|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

79 წლის პედაგოგი სკოლის დირექტორს დევნაში ადანაშაულებს

 33-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი სონა ლომთაძე სკოლის დირექტორს მარინა ისკაკოვას დევნასა და შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც პედაგოგი ამბობს, ის სკოლის დარღვევებზე თვალს არ ხუჭავს: "თვალს არ ვხუჭავ იმ დარღვევებზე, რომელიც არის სკოლაში. დევნა გამოიხატება იმაში, რომ 2012 წელს წამართვეს გაკვეთილები, რისი მიზეზიც დღემდე ვერ ამიხსნეს. ჩემ დევნას აგრძელებს  ახალი დირექტორიც, რომელმაც მითხრა, სერთიფიცირებული არ ხარო. მართალია, არ ვარ სერთიფიცირებული, მაგრამ ვაპირებ გამოცდაზე გასვლას.  თუმცა ვინც მიიღო,  არც ის სხვა პედაგოგია სერთიფიცირებული", -ამბობს სონა ლომთაძე.

 სკოლის დირექტორის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ "2014/15 სასწავლო წლის 20 მაისს ჩატარებულ პედაგოგიურ საბჭოზე სონა ლომთაძის ქმედება, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ სხდომის მიმდინარეობისას საჩივრების მიღებისა და განხილვის კომისიის წევრთა არჩევის დროს გამოვიდა სიტყვით, რომელიც საბოლოოდ გადაიზარდა ისტერიკასა და ყვირილში,  არის მასწვლებელთა ეთიკის კოდექსის და სკოლის შინაგანაწესის 29 მუხლის პუნქტი დაირღვა. დასმებულის ქმედება ლახავს სკოლის ავტორიტეტს, რაც სკოლის შინაგანაწესის მიხედვით ითვლება დისციპლინარულ გადაცდომად და პედაგოგისთვის შეუფერებელ საქმინობად. მიმაჩნია მისი მისწრაფება სკოლის  შიგა ცხოვრების ფაქტების დაგროვება და უარყოფით კონტექსტში მათ წარმოჩენა, მუდმივი საჩივრების მიწერა სამინისტროში, რესურსცენტრში და სხვა ინსტანციებში ლახავს სკოლის იმიჯს. მისაღებია მისი ზოგიერთი მოსაზრება, მაგრამ მიუღებელია წარდგენის ფორმა", - ნათქვამია სკოლის დირექტორის მარინა ისკაკოვას განცხადებაში. ამ მიზეზით მიმდინარე სასწავლო წელს დირექტორი 48 წლის სტაჟის მქონე პედაგოგისათვის ხელშეკრულების გაგრძელებას არ გეგმავს.

 

79 წლის პედაგოგი უარყოფს მისი მხრიდან ყვირილსა და ისტერიკას. როგორც აცხადებს, მას საკუთარი თავი სკოლისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის გარეშე ვერ წარმოუდგენია აღნიშნავს, რომ სურვილი აქვს მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის სტაჟი ბოლომდე შეასრულოს. სონა ლომთაძე პოზიციების დათმობას არ აპირებს. მისი თქმით, ის ითხოვს არგუმენტირებულ პასუხს, თუ რატომ არ უნდა გააგრძელოს მუშაობა სკოლაში. ამ მოთხოვნით მან განცხადებით ქუთაისის მერს, იმერეთის ვიცე გუბერნატორს და განათლების სამინისტროს მიმართა. მერის პასუხის მიხედვით, "განცხადება ბუნდოვანია, თუმცა საკითხი სასამართლოს განსახილველია."  გუბერნიას კი წერილი ჯერ არ  განუხილავს.

პედაგოგისა და დირექტორის დაპირისპირებას სკოლაში განსახილველ საკითხად მიიჩნევს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე:

"ეს სკოლაში განსახილველი საკითხია. ჩვენთან შემოტანილი განცხადება სკოლაშია გადაგზავნილი განიხილავენ და გვაცნობებენ ჩვენ. შემდეგ შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ჯერ დაველოდოთ პასუხს", - განაცხადა ქუთაისის  განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა