|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაწანწალა ძაღლები მოქალაქეების მიმართ აგრესიულები არიან"

ქუთაისში მესამე საჯარო სკოლასთან რამდენიმე დღის წინ ქუჩის ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. ადგილობრივების განცხადებით, ბოლო პერიოდში მაწანწალა ძაღლები მომრავლდნენ და ისინი მოქალაქეების მიმართ აგრესიულები არიან. მოქალაქეების პროტესტს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

"ქალაქის ცენტრში, იქ სადაც ტურისტები იკრიბებიან, მაწანწალა ძაღლების ხროვაა. ძაღლები არიან აგრესიულები და მოქალაქეებს აშინებენ. მოვუწოდებ მერიას, სასწრაფოდ მიხედონ მაწანწალა ძაღლებს, კეთილი ინებონ და თავშესაფარში გადაიყვანონ, თვითონ დაიკლონ და ძაღლებს აჭამონ",-აცხადებს წულაია. 

"მაწანწალა ძაღლების სიმრავლიდან გამომდინარე, მოქალაქეებს დისკომფორტი გვექმნება. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ქუჩაში ძაღლმა შეაშინა, რის გამოც დღემდე პანიკაშია. რაღაც უნდა შეიცვალოს, რომ ქუჩაში გამოსვლის არ გვეშინოდეს",-განაცხადა ქეთი ბიბილეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ააიპი "სპეციალური სერვისებში" აცხადებენ, რომ ძაღლები მოქალაქეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. პრესსამსახურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს რაიმე დისკომფორტი შეექმნათ, შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე. 

"თავშესაფარში მოხვედრილი ძაღლი აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ გამოკეტილი უნდა იყოს სამუდამოდ. პირიქით, ძაღლი, რომელსაც ჩაუტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ის არ იქნება ადამიანისთვის საშიში, უნდა გავუშვათ თავისუფალ ზონაში. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში მომრავლებულ ძაღლებს, ისინი მიდიან იქ, სადაც აჭმევენ და თბილად ექცევიან. თუ მოქალაქეებს შეექმნებათ დისკომფორტი, შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე და ჩვენ მოვახდენთ პატრულირებას",-აცხადებს  გიორგი მჟავანაძე.

 სპეციალური სერვისების ცხელი ხაზის საკონტაქტო (0431) 26 57 36

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა