|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქვეყნის დასავლურ პერსპექტივებზე, ქართულ შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

 

"შეიარაღებული ძალები ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია"


_ საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველაზე საუკეთესოა. საუკეთესო ნაწილია ქართველი საზოგადოების. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ბოლომდე გაჰყვე, რომლებთან ერთადაც შეგიძლია, იამაყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული ჯარი ქვეყანას მის გარეთაც ღირსეულად წარმოაჩენს და ქართველი სამხედროები სახელმწიფო დროშას ამაყად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ატარებენ.
ქართული ჯარი ზუსტად ისეთია, როგორიც ქართული სახელმწიფო. ქართული სახელმწიფო, რომელიც ქართულ ჯარს, მის მიერ განვლილ ისტორიას ეფუძნება, ეს ორი ამბავი იმდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ძალიან რთულია თქვა, სად იწყება ერთი და სად გრძელდება მეორე. ქართულ ჯარს დღეს აქვს იგივე პრობლემები, რაც აქვს ნებისმიერ ჩვენგანს, ჩვენს მოქალაქეს. ქართულ ჯარს აქვს იგივე გამოწვევები, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს... ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისინი ქმნიან თანამედროვე ქართული ისტორიის, სწორედ, იმ სასახელო ფურცლებს, რომელსაც ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ და შემდეგ ჩვენ ვსწავლობდით, რომლითაც ვიზრდებოდით, რომლითაც ვამაყობთ. დღეს, ჩვენ თვალწინ, სწორედ, ის ბიჭები და გოგონები ქართულ სამხედრო ფორმაში ქმნიან ამგვარი ისტორიის ფურცლებს, რომლებსაც ქართული სამხედრო ფორმა აცვიათ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა, რაც შეიძლება მეტი გვერდით დგომა გამოვიჩინოთ ქართველი სამხედროების მიმართ. არასოდეს, არსად ჯარს მარტოს არ მოუგია არც ერთი ომი, არასოდეს არსად ჯარი არ ყოფილა ერთადერთი გარანტი თავისუფლების, თუ ყველა მისი მოქმედება, ყველა მისი ნაბიჯი არ იყო მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ. ჩემი ამოცანა და თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ამ ორის ერთობა _ ჯარის და საზოგადოების ერთობა, _ აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

 

„რეზერვის კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია ნებაყოფლობითობაზე, პროფესიონალიზმსა და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე“


„მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის წარმატება და ხიბლი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას შევთავაზეთ, არის ის, რომ ადამიანები აკეთებენ ნებაყოფლობით არჩევანს, რომ იმსახურონ იქ, სადაც ყველაზე კარგად გამოსდით, ისე, როგორც უნდათ და იმ ფარგლებში, როგორც წარმოუდგენიათ; ისე, რომ არავის შეექმნას პრობლემა და ამასობაში იყვნენ საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცები ნებისმიერ დროს, როდესაც ქვეყანას ეს დასჭირდება, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რეზერვის კონცეფციაზე საუბრისას.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კამპანია, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის და მობილიზაციის საკითხზე წამოიწყო, დაფუძნებულია ნებაყოფლობითობაზე, პროფესიონალიზმსა და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიტანეთ საჯარო განხილვებისთვის კონცეფცია, სადაც წერია, რომ ვქმნით პროფესიულ რეზერვს. რას ნიშნავს პროფესიული რეზერვი? _ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჰიბრიდული ომის პირობებში, რაც ნიშნავს მედიაომს, ანუ პროპაგანდისტულ ომს, კიბერომს, ანუ ინტერნეტსივრცეში ომს. პროფესიული რეზერვი ამ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თუ გადაწყვეტთ, იყოთ თქვენი ქვეყნის რეზერვისტი ჟურნალისტი, ამის გაკეთება სტუდიიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ზუსტად იქედან, სადაც მუშაობთ, სადაც ყველაზე კარგად გამოგდით თქვენი საქმე და საიდანაც ემსახურებით თქვენს ქვეყანას, _ განმარტა გადაცემის წამყვანთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ივნისში მედიარეზერვის პროექტს ყველა ჟურნალისტს შესთავაზებს.
„ვისაც სურვილი და ინტერესი ექნება, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. ჩვენ შევეცდებით, როგორც ჩვენ გვესმის, როგორც ამას თანამედროვე დოქტრინები ამბობს, გასწავლოთ, გაჩვენოთ, თუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან პროპაგანდა და სიმართლე, მოწინააღმდეგის ინტერესი და საკუთარი ქვეყნის ინტერესი. ეს არის ამოცანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია პროპაგანდისტული ომის პირობებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2008 წელს. იგივე ეხება კიბერუსაფრთხოების მიმართულებას. თუ თქვენ მუშაობთ ბანკში, ხართ წარმატებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, გექნებათ სპეციალური კოდები და თუ ქვეყანაზე ხორციელდება კიბერშეტევა, შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ ქვეყანას საკუთარი სამუშაო სივრციდან ან სახლის კომპიუტერიდან, რითაც თქვენ უცბად, ერთ წუთში აღმოჩნდებით თქვენი ქვეყნის ჯარისკაცი... ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს სამხედრო რეზერვს. სამხედრო პროფესიონალებიც ძალიან ბევრნი არიან ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც რამდენიმე კონტრაქტით აქვთ შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები, დღეს აღარ არიან შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ხვალ და ზეგ თუ ამის სურვილი ექნებათ, იქნებიან არმიის რეზერვი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს ჩაანაცვლებს დანაკარგებს, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“


„მე ვიცი ზუსტად, ის, რაც წერია დოკუმენტებში, ის, რაზეც საუბრობენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ის, რაც ხდება ნატოს მინისტერიალებზე... მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მონტენეგროს მიწვევა დეკემბერში ნატოს წევრობისთვის არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და არავის ნატოს კარი არ ჩაუკეტავს“. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დეკემბრის მინისტერიალის ტექსტი, სრულიად ცალსახად ამბობს, რომ მაპი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესის ნაწილი.
საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ მაპი არის საქართველოს წარსული და ამას თავის დაზღვევის მიზნით არ ვამბობ... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ ქვეყანას, რომელიც სოციალისტური ბანაკის გაქრობის შემდეგ ნატოს წევრი გახდა, არ ჰქონია არაფერი იმის მსგავსიც კი, რაც 19 მაისს იქნება საქართველოში. 19 მაისს ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი გამოშვების ღონისძიება. ველოდები, რომ წინადადებების პაკეტი, რომელიც თებერვლის თავდაცვის მინისტერიალზე წარვადგინე და, რომელიც ერთადერთი ამოცანის მატარებელია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იყოს გაცილებით ფართო, მეტი ინსტრუმენტით დატვირთული, მეტი შესაძლებლობების მატარებელი შეჩერების პოლიტიკის ეფექტიანობისთვის, იყოს რეალიზებული ვარშავაში. ამ წინადადებებზე მიმდინარეობს მუშაობა, ამ წუთას თითქმის 90%-ზე მწვანე შუქი გვაქვს და დასტური გვაქვს ნატოდან“_ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ARMY CARD-ის პროექტი სხვადასხვა ბიზნესკომპანიების მხრიდან ქართული შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას ARMY CARD-ის პროექტის შესახებაც ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ეს პროექტი სხვადასხვა ბიზნესკომპანიის მხრიდან ქართული შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს და მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას უკვე 25 კომპანია გამოეხმაურა.
„მომავალი კვირიდან დავიწყებთ ამ კომპანიების დასახელებას და დახმარებისთვის მადლობის თქმას. ეს არის, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ქსელში ფასდაკლებები, ეს არის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა. მთავარი ამოცანა ამ პროექტის არის ის, რომ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე არის ქვეყნის სამსახურში, როდესაც ის არის ბრძოლის ველზე, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის დაცული. ამას მხოლოდ სახელმწიფო, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გააკეთებს ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ახლო წარსულსა და აწმყოს შორის ის განსხვავებაა, რომ ბიზნესმენები პროექტში საკუთარი ინიციატივით ერთვებიან და სამთავრობო უწყებები მათ თანამშრომლობას არ აიძულებენ.
„მე პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრს, პრაქტიკულად არც ერთ ბიზნესმენთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, ზუსტად იმ მძიმე გამოცდილებით, რომ თეორიულადაც კი არავის გასჩენოდა რამე ვალდებულების გრძნობა. ეს ვალდებულება ადამიანს ან აქვს, ან _ არა. ამას ვერ გაუჩენ, ამას ვერავის დააძალებ. პირველივე დაძახილზე მივიღეთ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები, მომავალი კვირიდან ჩვენ ყველა მათგანს მადლობას გადავუხდით და მათ შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ, _ თინათინ ხიდაშელმა ARMY CARD-ის“ პროექტზე განაცხადა.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა