგის შესახებ მომზადებულ მასალაში ნათლად და მკაფიოდაა გამოხატული რჩევები, რომელთა გათვალსიწინება, როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლებსა და მოსწავლეების ხელს შეუწყობს ბულინგთან ბრძოლაში.


    რჩევები უფროსებს:

1. გააგებინეთ ბავშვს, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა, თუ ვისზეა ის მიმართული. დააწესეთ სავსებით კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.

2. ასწავლეთ ბავშვს დასახული მიზნების მიღწევის კონსტრუქციული მეთოდები, ამა თუ იმ პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის წესები და ხერხები. დაამუშავეთ ამგვარი ხერხები თქვენსა და ბავშვს შორის ურთიერთობის მაგალითზე.

3. იყავით პოზიტიური ქცევის მაგალითი. თქვენზე დაკვირვებით, ბავშვი გარემომცველებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, გარემომცველთა პატივისცემას ისწავლის. შექმენით სიტუაციათა მოდელები, რომლებიც იმ სიტუაციათა მსგავსი იქნება, სადაც ბავშვმა აგრესია გამოავლინა. მოახდინეთ პრობლემის გადაჭრის და სასურველი მიზნის მიღწევის სხვა გზების დემონსტრირება, გარემომცველთა მიმართ მენტალური (მუქარა, შეურაცხყოფა) ან ფიზიკური ძალადობის გარეშე.

4. გააძლიერეთ კონტროლი ბავშვზე. იყავით მასთან ახლოს, როცა სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, სხვა კლასგარეშე საქმიანობებში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს ბავშვის მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული და სოციალურად უსაფრთხო გზით დახარჯვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის აგრესიულობას.

5. რთულ შემთხვევებში მიმართეთ სპეციალისტ-ფსიქოლოგს. არსებობს სპეციალური მეთოდიკები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს მისი აგრესიული ქცევის მიზეზების გარკვევაში, აგრეთვე ამ პრობლემების მართვისა და რეგულირების სხვადასხვა ხერხის ათვისებაში.

 

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს:

·  განიხილეთ ბულინგის ყველა შემთხვევა (“ჩვენ ეს ვიცით და ამას არ შევურიგდებით”);

·  არავინ დაადანაშაულოთ, იპოვეთ გამოსავალი, რომელიც დაეხმარება როგორც მსხვერპლს, ისე აგრესორს;

·  თავი შეიკავეთ შეკითხვისაგან “რატომ”;

·  პრობლემას პრაქტიკული მხრიდან მიუდექით(როგორ მოვიქცეთ, ვინ, როდის და რას გააკეთებს);

·  შექმენით ბავშვებს შორის მხარდაჭერის სისტემა;

·  ასწავლეთ ბავშვებს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზები;

·  მოახდინეთ ჯგუფებში განხილვის ორგანიზება.

ავტორი: გიგა გელხვიიძე