|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტონობით წყალი იღვრება და აბონენტს სამი ლარის გამო წყლის მიწოდებას უზღუდავენ"

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში დაზიანებული მილიდან წყლის ქცევა გააპროტესტა  "თავისუფალი საქართველო"-ს ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ.
წულაიას თქმით, მაშინ, როცა წყლის გადასახადის გადაუხდელობის გამო აბონენტს წყლის მიწოდებას უზღუდავენ, დანაშაულია დაზიანებული მილის არსებობა, საიდანაც ტონობით წყალი იღვრება.

 „აქედან წყალი თითქმის წელიწადია, რაც იღვრება, ეს მაშინ როცა სამი ლარის გამო აბონენტს წყლის მიწოდებას უზღუდავენ. „კობრა“-ს გაკეთებულია ეს საქმე, მოკითხეთ კობრასო, კობრა უკვე ესპანეთშია და სხვათა შორის, აქ გამომუშავებულ დოლარებს იქ ხარჯავენ. კობრამ SMK-ზე უკეთ იმუშავა, SMK როგორც მუშაობს, ვიცით", -აღნიშნა წულაიამ. 

მისივე თქმით, ერთი თვის წინ მეორე, შედარებით დიდი მილი იყო დაზიანებული, საიდანაც წყალი უფრო მასიურად იღვრებოდა, თუმცა ამჟამად დაზიანებული მილი შეკეთებული დახვდა.

შეგახსენებთ, ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ესპანური კომპანია "კობრა" მუშაობდა, ამჟამად აღნიშნულ სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი თურქული ფირმა SMK ახორციელებს. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე