|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტისათვის 7 კანდიდატი იბრძოლებს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატროს სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში 7 კანდიდატურა აპირებს მონაწილეობას. 
 
როგორც  მესხიშვილის  თეატრში Newpress -ს განუცხადეს,  მესხიშვილის თეატრიდან ამ პოსტისათვის ბრძოლას 2 კანდიდატი აპირებს, სხვა კანდიდატთა ვინაობა კი მათთვის უცნობია. 
 
 "მესხიშვილის თეატრიდან სამხატვრო ხელმძღანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ, ასევე თეატრის მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა.  სხვა კანდიდატების ვინაობა ჩვენთვის უცნობია, ასევე უცნობია ვადები. რაც შეეხება მოქმედ სამხატვრო ხელმძღვანელს,  იანვრიდან 3 თვის ვადით ამ პოსტზე დანიშნულია  სულხან გოგოლაშვილი", - განაცხადეს მესხიშვილის თეატრში. 
 
 
 
ცნობიისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს გაუვიდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი  13 თეატრში გამოაცხადა.
  
მინისტრის გადაწყვეტილებით, უკონკურსოდ დაინიშნა ოთხი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა და გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ავთანდილ ვარსიმაშვილი.
 

ავტორი: ნიუპრესი