|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას უქადის მოსახლეობას მდინარეზე მიერთებული კანალიზაცია?

ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მოსახლეობა კანალიზაციის ქსელის მოწესრიგებას, წლებია, ითხოვს. ადგილობრივებმა მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. კანალიზაციის სისტემის მოუწესრიგებლობის გამო მოსახლობის ნაწილი კანალიზაციის პრობლემის გადაჭრას საკუთარი ხარჯებით ცდილობს, ნაწილმა კი შედარებით იოლი გამოსავალი იპოვა და კანალიზაცია პირდაპირ სანიაღვრე არხებზე დააერთა.

   ადგილობრივი დოდო ჯანელიძის განცხადებით, მას არ აქვს შესაძლებლობა ყოველ 6 თვეში ერთხელ დაიქირაოს მანქანა. "ავადმყოფი მყავს სახლში, მის მკურნალობასაც კი ვერ ვახერხებ და ყოველთვის მანქანის დაქირავებას როგორ შევძლებ?  ჩვენს პრობლემას ისიც დაემატა, რომ ქუჩაზე გზის დაგებისას სანიაღვრე არხები გადააბეტონეს, წვიმებზე ჩამოსულმა ნარჩენებმა კი ახრი გაჭედა და წყალი ეზოებსა და  „საკანალიზაციო ორმოებში“  შევიდა.  ახლა სადღა მაქვს თანხა ისევ მანქანა მოვიყვანო, ვითხოვთ დახმარებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ეს საკითხი",–განაცხადა დოდო ჯანელიძემ.

პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი. მზეო გიორგაძის განცხადებით, გზის მშენებლობის დროს მიმართეს მერიას მოეხდინათ კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებაც, რაზედაც უარი მიიღეს.

"ბარემ გაჰყავდათ ეს გზა და ვუთხარით, რომ კანალიზაციაც მოწესრიგებულიყო და დაეერთებინათ ზედ, მაგრამ არ გააკეთეს. თქვეს, რომ მომავალში იგეგმება კანალიზაციის პრობლემის მოწესრიგებაო, რა გამოდის, ისევ უნდა გადათხარონ ეს გზა და ორმაგი ხარჯი გაიღონ. აღარ გვჯერა, რომ საერთოდაც მოწესრიგდება"–განაცხადა მზეო გიორგაძემ.

პრობლემა გაცილებით რთულდება ზაფხულის პერიოდში, ღია არხებზე მიერთებული კანალიზაცია ეპიდემიების საფრთხეს ქმნის. არხებსა და მდინარეებზე მიერთებული კანალიზაცია მასშტაბური საფრთხის შემცველი რომ არის, ადასტურებს  თეიმურაზ კეპულაძე -  არასამთავრობო ორგანიზაცია  "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა  –დედამიწის მეგობრები" იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის კოორდინატორი.

კეპულაძე წლების განმავლობაში გარემოს დაცვის თემებზე აქტიურად მუშაობს, მისი შეფასებით, მდინარეებზე პირდაპირ მიერთებული საკანალიზაციო მილები  და სანიაღვრე არხები კატასტროფების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

"მდინარეში კანალიზაციიდან გამოსული ფეკალური მასებისა და სანიაღვრე არხების ჩადინება კატეგორიულად არ შეიძლება. ეს  პირდაპირ ინფექციის წყაროა და არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზი  შეიძლება გახდეს.  2003–2004 წლებში სპეციალისტებთან ერთად ანალიზი ჩავატარეთ მდინარე რიონში ჩამდინარე წყლებზე. ეს იყო ზაფხულზე, მაშინ, როდესაც ჰესი არ უშვებდა წყალს ქალაქში, ეს არის კიდევ უფრო რთული მდგომერაობა,  ამ დროისთვის არ ხდება განზავება  და   პრაქტიკულად, ფეკალიები მოედინება მდინარეში,  რის შედეგადაც ყველა დაავადებას უნდა ველოდოთ. კიდევ ერთი უბედურებაა გორაზე, იქ „სასულეები“, კარსტებია -   სათაფლიის  გაგრძელება  და მოსახლეობას პირდაპირ ზედ აქვს დაერთებული კანალიზაცია.

 

   

 

 

რთული მდგომარეობაა მდინარე რუას კალაპოტზე, სადაც  საქათმეები და საღორეები არის აგებული. ქალაქში ძალიან ბევრ უბანში მოსახლეობას  კანალიზაცია მიერთებული აქვს სანიაღვრეზე",–განაცხადა კეპულაძემ.

მისი განცხადებით, მდგომარეობას ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების არარსებობა ართულებს.  პატრიკეთის გამწმენდი ნაგებობა კი თავიდანვე გაუმართავი იყო და სათანადო მომსახურებას ვერ მოახდენდა.

აღსანიშნავია, რომ დაბინძურებული მდინარე რიონის წყალს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რაც ზრდის რისკს, რომ მოიწამლება ყველა ის პროდუქტი, რაც შემდეგ ბაზარზე ხვდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ ქვაჩაკიძის განცხადებით, კანალიზაციაზე დიდ საფრთხეს მდინარეებს ღვარსადენებიდან ჩამდინარე წყლები უქმნის. რის გამოც მდინარეებში მომატებულია ბიოგენების შემცველობა.

ავტოქარხნის დასახლების მსგავსად,  ამ დროისათვი ქუთაისში კანალიზაციის პრობლემა აქვს საქუსლია–გორას დასახლებას, საფიჩხიის ნაწილს, ჭომას, ჭახათას. ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით,  25  პროცენტს.

რთული მდგომარეობაა მინარე ოღასკურაზეც, სადაც კალაპოტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. ადგილობრივები ნარჩენებს უშუალოდ მდინარეში ყრიან. ვითარებას მდინარის ნაპირებზე თვითნებურად აგებული ავტოფარეხები, საღორეები და საქათმეები ართულებს. ამ დაბრკოლებების გამო მდინარე ყოველი ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას პრობლემას უქმნის.

 საკანალიზაციო ქსელის სრულად მოსაწესრიგებლად ევროპის საინვესტიციო ბანკმა ქუთაისს დაახლოებით 110  მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია გამოუყო.  აღნიშნულის შესახებ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გაჟღერდა. ინვესტიციის ფარგლებში ქუთაისში წყალარინების პრობლემა საბოლოოდ უნდა მოიხსნას.

პრობლემა რომ დროულ მოგვარებას საჭიროებს, ადასტურებენ მერიაშიც და იმის ნიშნად,  რომ კანალიზაციის სისტემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ, სწორედ საინვეტიციო ბანკის ინვესტიციაზე  მიუთითებენ.

ქუთაისის ვიცე–მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, შესწავლა და საერთო სურათის შექმნა, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში და რა რაოდენობის თანხაა საჭირო  პრობლემის გადასაჭრელად.

"ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი,  ამ დროისათის ამაზე დეტალურად საუბარი შეუძლებელია. ჯერ უნდა შედგეს პროექტი,  შემდგომში განისაზღვროს სამუშაოები.  ეს  გარდა იმისა, რომ მოაწესრიგებს კანალიზაციის პრობლემას, არის მნიშვნელოვანი  ეკოლოგიის კუთხით. მოეწყობა  გამწმენდი ნაგებობა, რაც არის ყველაზე ძვირადღირებული  ნაწილი პროექტისა",–განაცხადა მიქიაშვილმა.

 როდის დაიწყება სამუშაოები და რა ვადებში დასრულდება, ამაზე საუბარი ვიცე-მერს უჭირს. პროექტი, სავარაუდოდ, 2017 წელს დაიწყება და დასრულების ბოლოს ქუთაისს საკანალიზაციო ქსელის პრობლემა საბოლოოდ მოეხსენება.

ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, გარდა იმისა, რომ აგვარებს კანალიზაციის პრობლემას, ხდება ნარჩენის მეორადი გამოყენება სასუქის სახით, ამის კარგი მაგალითია ბათუმის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს და რომლის წყალობითაც, შავ ზღვაში ფეკალიების ჩადინება შემცირდა.  გადამუშავებულ ნარჩებებს კი ქალაქის გამწავნებაში აქტიურად იყენებენ.

   

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა