|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინტერვიუ აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლის მონაწილე ოთარ კალმახელიძესთან

ოთარ კალმახელიძე აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შინდისის ბრძოლის მონაწილეა. უმძიმესი დღეები გამოიარა. საუბარი დღესაც უმძიმს, მაგრამ მზად არის  კიდევ ერთხელ გაიხსენოს ყველა დეტალი. იმისთვის, რომ ქვეყანა იცნობდეს მის თანამებრძოლებს, გმირებს. გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირეს...

ოთარ კალმახელიძე: დღემდე ძალიან რთულია ჩემთვის იმ დღეების გახსენება. ოთახის, სადაც ბიჭებთან ერთად ვიყავი. მათგან ზოგიერთი ჩემ თვალწინ ბრძოლაში დაიღუპა. როდესაც რუსულ აგრესიას ებრძოდნენ. დღე ისე არ ჩაივლის, იმ შემზარავი დღის კადრები თვალწინ არ გადამეშალოს. საკუთარ თავს არც ვიხსენებ. მაშინაც და ახლაც _ ვერ ვეგუებოდი ორ რამეს, როგორ იპყრობდა რუსეთი ჩემს ქვეყანას და როგორ მიკლავდა მეგობრებს, ქართველ ჯარისკაცებს, თანამედროვეობის გმირებს.
თითქოს, არაფრით განსხვავებული დღე იყო. ყველა მხრიდან თანაბრად ვიგერიებდით მოწინააღმდეგის იერიშს. ცხინვალის გადარჩენას ვცდილობდით. რუსული თვითმფრინავი ძალიან ახლოს დაფრინავდა. ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე და თვალები დავხუჭე. როგორც მეუბნებიან, დაახლოებით 10 წუთი უგონოდ ვეგდე. თვალი ჯოჯოხეთში გავახილე. ვგრძნობდი სისხლისგან ვიცლებოდი, მაგრამ საკუთარ თავზე არც მაშინ მიფიქრია. ჩემ გვერდით ერთ-ერთ ჯარისკაცს არტერია ჰქონდა გადაჭრილი, ზოგს ხელები ჰქონდა მოგლეჯილი, ხმები ბუნდოვნად მესმოდა... ბიჭები შველას ითხოვდნენ, დანარჩენებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ. ვისაც ფიზიკურად შეეძლო, ბოლო წუთამდე იბრძოდა. დაჭრილები ერთმანეთის გაყვანას ვცდილობდით. ბოლო ძალებს ვიკრებდით, რომ ქვეყანა დაგვეცვა.
საჰაერო დაბომბვა ნახევარ საათს გაგრძელდა. ბევრი თანამებრძოლი დაგვიჭრეს. მეორე შეტაკების შემდეგ ხელის მტევანი დავკარგე, გადავიხვიე და ერთ-ერთი მაღაზიის შენობაში შევედი. სიცოცხლისთვის ძალიან საშიში დაზიანებების მიუხედავად, მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი _ რუსს ქართველი სამხედრო ვერ უნდა მოეკლა. რამდენიმე დღე სარდაფში ვიცხოვრე. ზემოთ არ მიშვებდნენ... მე კი მხოლოდ ის მინდოდა, იარაღი ისევ ამეღო და ჩემი ქვეყნის დასაცავად ბრძოლა გამეგრძელებინა.
მითხრეს, რომ ტელეფონით გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს, ქართველი სამხედროები როგორ მივმართავთ რუსებს _არ დაგნებდებით, არ დაგითმობთ ჩვენს ქვეყანას. ვიღაცას ვიდეოზე აღუბეჭდავს ის გულწრფელი ემოციები, რაც იმ კრიტიკულ სიტუაციებში გვქონდა. ვცდილობ მოვიპოვო ეს ვიდეო და როდესაც მექნება აუცილებლად გავასაჯაროებ.


_ როგორც ვიცი, ოჯახმა ისიც არ იცოდა, აგვისტოში საკუთარ ქვეყანას იარაღით რომ იცავდით...


_ დიახ, დედაჩემმა არ იცოდა. როდესაც დამჭრეს და შემდეგ გონს მოვედი, დარეკვას ვცდილობდი, მაგრამ ტელეფონი გატეხილი იყო. მეგობრის ტელეფონით დავურეკე, მისი ხმის მოსმენა მინდოდა. თურმე 4 დღე-ღამე დივანზე ტელევიზორის წინ იჯდა და ახალ ამბებს ისმენდა. გვერდით ტელეფონი ედო და ჩემს ზარს ელოდა. იცოდა, რომ რეზერვში ვიყავი და ძალიან ნერვიულობდა. როდესაც დავურეკე, სიხარულისგან დაიბნა და მისაყვედურა _ ამდენ ხანს როგორ არ გამოჩნდიო.
იცით, ახლა რა გამახსენდა? ჩემი მეგობრის, რუსების მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი ერთ-ერთი ჯარისკაცის უკანასკნელი სიტყვები _„რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა ჩემს ოჯახს ბოლოჯერ ჩავხუტებოდიო...


_ რა იყო შემდეგ?...


_ შემდეგ იყო სარეაბილიტაციო პერიოდი, რომელსაც დღემდე გავდივარ. საბედნიეროდ, ხელის გადარჩენა შეძლეს, გამიწიეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც, რისთვის დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ახლა ნელ-ნელა ფორმაში ჩადგომას ვცდილობ და ისევ განვაგრძობ აქტიურ სამხედრო საქმიანობას. საერთაშორისო მისიაში მინდა მონაწილეობა და ვემზადები.
თუმცა, არ მტოვებს ემოციები, რომელიც საკუთარ თავში სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ აღმოვაჩინე. ბევრს ვფიქრობ ბიჭებზე, ვინც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა. მენატრებიან და რაც მთავარია, თითოეული დააკლდა საქართველოს. აგრესორის მიზანიც ხომ ეს იყო- ქართველი ჯარისკაცები უნდა მოეკლა, ქართული მიწა უნდა წაეღო.


_ დღესაც ხომ არიან ადამიანები საბჭოთა კავშირს რომ მისტირიან. ყველას დიდ პატივს ვცემ მაგრამ იცით რა არის?


_ ჭამდნენ, სვამდნენ, სამსახური ჰქონდათ მაგრამ არ ჰქონდათ მთავარი საკუთარი თავის უფლება _ თავისუფლება. ჩემი, ერთი რიგითი ჯარისკაცის სურვილია _ ამაზე დაფიქრდნენ.
საქართველოს ნეიტრალიტეტიო ხშირად მესმის. ზოგი პოლიტიკური ქულების დაწერასაც ცდილობს. იცით ამაზე ვინ საუბრობს? ვინც რუსულ აგრესიას ვერ იაზრებს. ნეიტრალიტეტი მახეა _ რუსეთის დაგებული მახე. როგორ უნდა დავუმეგობრდეთ რუსებს, როდესაც მათ როგორც მეგობრები არ ვჭირდებით?! რუსეთი ჩემი მტერია! ჩვენ რუსების მოსაკლავი ქართველები არ გვყავს! რუსების მოსაკლავი გმირები არ გვყავს!
ჩემი ქვეყნის გვერდით, ჩემი ქვეყნის დასაცავად ბოლომდე ვიდგები.

 

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

 

 

 

ავტორი: