|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის ეზოში არსებულ ხეებს მოჭრა ემუქრება?

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ჟურნალისტებს ის დოკუმენტაცია წარუდგინა, რომელიც ადასტურებს, რომ მესხიშვილის თეატრის ეზოში ახალი მშენებლობისათვის ქუთაისის მერიას ნებართვა გაცემული აქვს.

გოგი წულაიას თქმით, მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია არასრულია, თუმცა მასში გარკვევით წერია, რომ ეზოში თეატრალური კაფეს მშენებლობის შესახებ ნებართვა გაცემულია.

წულაია კატეგორიულად ეწინააღმდეგება თეატრის ეზოში კაპიტალური მშენებლობის შესაძლებლობას, რაც, მისი თქმით, აუცილებლად შეიწირავს ეზოში არსებულ ხეებს.

მესხიშვილის თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის განცხადებით, თეატრთან შეთანხმების გარეშე ეზოში არავითარი ნაგებობა არ აშენდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ისეთი კონსტრუქციის მშენებლობა მაინც მოხდეს, რომელიც თეატრის ეზოში არსებულ ხეებს არ დააზიანებს.

"მინდა დავამშვიდო ქუთაისის საზოგაგადოება, ბატონი გოგიც, აქ ჩვენთან შეთნხმების გარეშე არაფერი აშენდება. თუ შენობის აშენებას გადაწყვეტს, ვისზედაც ტერიტორია გაცემულია იჯარით, გამორიხულია, ისეთი შენობის აშენება, რომელიც მიუღებელი იქნება თეატრისა და კულტურის სამინისტროსათვის. თავისთავად, როდესაც ადამიანს  ტერიტორია იჯარით აქვს  აღებული, რაღაცას გეგმავს, მაგრამ მას ხელშეკრულების პირობაში უდევს, რომ ყველაფერი ჩვენთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ხეების მოჭრაზე, საერთოდ, ზედმეტია საუბარი,"- განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ ნებართვა მხოლოდ მიწის გამოყენების შესახებაა გაცემული.

"მერიამ მიწის გამოყენების შესახებ გასცა ნებართვა, არქიტექტურული პროექრი არ შემოსულა, საუბარია, რომ მოეწყოს ღია ტიპის კაფე, არც ხე იჭრება, უბრალოდ, დაიდგმება სცენა, სკამები, თუმცა ამის შესახებ ჯერ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა გასცეს ნებართვა, რადგან კულტურული ძეგლის არეალშია", -განაცხადა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა.

შპს კონიკო, რომელიც თეატრის მოიჯარე ფირმაა, თეატრის მიმდებარედ უკვე ფლობს რამდენიმე კაფეს, საიდანაც გარკვეულ სარგებელს თეატრიც იღებს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე