|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად ბექა ყურაშვილი ინიშნება?

ქუთაისის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესის შედეგად ამ დროისათვის ხუთი სამსახური ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსად ბექა ყურაშვილი ინიშნება, რომელიც ქალაქის მერთან დაახლოვებული პირია.

ყურაშვილი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმე თვეა უფროსი სპეციალისტის პოსტს იკავებს. ის სამხარეო ადმინისტრაციაში 2017 წლის 6 ივნისიდან მუშაობს.

ცნობილი ხდება ისიც, თუ ვინ დაიჭერს სამსახურის უფროსის მოადგილეებსის პოსტებსაც. მოადგილეებად მირზა ხიდაშელი და კარლო კუხიანიძე განიხილებიან. ხიდაშელი ამ დროისათვის ქალაქის საკრებულოში, კუხიანიძე კი საბინაო სამსახურში მუშაობს.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არ ადასტურებენ.  როგორც მერიაში აცხადებენ, სამსახურის უფროსების შერჩევა კონკურსის გზით მოხდება. 

ამ დროისათვის საკრებულოს მიერ ძალადაკარგულადაა გამოცხადებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ არსებული განკარგულებები, ასევე  ატესტაციის ჩატარების შესახებ და ვაკანტურ თანამდებობათა დაკავების არსებული წესები, კონკურსის ჩატარების ახალი წესი კი მიღებული არ არის.

შეგახსენებთ, საკრებულომ ქუთაისის მერის მოთხოვნას სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე კენჭი ბოლო სხდომაზე უყარა. უმრავლესობამ მერის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოპოზიციამ კი რეორგანიზაციის მიზეზების განმარტება მოითხოვა. 

ავტორი: ნიუპრესი