|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევას აქვეყნებს,  რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ქართულ მედიასივრცეში არსებულ სიტუაციას ასახავს. კვლევაში ანიშნულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდა.  ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული მედიასივრცე უფრო პლურალისტური გახდა, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ცვლილებებიც მიუთითებს. აამასთანავე,  2015 წელს მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა, 2012 წლამდე პერიოდისგან განსხვავებით, სახელმწიფო აღარ ერევა სარეკლამო ბაზარში და ის ნაკლებად მონოპოლიზებულია.


„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მაჩვენებელი მედიის თავისუფლების რეიტინგებში გაუმჯობესდა. საქართველო 2012 წლიდან დღემდე რამდენიმე პუნქტით დაწინაურდა საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ რეიტინგში. ეს პროგრესი, ერთი მხრივ, აიხსნება საქართველოში მედიასივრცეში გარკვეულწილად პოზიტიური ძვრებით და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის წარმატებით დასრულებით, ხოლო მეორე მხრივ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის თვალსაზრისით გაუარესებული სიტუაციით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო როგორც მედიასაშუალებებს, მათ მფლობელობას და წამყვან ჟურნალისტებს, ასევე სარეკლამო ბაზარსაც.

ბოლო წლების მანძილზე პირველად 2015 წელს მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო. ტელევიზიების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები 2015 წელს წინა წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა, თუმცა უნდა აღინიშნოს დღეს საქართველოს სარეკლამო ბაზარი არ არის ისეთი მონოპილიზებული, როგორც 2012 წლამდე პერიოდში შეიმჩნეოდა. ასევე, სახელმწიფო უხეშად არ ერევა სარეკლამო ბაზრის მართვაში“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორების თქმით, ოთხი წლის განმავლობაში დაიხურა რამდენიმე მაღალრეიტინგული გადაცემა. ამის მიზეზი, გადაცემის წამყვანების ინფორმაციით, მთავრობას და მედიამფლობელებს შორის გარკვეული გარიგება, მფლობელების პოლიტიკა დასახელდა.

„საანგარიშო პერიოდში დადგინდა, რომ ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანა კვლავ გამოწვევების წინაშე დგას. განსაკუთრებით კერძო ტელეკომპანიებში ჩანს, რომ კვლავაც პრობლემაა ჟურნალისტებისთვის გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება, რაც, თავის მხრივ, დამატებითი მექანიზმია მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით“, - განაცხადა მედიაანალიტიკოსმა ნინო თოფურიძემ.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში მედიაგარემოს შეფასებისთვის საკვანძო საკითხად იქცა ტელეკომპანია „რუთავი 2“-ის მფლობელობის დავა, რამაც არაერთი კითხვა გააჩინა პროცესის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით. საანგარიში პერიოდში ანტიდასავლური მედიასაშუალებების გააქტიურებაზეც არის საუბარი. კვლევის თანახმად, ზოგ შემთხვევაში აღნიშნული მედიასაშუალებები გარკვეულ დაფინანსებას საბიუჯეტო ორგანიზაციებისგან იღებენ. ამასთან, კვლევის თანახმად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა რეგიონული მედია.

„ერთი მხრივ, ცალსახად დაფიქსირდა რეგიონული მედიასაშუალების გააქტიურება, თუმცა, მეორე მხრივ, პრობლემას წარმოადგენდა მათი ადგილობრივ თვითმმართველობისგან მიღებულ შემოსავლებზე დამოკიდებულება“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში.

ავტორი: ნიუპრესი