|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე რაუნდი იწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა უჩნდება. უწყების განმარტებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, გაიაროს კონსულტაცია და მარტივად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში.

ინფორმაციის მოძიების მიზნით რეგიონულ მოსახლეობას აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეეძლება ისარგებლოს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით, ან მიმართოს ცენტრის ოპერატორებს კონკრეტული, მათთვის საინტერესო კითხვებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ახალი მომსახურების დანერგვა ხდება უშუალოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე რაუნდის წინ, რომელიც 2016 წლის 15 თებერვლიდან დაიწყება. შესაბამისად, რეგიონების მოსახლეობა უფრო მეტად იქნება ინფორმირებული ბიზნეს იდეების კონკურსთან დაკავშირებით და ადგილზე შეძლებს კონსულტაციის მიღებას.

15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მეორე რაუნდი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც პირველი რაუნდის მსგავსად ბიზნეს იდეების მიღება განხორციელდება და გაგრძელდება მარტის თვის ბოლომდე. აღნიშნული პროგრამის მეორე რაუნდში დაგეგმილია დაფინანსდეს მინიმუმ 1500 ბენეფიციარი და გადამზადდეს 3000-მდე ბენეფიციარი. რაც შეეხება პირველი რაუნდის შედეგებს, მოცემული ეტაპისთვის დაფინანსებულია 1620 ბენეფიციარი, ამასთანავე, ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა. ასევე გაფორმებულია 218 ხელშეკრულება, რომლებიც დაფინანსდებიან უახლოეს მომავალში, რადგან პროექტში ჩართვისას ბენეფიციარი ხარჯავს საკუთარი თანამონაწილეობის თანხას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან.

საერთო ჯამში, პირველი რაუნდის შედეგად დაფინანსდება 1770-მდე ბენეფიციარი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი