მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას სპეციალური კომისია შეისწავლის
ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაღაროს ხელმძღვანელობა უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარდაცვლილი ელმავლის მემანქანე იყო.
შიდა მოკვლევით, უბედური შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.
მემანქანის პაატა ღავთაძის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის მომხდარი ფაქტის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს. პროფკავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით
უბედური შემთხვევა 3 დეკემბერს ჭიათურაში, სოფელ ითხვისში არსებულ პატარიძის სახელობის მაღაროში მოხდა. პაატა ღავთაძე მაღაროში მემანქანედ 3 წელი მუშობდა.
თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, სპეციალური კომისია დაადგენს იყო თუ არა ეს უბედური საწარმოო შემთხვევა.
„პირველადი ინფორმაციით, მემანქანე მანევრს აკეთებდა. ელმავლიდან თავი გაყო, რის შედეგადაც პარალელური ლიანდაგების ხაზზე მოძრავი ვაგონზე თავის მირტყმის შედეგად ტრავმა მიიღო. როგორც მეუბნებიან, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, ვიწრო ადგილია და ორი შემადგენლობა ერთმანეთს გვერდს უქცევს. როგორც კი პოლიცია ადგილზე მუშაობას დაასრულებს, სპეციალური კომისია შედგება. შპს „ჯორჯიან მანგანუმს“ წერილი უკვე მივწერეთ, რომ კომისია შეიქმნას და მასში პროფკავშირის ინსპექტორი იყოს ჩართული“,- განაცხადა დოლაბერიძემ.
მისივე თქმით, კომპანიისგან კომისიის შექმნაზე თანხმობა მიიღებულია.
ავტორი: ნიუპრესი