|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის მიერ დაფინანსებული „არაორგანიზებული“ ფესტივალი და ბავშვებში აკრებილი თანხა

ქუთაისში 26 მაისს გამართული ფოლკლორის ფესტივალი „გაზაფხულის რიტმები“ მერიამ დააფინანსა. მერიის გადაწყვეტილებითვე, შპს „ნატალი N“-ის ორგანიზებით გამართული ფესტივალი 26 მაისის პროგრამაში გაიწერა. ეს არი არის პირველი ღონისძიება და სხვადასხვა სახელწოდებით მათივე ორგანიზებით ფესტივალი მეოთხედ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეები ინდივიდუალურად 40 ლარს იხდიდნენ.  მასში დაახლოებით 30  ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობდა. საშუალოდ, თითო ანსამბლში 30–40 ბავშვი იყო.

ფესტივალის არაორგანიზებულობა და მონაწილეობის საწევრო გახდა მშობლების უკმაყოფილების მიზეზი. მათ კითხვები შეკრებილი თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით გაუჩნდათ. ამის შესახებ მშობლებმა "ნიუპრესთან" ისაუბრეს.

„მესმის, რომ ფესტივალი უნდა ჩატარდეს და ამისთვის თანხაც შეიძლება გავიღოთ, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ფესტივალი, რომელიც მერიის პროგრამაშია და საორგანიზაციო სამუშაობს მერია აფინანსებს, რატომ უჯდება თითო ბავშვს 40 ლარი? რა სამუშაოები შეასრულა ორგანიზაციამ, რომელმაც დაგეგმა ფესტივალი? ღონისძიებაში ჩართული იყო მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ადევნებდნენ თვალს ფესტივალის მსვლელობას, ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ფესტივალი მერიის მიერ იყო დაფინანსებული. მაშინ რაში გაიხარჯა შეკრებილი თანხა, როდესაც ჩვენს ბავშვებს ტრანსპორტირებაც არ ჭირდებოდათ.  ეს ყველაფერი ბევრ კითხვას აჩენს. ასევე მოხდა ფესტივალისთვის ადგილის შეცვლა, რომლის შესახებაც 25 მაისს, საღამოს გავიგეთ. ამის გამო მშობლების ნაწილი ოპერის თეატრის ნაცვლად მესხიშვილის თეატრში მივიდა. როდესაც ფულს კრებ, ორგანიზებაც უნდა მოახდინო. ფესტივალი პირველი საათის მაგივრად, დილით გაიმართა და მშობლებმა ხუმრობით „ხაშის ფესტივალი“ შეარქვეს. შეზღუდული დროით დაგვითმეს დარბაზი, ქორეოგრაფები ე.წ. სვერკის გავლას ითხოვდნენ და ამის დროც არ იყო, ოპერის ადმინისტრაციამ კატეგორიულად მოითხოვა 11:30-წუთზე დარბაზი დაგვეტოვებინა “–განაცხადეს მშობლებმა, რომლებმაც ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს.

თანხის აკრება არ დაადასტურა 23-ე სკოლის ქორეოგრაფიული ანსაბლის ხელმძღვანელმა თემურ  ჩოგოვაძემ. მისი თქმით, თანხა რა აუკრებია. ცეკვის ანსამბლის „ქუთაისი“ წარმომადგენელმა ნათია აბჟანდაძემ ჯერ საუბარი არ ისურვა, მოგვიანებით თვითონ დაგვიკავშირდა და თანხის საჭიროება განმარტა.

„ეს თანხა გვჭირდებოდა, მუსიკოსები რომ დაგვესვა და გვემეცადინებინა ფესტივალზე გასვლამდე, ამიტომ ავკრიბეთ თანხა მშობლებში, ასევე ამ თანხით მოხდა ფორმების დაქირავება და არ მესმის, რა არის აქ გასაკვირი და გასარკვევი“–ამბობს ნათია აბჟანდაძე.

 საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მშობლები, რომელთა განცხადებითაც, ფორმები მშობლებმა თვითონ დაიქირავეს, რისთვისაც დამატებით გაიღეს თანხები.

ფესტივალის ორგანიზატორი ნაილი კიბაბიძე მისი მისამართით გაჩენილ კითხვებს  ფესტივალის მტრებს უკავშირებს და ამბობს, რომ ცდილობენ მისი საქმიანობა დააზარალონ. ნაილი კიბაბიძემ  ჯერ გვითხრა, რომ ფულის აკრების შესახებ არ იცოდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ თანხა, შესაძლოა, ქორეოგრაფებმა აკრიბეს სხვადასხა საკითხის გადასაჭრელად.

„გაზაფხულის რიტმები“, ეს არის საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში. „ნატალი ნ“-ის საფუძველზე შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი და მათ მიერ მოხდა ფესტივალის ორგანიზება. ფესტივალი ჭირდება ქალაქს და ასეთი ჭორები ცუდად მოქმედებს იმიჯზე. მე არ ვიცი, რა თანხა აიკრიბა, შესაძლოა, ქორეოგრაფებმა აკრიბეს. თვითონ განსაზღვრავენ, რაში ჭირდებოდათ თანხა,  ყველას თავისი მუსიკოსი ყავდა და ალბათ, ამისთვის ჭირდებოდათ. ეს არის სხვისი სამზარეულო და სხვის სამზარეულოში ჩახედვა არასწორია. თქვენ ახლა გამომძიებლის როლში გამოდიხართ. ჩემს ფესტივალს ნურავინ შეეხება.  თუ არ მოსწონთ თანხის აკრება, ნუ მივლენ და იქ მივიდნენ,  სადაც ფულს არ კრებენ.  ჩივილი არაა სწორი. ამ ქორეოგრაფებს უამრავი შრომა აქვთ და არ არის ეს სხვისი გასარჩევი“,-განაცადა ნაილი კიბაბიძემ. მისი თქმით, ფესტივალს აქვს ხარჯები, ასევე ყავდათ მოწვეული სტუმრები და ანსამბლები სხვა რაიონებიდან, რომელთა დაბინავება და ფესტივალის დახურვის შემდგომ ბანკეტი ხარჯებთან არის დაკავშირებული. მისივე განცხადებით, ღონისძებას მხარდაჭერას ქუთაისის მერიასთან ერთად იმერეთის გუბერნიაც უცხადებდა, თუმცა ფინანსურ მხარდაჭერას მხოლოდ ქუთაისის მერია უზრუნველყოფს.  კიბაბიძე, აცხადებს, რომ გასულ წელს მერიამ ფესტივალისთვის 12 800 ლარი გამოყო, ასევე მნიშვნელოვანი თანხით დააფინანსა შარშანწინაც.

„შარშან ფესტივალი მერია 12 800 ლარით დააფინანსა, შარშანწინაც თავისთავზე აიღო თანხა, მაგრამ წელს გავითვალისიწინეთ, რომ თანხები არ იყო და მხოლოდ თეატრის იჯარა და აპარატურის დაფინანსება მოვითხოვეთ“,-განაცხადა ნაილი კიბაბიძემ.

ფესტივალი, რომელიც 26 მაისის პროგრამაში ჩაისვა, მესხიშვილის თეატრში უნდა გამართულიყო, მაგრამ ორგანიზატორთა დაგვიანებული შეტყობინების გამო, მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაციამ დარბაზის დათმობა ვერ შეძლო. მიზეზი თეატრში დაგეგმილი საიუბილეო სპექტაკლის ჩვენება იყო. როგორც თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი განმარტავდა, მათთან შეტყობინება იმ დროს შევიდა, როდესაც მათ უკვე დაგეგმილი ქონდათ სპექტაკლ „ბამბაზიის სამოთხის“ საიუბილეო ჩვენება, ამიტომ ფესტივალისათვის 26 მაისს დარბაზს ვერ დათმობდნენ. მისივე ინფორმაციით, ორგანიატორები მათ შეთავაზებას არ დათანხმდნენ და ფესტივალი სხვა დღეს არ გამართეს.

ადგილმონაცველობის გამო ფესტივალი ოპერის თეატრში დაჩქარებულად ჩაინიშნა. მერიის და გუბერნიის თხოვნით, 26 მაისს ოპერამ დარბაზი რამდენიმე საათით დათმო, რის გამოც ფესტივალი დილის 10:00 საათზე დაიწყო.

თეატრის ადმინისტრაციას დარბაზის არ დათმობის გამო ადანაშაულებს  ფესტივალის ორგანიზატორი და აცხადებს, რომ სულხან გოგოლაშვილი არის ცუდი მმართველი, რომელმაც ფესტივალი დააყენა ჩაშლის წინაშე. მან ასევე აღნიშნა, რომ გოგოლაშვილმა არ გაითვალისიწინა, რომ ფესტივალი მერიის პროგრამაში იყო, არჩევანი სპექტაკლის სასარგებლოდ გააკეთა.

„თეატრის დირექტორმა არ დაგვითმო დარბაზი, გვქონდა სიტყვიერი მოლაპარაკება, მაგრამ მოიმიზეზეს ის, რომ განცხადება 15 მაისს შევიტანეთ და თურმე, დაგვიანებული იყო. როდესაც თეატრს ჭირდებოდა, მის გვერდით ვიყავი და მათ რა უფლება ქონდათ 26 მაისის ღონისძიებისთვის დარბაზი არ დაეთმოთ. ეს იყო სულხან გოგოლაშვილის და გიორგი სიხარულიძის გადაწყვეტილება, მათ არ შეცვალეს პროგრამა. მინდა მივმართო მათ, რომ თეატრი მემკვიდრეობით არ მიუღიათ.   ვიდრე სულხან გოგოლაშვილი იქნება დირექტორი, მე თეატრთან არ ვითანამშრომლებ“-განაცხადა ნაილი კიბაბიძემ. მისივე თქმით, ფესტივალი ოპერის თეატრმა შეიფარა და დარბაზი დაუთმო, ამიტომ არ ესმის მშობლების უკმაყოფილება ადგილმონაცვლეობის გამო.

„ფესტივალი ჩატარდა წარმატებით. ოპერამ გამოგვიყო დარბაზი და მადლობა მათ. მშობლებს რა პრობლემა შეექმნათ არ ვიცი, მათთვის რა მნიშვნელობა ქონდათ მესხიშვილის თეატრში მივიდოდნენ, თუ ოპერაში“, - განაცხადა ნაილი კიბაბიძემ.

 

 

ფესტივალი მერიამ წელს 2000 ლარით დააფინანსა, ამაში თეატრის იჯარა და აპარატურა შედიოდა. ჩვენ მოვითხოვეთ ხელშეკრულება, რომელიც თვითმმრთველობასა და „ნატალი ნ“–ს შორის გაფორმდა, როგორც 26 მაისის პროგრამაში ჩასასმელად, ასევე ამ ფესტივალის დასაფინანსებლად, თუმცა ხანგრძლივი მოლოდინის მიუხედავად, მერიამ მხოლოდ თანხის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია და არ მოუწოდებია რაიმე სახის დოკუმენტი, რაც შეთანხმების ოფიციალურობას დაამტკიცებდა. სავარაუდოდ,  მერიამ თანხა ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე გამოყო და დააფინანსა ფესტივალი. რაც შეეხება ფესტივალში მონაწილე ანსამბლების სიას, მისი მოპოვება ვერც მერიაში და ვერც ნაილი კიბაბიძესთან შევძელით, რაც ფესტივალის მისამართით კითხვებს აჩენს. მონაწილეთა სიის არარსებობის გამო დამატებითი ინფორმაციაც ვერ მოვიძიეთ.

ფესტივალის გამართვიდან დაახლოებით ერთ თვეში მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები, რომელზეც მითითებული იყო ქალაქის მერის სახელი, თუმცა დიპლომებს ქალაქის მერის ხელმოწერა არ აქვს და მხოლოდ ნაილი კიბაბიძე აწერს ხელს.

ნაილი კიბაბიძეს გასულ წლებში, ასვეე ქონდა სხვადასხვა სახის ფესტივალი, მათგან ერთი იყო 2015 წელს 31 ოქტომბერს ქუთაისში გამართული ახალგაზრდული ფესტივალი "დროში მოგზაურობა", რომელიც ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და კომპანია „ნატალი-N“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზებულობით ვერც ეს ფესტივალი გამოირჩეოდა, რადგან ფოლკლორულმა ფესტივალმა საზოგადოების დაინტერესება ვერ გამოიწვია, ამასაც ღონისძიების ორგანიზატორი „ცუდ პიარსა“ და უამინდობას აბრალებდა. ასევე აცხადებდა, რომ ხალხს გონება აქვს დაბნეული. ფესტივალი დაგეგმილზე 2 საათით ადრე დასრულდა. მისთვისაც მერიამ 3 000 ლარი გამოყო.

ნაილი კიბაბიძე აცხადებს, რომ ცდილობს ფესტივალი საერთაშორისო გახადოს, მასში ჩართოს იმერეთის, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების ანსამბლები და უცხოური ჯგუფები, ამისთვის ცდილობს ფესტივალის შესახებ ინფორმირება მოახდინოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის შესახებ ადგილობრივმა მედიამაც მხოლოდ მერიის მიერ გამოქვეყნებული 26 მაისის პროგრამით შეიტყო და იქამდე ინფორმირებულობა არ მომხდარა.

(ფოტოები  აღებულია ფესტივალის ფეისბუქ გვერდიდან).

 

ამ თემაზე:

ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალი დაგეგმილზე 2 საათით ადრე დასრულდა (ფოტო)

ფესტივალის ორგანიზატორები დამსწრეთა სიმცირეს უამინდობას აბრალებენ

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა