|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის ეზოში კაფეს მშენებლობა იგეგმება?

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, მესხიშვილის თეატრის ეზოში მშენებლობა იგეგმება.

როგორც გოგი წულაიამ  "ნიუპრესს" განუცხადა, ჯერჯერობით ზუსტად არ იცის,  რისი აშენება იგეგმება, თუმცა, თვლის,  რომ  სავარაუდოდ, კაფე აშენდება.  წულაია ირწმუნება, რომ მერმა პირველადი სამუშაოების ნებართვა უკვე გასცა და ოფიციალურ ინფორმაციას თავადაც ელოდება მერიისგან.

"ვიცი, რომ მერიამ პირველადი სამუშაოების ნებართვა გასცა, გამოვითხოვე ინფორმაცია და ველოდები პასუხს. ამ დროისთვის ის ვიცი, რომ იგეგმება მშენებლობა",-განაცხადა წულაიამ. მისი თქმით, სავარაუდოდ, მშენებლობას თეატრის  ეზოში არსებული მრავალწლოვანი ხეები შეეწირება.

თეატრის ეზოში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ფლობენ მესხიშვილის თეატრში. თეატრის ადმინისტრატორის ზეკო ხაჩიძის განცხადებით, თეატრის ეზოში არანაირი მშენებლობა არ იგეგმება.

მშენებლობის შესახებ ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ ქუთაისის მერიაში. თეატრი კულტურის სამინისტროს ბალანსზეა და დაფინანსებასაც სამინისიტროსგან იღებს.

 როგორც ცნობილია, თეატრის ეზოს ნაწილი 2012 წელს შპს "კონიკოს" იჯარით გადაეცა. მას ადგილზე 15 წლიანი იჯარა აქვს აღებული, რაც შესაძლებლობას აძლევს ტერიტორია სურვილისამებრ გამოიყენოს.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი