|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურული პროექტები და მოახლოებული არჩევნები ქუთაისში

2017 წელი  თვითმმართველობის არჩევნების წელია, საარჩევნო სამზადისი ნელნელა აქტიურდება. პარტიები და სავარაუდო კანდიდატები შეფარულ კამპანიაში ერთვებიან. არჩევნების მთავარი პრობლემა არაერთხელ გამხდარა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება  და არათანაბარი ბრძოლა. მმართველი გუნდები ვერ უძლებენ ცდუნებას არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსები და ოპონენტებთან თანაბარ ბრძოლაში ჩაერთონ, რაც ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას ახდენს.

„ვიბრძოლოთ თანაბარი რესურსებით თვითმმართველობის არჩევნებში“ -ამის შესახებ განცხადება უკვე გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ წარმომადგენლობაში. მმართველ ძალას  ხშირად საბიუჯეტო თანხების  განხორციელებული პროექტების საკუთარი პიარისათვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

წელს ქუთაისის 65 470 000  მილიონიანი ბიუჯეტიდან დიდი წილი  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. მთავარი აქცენტები კორპუსებთან მისასვლელ შიდა გზებზე,  პროგრამა „კორპუსზე“ და სხვა ინფრასრტუქტურულ პროგრამებზე მოდის, რომელთა დასრულების ვადები ხშირ შემთხვევაში  წინასაარჩევნო პერიოდს, შემოდგომას ემთხვევა.

პროგრამა „კორპუსი“ ამხანაგობებთან ერთად მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებთა მოთხოვნების შესრულებას და კორპუსების პრობლემების მოგვარებას მოიცავს. მცხოვრებლები თვითმმართვლობისგან სადარბაზოს კარის მონტაჟს, ყვავილების გაშენებას და შესასვლელების შეღებვას ითხოვენ, პარაპეტების და სახურავების მოწყობა ჯერჯერობით ნაკლებ პრიორიტეტულად რჩება.

მოქალაქეების „გაზარმაცებად“ და საარჩევნოდ ხმების მოპოვების მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიიჩნევს პროგრამა „კორპუსს“ საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ამირან ძოწენიძე. თუმცა მისი განცხადებით, ეს ის შემთხვევაა, როცა „ფართოდ დახუჭული თვალებით“, ურჩევნია, ამ დროს მაინც მოეწყოს მოსახლეობისათვის რამე.

 

„თუ წარსულს გავაანალიზებთ და გავიხსნებთ, როგორ იქცეოდა მერია შარშან და წინა წლებში,  ამჯერზეც ველოდებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.  მცირე  ქალაქში, სადაც პირველი დამსაქმებელი არის მერია, ამის შანსი დიდია.  მერიას აქვს პროგრამა, რომლითაც ქუთაისის მოსახლეობის 30 % სარგებლობს, რადგანაც ჯამში, კორპუსში მოსახლეობის 30%  ცხოვრობს,  70% საკუთარ  სახლში. ამიტომ  ბიუჯეტიდან მხოლოდ 30 % სარგებლობს და იღებს დაფინანსებას.  ერთ უბანში რაც არის მოსახლეობა, ზოგჯერ ერთ კოპრუსში ცხოვრობს იმდენი,  ამიტომ ჯობია მათი გულის მოგება.  რაც მთავარია, პროგრამა „კორპუსით“ მერია ადამიანების გაზარმაცებას ცდილობს. ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარი ქონების მოვლა და მერიას არ უნდა დაელოდონ. მით უმეტეს, არ უნდა ხდებოდეს სადარბაზოს კარის დაფინანსება, როდესაც სხვა პრობლემებია, სწორედ ეს არის არჩევნებისთვის შექმნილი, რაც ადრეც არ მომწონდა, მაგრამ თანახმა ვარ,  ფართოდ დავხუჭო თვალები,  წინასაარჩენოდ თუ მაინც მოეწყობა რამე“, – განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

ამირან ძოწენიძის განცხადებით, "ევროპულ საქართველოს" ამ დროისთვის უკვე დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია და მალე კანდიდატებიც დასახელდება. მისივე განცხადებით, აქვთ რამდენიმე პროექტი, პენსიის გაზრდას და ბაღების დაფინანსების შეცვლასთან დაკავშირებით.

არჩევნებში მმართველი ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მოლოდინი აქვთ „გირჩის“ ქუთაისის ოფისშიც. ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილის განცხადებით, წინა წლების გამოცდილება ამის მაჩვენებელია.

 

 

„წინა არჩევნებშიც ვისაუბრეთ ამგვარ შემთხვევებზე, რადგან ეს თანმდევი პროცესია არჩევნების, სამწუხაროდ,  ჩვენი საარჩევნო კანონი არ გვაძლევს შესაძლებლობას მთავრობაში მყოფ პარტიას არ მივცეთ ადმინისტრაცული რესურსის გამოყენების შანსი. უკვე შეიმჩნევა რესურსის გამოყენების მცდელობა, თუმცა საარჩევნოდ მეტად შესამჩნევი იქნება  და მოიმატებს პროექტები, რომლებიც ახლოს იქნება მოქალაქეებთან და იქნება ამომრჩევლების გულის მოგების შემთხვევები. ზოგადად მთავარია, ოპოზიციამ ერთად შეძლოს ბრძოლა, არ მიეცეს ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსი. ყველა ხელისუფლების მთავარი მიზანი არის და იქნება დარჩეს ხელისუფლებაში, ამიტომ მოხდება  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მით უმეტეს, როდესაც დაბალი რეიტინგი  აქვს მთავრობას", - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

ცამციშვილის თქმით, "გირჩი" საარჩევნო მარათონში ჩაერთვება, თუმცა ჯერჯერობით  შიდაშერჩევები მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში მოხდება კანდიდატების წარდგენა.

