|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კახიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდა.

კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უცვლელი პრიორიტეტია. ამასთან, მინისტრმა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა პატიმართა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, დოჯისა და კოლუმბიის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ და თავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებებსა და ჯონ ბურკის სასჯელაღსრულების ცენტრს ესტუმრა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებაში ვიზიტი იყო, რადგან პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოში ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების გახსნასაც ითვალისწინებს. მსჯავრდებულებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების და ოჯახთან სტუმრობის, დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და სამსახურის მოძიების შესაძლებლობა ექნებათ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ვისკონისნის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შეხვედრების დასრულებისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ვისკონსინის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის რამდენიმეწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა მჭიდრო ურთიერთანამშრომლობაში გადაიზარდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა