|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის ერთ-ერთი მსხვერპლი“

ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება. 

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი მთავარ პროკურატურას მიმართავს და საგამოძიებო ორგანოსგან პასუხს ითხოვს თუ რატომ ფორმდება საპროცესო გარიგებას პირებთან, რომლებიც წლების განმავლობაში პირადი ცხოვრების კადრების გადაღებით და ფარული მიყურადებით იყვნენ დაკავებული.  

"მე მოთმინებით ველოდები გამოძიების დამთავრებას, იმიტომ რომ მეც ვიყავი აი ამ ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი. ველოდები პასუხს პროკურატურისგან. დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ეტაპზე დააკავეს, საპროცესო გარიგებით უშვებენ და მე სწორედ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავუსვი პროკურატურას," - განაცხადა თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.  მისი თქმით, არ შეიძლება, როდესაც არსებობს საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესი, საზოგადოებამ არ იცოდეს, რატომ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ ადამიანებთან.  

„ასეთ დროს ერთადერთი პასუხი არის ის რომ ისინი აძლევენ პროკურატურას ჩვენებას იმაზე უფრო მაღალი სიკეთის დასაცავად, ვიდრე რის გამოც თავად არიან პასუხისგებაში. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვიცოდეთ, მათი მხრიდან საფრთხე ნეიტრალიზებულია თუ არა. ერთხელ თუ ქონდათ მათ წვდომა, შესაძლებელია ხვალ და ზეგ ისევ იყვნენ ისინი საფრთხის მატარებელი. აქ ძალიან ბევრი კითხვებია. მე არ ვიცი გიორგი პაპუაშვილი ზუსტად რაზე საუბრობდა, თუმცა იმ ინფორმაციიდან რაც მედიაში იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იმავე ხაზის გაგრძელებაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ავტორი: ნიუპრესი