ადმინისტრაციული რესურსის და საარჩევნოდ პროექტების აქტიურ შესრულებაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი  და ქუთაისის საკრებულოს წევრი გია უკლება. მისი განმარტებით, წინასაარჩევნოდ ბიუჯეტიდან თანხების მობილიზება მოხდება და არჩევნების წინ დაიგეგმება მნიშვნელოვანი პროექტები.

„ტრადიცია გრძელდება, კერძოდ, წინასაარჩევნოდ მთელი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება და დახარჯვა. არჩევნების წინ ხდება პროექტების  შესრულება ამომრჩეველზე ზეგავლენისთვის. წელსაც ამას ველოდებით, რომ თვითმმართველობა შეეცდება გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსები, როგორც ხდებოდა წინა წლებში", –აცხადებს უკლება.

"ნაციონალური მოძრაობაც",  მსგავსად  სხვა პარტიებისა, ჯერჯერობით შიდა შერჩევებში არის. ამ დრომდე ქუთაისის ორგანიზაციას არ ყავს ხელმძღვანელი, თუმცა გია უკლება ირწმუნება, რომ ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთვება არჩევნებში,  კონსულტაციები მთავრდება და ერთ კვირაში  მოხდება კანდიდატების წარდგენა.

არჩევნებში მთავრობის მიერ მოსალოდნელ არათანაბარ ბრძოლაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელი გია გოქაძე. მისი განცხადებით, არჩევნებში ხმების მოპოვებისთვის  მმართველ პარტიასთან ერთად ძალოვანი უწყებებიც  არიან ჩართულები.

  "მოახლოებულ თვითმმარველობის არჩევნებს არათანაბარ საარჩევნო პირობებში ხვდება ქუთაისი. ადგილობრივი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობენ არამარტო თვითმმართველობაში დასაქმებული მოხელეები, მათ სასარგებლოდ მუშაობს ძალოვანი სტრუქტურები. მართალია, ყველა ამ ძალოვანს თავიანთი როლი ექნება ამ არჩევნებში, მაგრამ განსაკუთრებული როლს შეასრულებს სუს-ი. აქ მუშავდება ყველა ინფორმაცია პოლიტიკურ პარტიებზე, აქედან ხდება ყველა დეზინფორმაციის გავრცელება და იმ ზონდერ ჯგუფების მობილიზებაც. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე თავდასხმას დეპუტატობის კანდიდატზე და ჟურნალისტებზე უზრუნველყოფდა ძალოვანი სტრუქტურები. ეს პრეცედენტი ძალადობისა მიანიშნებს იმას,  რომ ხელისუფლება ისევ წაახალისებს ამ მოძალადე ჯგუფებს,  რადგან ეს ძალადობა დაუსჯელი დარჩა", -განაცხადა გია გოქაძემ და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების წინასაარჩევნოდ დაგეგმვაც არჩევნების მოგების ერთგვარ შესაძლებლობას იძლევა.

"რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები ითვლება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ კოზირად, მაგრამ ამ გაწამებულ ქალაქში ეს „ფაცი- ფუცი“ გადამწყვეტ გავლენას ვერ იქონიებს არჩევნებზე. არავითარი წინაპირობა არ არსებობს ამ ქალაქში „ქართული ოცნების“ გამარჯვების, მაგრამ ხელისუფლება შეეცდება ქუთაისში ეს არ დაუშვას. აქ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ოპოზიციური სპექტრი რამდენად შეძლებს კოორდინაციას. თუ ეყოფა ადგილობრივ პოლიტიკურ კლასს ამის უნარი, ეს ძალიან მალე გამოჩნდება“, –განაცხადა გია გოქაძემ. 

ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოლოდინებს არ იზიარებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია. მისი  განცხადებით, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების არჩევნებთან დაკავშირება არასწორია, არჩევნები ყოველ წელს ტარდება და ამის გამო ქალაქი პროექტებს ვერ შეაჩერებს.

"არჩევნები თითქმის ყოველწლიურად არის და ამიტომ, როგორ მოვიქცეთ, გავაჩეროთ პროექტები? არ შეიძლება, ეს ერთმანეთს დავუკავშიროთ. როდესაც გამოგვიყო რეგიონული განვითარების ფონდმა თანხა, მაშინ დავიწყეთ პროექტების შესრულება. გამოცხადდა ტენდერი.  ასე ხდებოდა შარშან, შარშანწინ და ეს ჩვეულებრივი პროცესია. თუ  ოპოზიციაში  რაიმე კონკრეტული ბრალდება აქვთ, შემიძლია მასზე ვუპასუხო. თუმცა იმის თქმა, თუ რატომ ეწყობა გზები, იდგმება ატრაქციონები, შუქნიშნები, კუნძულები და ეწყობა ეზოები,  ამის არჩევნებთან დაკავშირება არის აბსურდული", -განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

 

  

არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერჯეობით უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ წელს არჩევნებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსით 7 ქალაქი ვეღარ შეხვდება, მათგან განცხვავებით  ქუთაისს შესაძლებლობა აქვს  მერი პირდაპირი წესით აირჩიოს. გაუძლებს თუ არა მმართველი პარტია ცდუნებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც მესამე სექტორში განმარტავენ, ეს დამოკიდებულია იმაზე,  რამდენად აქტიური იქნება ოპოზიცია და საზოგადოება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა