|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ISFED საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ხარვეზებზე საუბრობს

19 აგვისტოდან დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა, რომელიც კანონის თანახმად, 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 
 
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა (ე.წ. პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება) განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს, ვინაიდან საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა შეარჩიონ პროფესიონალიზმის და სააპლიკაციო განაცხადების შესაბამისობის საფუძველზე, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისგან გამორიცხვის გზით. 
 
„სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურის მიმდინარეობის ხარვეზების შესახებ. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროებიდან შეიტყვეს ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. 
 
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს მსგავსი სიები ხელთ ქობულეთის, სამტრედიისა და სენაკის ოლქებში ჩაუვარდათ. საოლქო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აღნიშნულ სიებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ ქობულეთის საარჩევნო ოლქში შერჩეული საუბნო კომისიის წევრები თითქმის სრულად დაემთხვა სიას, სამტრედიის ოლქში კი, საუბნო საარჩევნო კომისიის 300 არჩეული წევრიდან 256 აღმოჩნდა ე.წ. „წინასწარ სიაში“. აღსანიშნავია, რომ სენაკში საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჯერ არ გამართულა.
 
გარდა ამისა, გორში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ძირითადად, ხმას აძლეცვდნენ წევრობის რიგით პირველ 6 კანდიდატს. მსგავსი პრაქტიკა საოლქო საარჩევნო კომისიებში გასულ წლებშიც იყო რაც აჩენდა ეჭვებს, რომ სასურველი კანდიდატები რიგითობით სხვა კანდიდატებზე წინ იყვნენ დაყენებული.
 
თავისთავად, საოლქო საარჩევნო კომისიების ან ინდივიდუალური წევრების მიერ საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატების წინასწარ განხილვა პრობლემას არ წარმოადგენს. საოლქო კომისიის წევრებმა უნდა შეიქმნან წარმოდგენა საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესახებ, რასაც კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიები წინასწარ აჯერებენ საკუთარ პოზიციებს და ადგენენ შერჩეული კანდიდატების სიას, პროცესის გამჭვირვალობისთვის, მნიშვნელოვანია ცნობილი იყოს თუ როდის და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩია კომისიამ ესა თუ ის კანდიდატი. ეს პროცესი ასევე ღია უნდა იყოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის.
 
ხოლო თუ აღნიშნული სიების შედგენა წინასწარი განხილვის გარეშე ხდება, ეს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს. მათ შორის, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომისიის საქმიანობაში ჩარევას, ან საუბნო საარჩევნო კომისიების შესარჩევ კანდიდატებზე მესამე პირებთან კონსულტაციას.  
 
საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დაკომპლექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცესკოს და მასზე დაქვემდებარებულ საოლქო საარჩევნო კომისიებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესს, რათა იგი წარიმართოს გამჭვირვალედ და დარღვევების გარეშე. მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დაუშვას საკუთარ საქმიანობაში გარე პირთა ჩარევა და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად წარმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს საარჩევნო პროცესს. 

ავტორი: ნიუპრესი